"ვცდილობ, თამაშის დროს მეტი არ მომივიდეს..." პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" სავსეა სხვადასხვა ხასიათის პერსონაჟით, რომლებიც მაყურებელს პირველი გამოჩენისთანავე ამახსოვრებენ თავს. ამჯერად სერიალის ყველაზე ექსცენტრიკულ ქალბატონზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას - პრეზიდენტის მეგობარ, მომღერალ ნაილა ხუნწარიაზე, რომელსაც მსახიობი ნინო ლეჟავა ასახიერებს. ეს ქალბატონი სერიალში ადრეც გამოჩენილა, მაგრამ ახლა მისმა პერსონაჟმა წინა პლანზე წამოიწია.
ნინოს სწორედ მაშინ შევხვდით, როდესაც ვახო ოქრუაშვილთან, იგივე ნუგოსთან ერთად, გადასაღები მოედნის ერთ-ერთი ლოკაციისკენ მიემართებოდა. ისინი ბოლო დროს უშუალო პარტნიორები გახდნენ.
- რას იტყვი არაპროფესიონალ მსახიობ ვახო ოქრუაშვილზე, რომელიც ნუგოს როლს ასრულებს და ბოლო დროს შენი უშუალო პარტნიორი გახდა. როგორი პარტნიორია?
- არაპროფესიონალი მსახიობია ქეთი ხუციშვილიც, იგივე ლუნა ნუგოს მეუღლე - ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ სერიალის ნაწილები არიან და ძალიან შეერწყნენ "ჩცდ"-ს. მართლა გადასარევი პარტნიორები არიან და ბევრ დიპლომიან მსახიობზე უფრო ნიჭიერები. პრაქტიკამ კიდევ მეტი შეიძლება შეგძინოს და არა მხოლოდ სწავლამ. თუ არ შეისისხლხორცე, რასაც გასწავლიან, გაითავისე, არაფერი გამოვა. ასევე საჭიროა, ღვთისგან ბოძებული ნიჭი, რომელიც სწავლასთან და პრაქტიკასთან ერთად უნდა გქონდეს. ისინი ღვთისგან ბოძებულ ნიჭს ჭკუა-გონებას საკუთარ განათლებას აყოლებენ. რაც მთავარია, საქმეში დიდ სიყვარულს დებენ. თუ არ გიყვარს ის, რასაც აკეთებ, მალევე მოგბეზრდება, დაიღლები.
- თუმცა ნაილა მთლად კარგ საქმეს ვერ აკეთებს, მგონი, ნუგოს ოჯახს უნგრევს. რას გვეტყვი ამაზე?
- ჩემს გმირს კი არ ვიცავ, მაგრამ ხომ არსებობენ ასეთი ქალებიც? მესამე როგორ დაგინგრევს, თუ მყარია მამაკაცის პოზიცია და მეუღლესთან კარგად გრძნობს თავს? სერიალში როგორც კი გამოჩნდა, ეს ორი ადამიანი _ ლუნა და ნუგო, ვუყურებდი, მათ შორის სიცივე, შეუთანხმებლობა, ჩხუბი, დამცირება იყო სულ. ოჯახის უფროსად ნუგო არ გამოჩენილა, ქალს მიჰყავს სადავეები. მერე ვიღაც სხვა ქალისგან მოფერება, სითბო იგრძნო და რასაკვირველია, იქით გადაჩოჩდა. ცხოვრებაში ასე ხშირად ხდება.
როგორ ზრდის მსახიობი ნინო ლეჟავა ოთხ ბიჭს
მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ქალებს ვერ ვიტან, რომლებსაც შეუძლიათ, ცოლიან კაცს სხვა კუთხით შეხედონ. არ მომწონს ნამდვილად და არ ვეთანხმები, მაგრამ არასოდეს ვთქვათ, არასდროს, _ ესეც ხომ არის?! ამ შემთხვევაში, ნაილას ცხოვრებაში არც ერთხელ არ გაუმართლა, სულიერად ტრავმირებული ადამიანია, ოღონდ, ხელიდან ხელში არასდროს გადასულა, საყვარელები არ ჰყოლია, სულ ქმრები ჰყავდა და მუდმივად ბედნიერების ძიებაში იყო და არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იქნება და საეროდ მოდის ეს კაცი იმ ქალისგან, ან პირიქით? ვიმეორებ, არც ერთი კაცი არ დაანგრევს ოჯახს, თუ თვითონაც არ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამ ნაბიჯის გადადგმა თავად არ უნდა! მიუხედავად იმისა, რომ ამაში ქალები დიდ როლს თამაშობენ.
- როგორ გაფასებს რეჟისორი მეუღლე - გოგა ქაჩიბაია?
- გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანია, ზედმეტად გადახარხარებაც არ იცის ხოლმე, კარგად რომ გაიღიმებს, მეტყვის, რომ გადამეტებული არ არის, ზომიერება დაცულია და ვმშვიდდები. თუმცა, ამ ჟანრის როლი იმის საშუალებას გაძლევს, ზედმეტებში გადავიდეს, ამიტომ, სულ ვაკონტროლებ და ვაკონტროლებ. ტელეკამერა ძალიან ფაქიზი რამაა, ვცდილობ, თამაშის დროს მეტი არ მომივიდეს. იხილეთ სრულად