"ანჟელიკა ჩემს გარდაცვლილ დას ჰგავს... შვილებთან საოცარი ურთიერთობა მაქვს..." ცნობილ მუსიკოსს საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება აქვს და საუბრობს კიდეც ხშირად ამაზე. დათო 4 შვილის მამაა.
პირველი ქალიშვილი, ანჟელიკა ფრანგი ქალბატონისგან ჰყავს, რომელიც მოსკოვში, კონსერვატორიაში სწავლისას შეუყვარდა. ანჟელიკა საფრანგეთშია დაქორწინებული და ოთხი შვილი ჰყავს.
"ანჟელიკა ფრანგია, პარიზელი. დედამისი მოსკოვში გავიცანი. ქორწინებაში არ ვყოფილვართ, ისე გააჩინა და წლი-ნახევრის იყო ანჟელიკა, საფრანგეთში რომ წავიდნენ, - ყვება დათო ერთ-ერთ ინტერვიუში, - პარიზში რომ ჩავიდნენ, ანჟელიკას დედა მალევე გათხოვდა. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს რთული იყო საფრანგეთში წასვლა. მეც, რა გზებს არ ვპოულობდი, რომ იქ ჩავსულიყავი... პირველად რომ ჩავედი, ანჟელიკა უკვე სამი წლის იყო და დედამისმა მთხოვა: ნუ ეტყვი, რომ მამა შენ ხარ. მინდა, იცოდეს, რომ მამამისი ჩემი ქმარიაო. მეც შევუნახე ეს საიდუმლო. მათთან რომ ჩავდიოდი სტუმრად, ეგონა, ოჯახის მეგობარი ვიყავი. რვა წლამდე ვინახავდი ამ საიდუმლოს. ერთხელაც პარიზში კონცერტი მქონდა „შანზელიზეს“ თეატრში და ბებიამისმა მოიყვანა. კონცერტი რომ დამთავრდა, მოვიდა და მკითხა, შენ მამაჩემი ხარო? ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი კი-მეთქი და ჩავეხუტე. როცა გაიგო, სრულიად სხვა დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. მერე სკოლა მიატოვა და ათიდან თორმეტ წლამდე აქ, საქართველოში იყო. გენეტიკური ევგენიძეა, ნამდვილი ქართველი. ისე მოსწონდა ქართული ოჯახები, რომ მიდიოდა, გვითხრა, მე აუცილებლად გავთხოვდები და ბევრ შვილს გავაჩენო. მართლაც შეასრულა ეს ნათქვამი. ვინც სკოლაში შეუყვარდა, მას გაჰყვა ცოლად და იმასთან არის დღემდე... ანჟელიკა მე ძალიან მგავს თვალებით. ჩემს დას ჰგავს ქერა თმით, რომელიც 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაც ჩემი და გარდაიცვალა, მას მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა – საერთოდ მე შევიცვალე უკეთესობისკენ, შემოქმედებითადაც ბევრად უფრო მომემატა სიღრმე. თავისი წასვლით, საჩუქარი გამიკეთა ჩემმა დამ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ის ჩემი ანგელოზია. ისეთი დათო ევგენიძე, როგორიც დღეს ვარ, ჩემი დის ნაჩუქარია..."
საქართველოში მუსიკოსი დაქორწინდა ნინა კალანდაძეზე, რომელიც ქართული კინოს ულამაზესი სახის - კირა ანდრონიკაშვილის ქალიშვილი გახლავთ. ნინამ დათოს ორი შვილი გაუჩინა - ლუკა, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისთვის, და ლიკა.
ლიკა ტელეწამყვანი და მოდელია. რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის ნათესავზე იყო დაქორწინებული, ნიკა ალასანიაზე. მასთან ლიკას ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მათი ოჯახი დაინგრა და ლიკა მუსიკოს ნიკა კოჩაროვზეა გამიჯნურებული.
რაც შეეხება დათო ევგენიძეს, ის ნინა კალანდაძესთან დაშორების შემდეგ კიდევ დაქორწინდა - ნინო ჟვანიაზე, რომელმაც ნიკოლოზი გაუჩინა.
"პირველად 26 წლისამ ვიქორწინე ნინა კალანდაძეზე. მერე დაიბადა ლიკა, შემდეგ - ლუკა. ნინა ხელოვნებათმცოდნეა, ახლა მშვენიერი ოჯახი აქვს. ჩვენი ორი საერთო შვილის გარდა, კიდევ ორი არაჩვეულებრივი გოგო ჰყავს. მიხარია, რომ ბედნიერია.
შემდეგში ჩემს ცხოვრებაში ნინო ჟვანია გამოჩნდა და დარჩა სამუდამოდ. პატარა იყო, როდესაც ნათესავის ოჯახში გავიცანი. ვიცოდი მისი ტკივილი, რომ ბებია და ბაბუა დაუხვრიტეს აფხაზეთში. ყოველთვის მომწონდა და თვალყურს ვადევნებდი. ჩვენ 13 წლის წინ დავქორწინდით. პირველ მეუღლეზე 9 წლით, ნინოზე კი 17 წლით უფროსი ვარ".
მუსიკოსი ამჟამად ნინოსა და ნიკოლოზთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ ოთხივე შვილსა და შვილიშვილთან აქტიური ურთიერთობა აქვს.
"ჩვეულებრივ ვახერხებდი შვილებთან ურთიერთობას, - ამბობს დათო, - ჩემი შვილები სულ დამყავდა კანარის კუნძულებზე, საბერძნეთში, საფრანგეთში... სულ სხვა ცხოვრება ჰქონდათ. თვეობით კანარის კუძულებზე ვმუშაობდი. კონცერტები მქონდა, კლუბში ვუკრავდი და ლექციებს ვკითხულობდი კვირაში ორჯერ სანტაკრუზში. დანარჩენ დროს ვერთობოდით. დამყავდა აკვაპარკებში, რაც მაშინ არავინ იცოდა, რა იყო. ერთხელ კი არა, ბევრჯერ იყვნენ. დედაჩემიც წავიყვანე. 3-4 წლის იყვნენ ლიკა და ლუკა, ატლანტის ოკეანეში, კანარის კუნძულებზე ისწავლეს ცურვა. ყველაფერს პირდაპირ ვასწავლიდი – უცებ წყალში გადავაგდებდი, მოულოდნელად დავაყენებდი თხილამურებზე. ერთ დღეს მე და ჩემს მეუღლეს გვეძინა და ლიკა იყო აუზთან. ჯერ ცურვა არ ჰქონდა ნასწავლი. უცებ წყალში ჩავარდნილა და მესმის ლუკას ყვირილი – ლიკა, ლიკა!.. გამეღვიძა და რომ გავიხედე, უცებ ვიღაც კაცსაც გაუგონია ეს ყვირილი და მეორე სართულიდან გადახტა, ამოიყვანა. ასე გადაარჩინა ლუკამ ლიკა.
თვისებებით ყველა შვილი სხვადასხვანაირია. პირადად მე როგორიც ვიყავი ათი წლის ასაკში, ისეთივე ვარ. ხასიათი საერთოდ არ შემცვლია – ახლაც ბავშვი მგონია თავი... ისინი კი ყველა განსხვავებულია ერთმანეთისგან. ჩემი ყველა სხვადასხვა თვისება თითოეულ მათგანშია გაფანტული. რაღაცა ერთს აქვს, რაღაც – მეორეს. ლიკა მგავს იმით, რომ ძალიან შემოქმედებითია, ხელოვნების მოყვარული. ვერ ჩერდება, სულ რაღაც უნდა აკეთოს. კარგად ხატავს, ლექსებს წერს. ლიკასთვის სიმღერა უნდა დამეწერა და ნერვიულობდა, როდის მოასწრებ დაწერას, ორ კვირაში მივდივარ ამერიკაშიო. წუხელ მთელი ღამე გავათენე და დავუწერე. ყველა მუსიკალურია. ლიკამ ადრეულ ასაკში დაანება თავი მუსიკაზე სიარულს, ასევე, ლუკამაც. ლუკა ძალიან პატარა, 13– 14 წლის იყო, საოცარ კლიპებს რომ აკეთებდა. არ სჯეროდათ, რომ მისი გაკეთებული იყო. ანჟელიკაც მუსიკალურია... აი, ნიკოლოზი, სერიოზულად დადის და დიდი ნიჭი აქვს. ვინც შეიძლება, რომ მუსიკოსი გახდეს, ეს ნიკოლოზია". იხილეთ ოჯახური, დათოს ახალგაზრდობის და მეუღლეების ფოტოები