"ამ ასაკში ვეღარ გამოვსწორდები... მსახიობ ნინო ლეჟავას მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილეზე, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ჯილდო გადაეცა. "ეს არის დაფასება. უღრმესი მადლობა დიმა ხვთისიაშვილს და ქორეოგრაფ გია მარღანიას, რომ მომცეს საშუალება, თავი ქორეოდრამაში მომესინჯა", - ამბობს მსახიობი. გააქტიურდა მისი პერსონაჟი "ჩემი ცოლის დაქალებში", ნაილა "პრეზიდენტის" დაქალია. ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში, რისი ეშინია, რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში და რა დროს მიდის რისკზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...- ...1974 წლის 10 იანვარი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. ადრეული ასაკიდან ეს სურვილი მქონდა. პროფესიული არჩევანის გამო არასდროს მინანია. ამ ქვეყანაში ზოგიერთი პროფესია (მათ შორის, მსახიობობაც) იმდენად დაუფასებელია, რამდენჯერმე გულდაწყვეტით მითქვამს, ხომ არ აჯობებდა, სხვა პროფესია ამერჩია, ღმერთმა ეს საქმე ასე ძალიან რატომ შემაყვარა-მეთქი? მეორე წუთში, ვინმემ არჩევანის წინაშე რომ დამაყენოს და არტისტობის სანაცვლოდ, ჩემთვის უინტერესო სამსახური, მაღალი ანაზღაურებით შემომთავაზოს, ისევ მსახიობობას ავირჩევ.
- ჩემზე ამბობენ...
- ...დღე-ღამეში 24 საათია, როგორ ახერხებ ამდენი საქმე აკეთო, ყველაფერს როგორ ასწრებო? მეუღლე და 4 შვილი მყავს, შინ ყველაფერი დალაგებული მაქვს, სადილი მომზადებული. დიდ დროს მოითხოვს თეატრი, რეპეტიციები, გადაღებები...
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს უსაყვარლესი შვილები, ძალიან კარგი ოჯახი და პროფესიაში რეალიზების საშუალება მაქვს. ბევრი ნიჭიერი ადამიანი დადის ქუჩაში, რომელსაც არ აქვს ასპარეზი, რათა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს. ზოგადად, მადლიერი ადამიანი ვარ, ვაფასებ იმ ყველაფერს, რაც მაქვს. სხვა საკითხია, რა მინდა მქონდეს, მაგრამ რაც მაქვს, მაბედნიერებს.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
...შრომისმოყვარეობა და პროფესიის დიდი სიყვარულია.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ასეთი ბევრია, ამ ასაკში ვეღარ გამოვსწორდები.
- არ მჩვევია...
- ...უპასუხისმგებლობა. მნიშვნელობა არ აქვს, რას ვაკეთებ. რასაც დავიწყებ, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო პირველი ფილმი 18 წლის ასაკში - "თბილისი ჩემი სახლია", რომელშიც "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" "ოქროს არწივი" გადმომეცა. ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჯილდო პირველი შვილი იყო, პროფესიაში - ეს ფილმი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ჩემს პედაგოგს, ლილი იოსელიანს და გულსუნდა სიხარულიძეს, რომელთანაც საკურსო სპექტაკლზე ვიმუშავე. რაც ვიცი და რაც არ ვიცი, ამ ორი ქალბატონის ბრალია.
- ვნანობ...- ...როცა მშობლებს ვკარგავთ, გვაქვს განცდა, რამე ხომ არ დავაკელი? ვნანობ, რომ სათანადოდ ვერ გამოვხატე ის დიდი სიყვარული, რომელსაც შინაგანად ვგრძნობდი. არ არის სირცხვილი მშობელს სიყვარული ზედმეტადაც კი უხსნა. ჩვენ არ ვიცით, ხვალ და ზეგ რა ხდება.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...
- ...ხდება ძალიან დიდი მოთმინების შემდეგ. თვალზე ლიბრი თუ გადამეკრა, 10 კაცი ვერ გამაკავებს.
- ამ წუთში ძალიან მინდა...
- ...ისეთ როლზე ვმუშაობდე, რომლითაც ადამიანებს რაღაცას შევმატებ. როცა პირველ ფილმში მეძავის როლი შევასრულე. ხაშურში ასეთი რამ მიამბეს: ერთი ქალბატონი მეუღლეს დაშორებია, შვილი მიუტოვებია და მეძავი გამხდარა. ამ ფილმის ნახვის შემდეგ, გზას აცდენილ გოგოს მიუღია გადაწყვეტილება, რომ აღარასდროს დაშორებოდა შვილს. ხელი მიჰყო პატიოსან ცხოვრებას - აი, ეს ამბავი იყო ჩემი მთავარი ჯილდო.
- სიყვარული ეს...
- ...სათქმელად და გადმოსაცემად რთული ასახსნელია, რადგან შეგრძნებების გადმოცემა მარტივად არ ხდება. სიყვარული არის ურთიერთობა, გაგება, თანამოაზრეობა, ერთგულება და - არასდროს ტყუილი. სიყვარული ამოუცნობი ფენომენია, ამ დროს რა ქიმია ხდება, ძნელია ილაპარაკო. ამ სიტყვას იმდენად ვუფრთხილდები, ოჯახის წევრებთანაც იშვიათად ვამბობ, არ მინდა გაცვდეს. სიყვარულს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩემი დამოკიდებულებით გამოვხატავ.
განაგრძეთ კითხვა