"51-ე სკოლის დირექტორმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმაც უნდა აგონ პასუხი..."
„შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი. სისტემა დამეჯახა მე, ამ სისტემას მე ქართველი ხალხის გვერდით დგომით დავაგნგრევ. ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით... გთხოვთ, მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდით! შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ დღეს, მას მერე, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გაცხადდა.
მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უშუალოდ დავით სარალიძის მკვლელი არ გამოვლენილა.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.
ნახეთ ვიდეო, როგორ ისჯებიან საქართველოში არასრულწლოვნები
როგორ სჯის ქართული სასამართლო არასრულწლოვნებს
ფაქტს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. გთავაზობთ რამდენიმე სტატუსს:
ნინო ვეკუა: "დღევანდელი პროცესის შემდეგ, ისღა დაგვრჩენია, მადლობა გადავუხადოთ სასამართლოს, რომ სარალიძე და დადუნაშვილი თვითმკვლელებად ან ერთმანეთის მკვლელებად არ გამოაცხადა!.. ღია მკვლელობა, ათობით ჭრილობა, ამდენივე თვითმხილველი, მოტივი, იარაღი.. დანაშაული დამნაშავის გარეშე! გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - მკვლელების გარეშე! ეს სისტემა უნდა დაინგრეს! ეს სისტემა ჩვენს შვილებს კლავს! დავიცვათ ჩვენი შვილების სიცოცხლე! ნუ მომკლავ!"
სალომე გოგოხია: "51-ე სკოლის დირექტორმა, მასწავლებლებმა და მანდატურებმაც უნდა აგონ პასუხი და იმ თანამდებობიდან დიდი ხნის წინ უნდა ჩამოეცილებინათ!!! მაგ დირექტორის ადგილი ციხეშია, როცა მის ცხვირწინ ხდებოდა ბულინგი და არაფერი გააკეთა ამისთვის. და მათი სამაგალითო დასჯა უნდა იყოს გაკვეთილი ყველა მასწავლებლისთვის და დირექტორისთვის, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ სხვისი შვილების სიცოცხლეს, მარტო ხელფასისთვის არ უნდა იარო სამსახურში!!!!!"
ნინო თარხნიშვილი: "ცოტათი სინათლის შესატანად. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით გამოვლინდა, რომ გამოძიება არასწორად წარიმართა და დამნაშავეები ისევ უნდა ეძებონ, როგორც ამას მთელი ხნის განმავლობაში ითხოვდა მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე."
ნენე კვინიკაძე: "რამდენ ახალ დაპირისპირებას და შუღლს ჩაუყრის საფუძველს ეს უგუნურება! რა ხდება? არ მოუკლავთ ის ბავშვები? შავმა ჭირმა მოკლა? ჩვენი რეალობა ყველა დროის ყველაზე მძიმე პიესების ფაბულებს გაცდა."
თეა სიჭინავა: "ამ საზარელ დანაშაულს შეეწირა ორი მოზარდი. ამ საქმეზე ველით სამართლიანი სასამართლოს განაჩენს, გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. გვყავს მოკლული და დასაჯეთ მკვლელები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი!"
ნათია ქურდიანი: "ღამე როგორ გძინავთ ამ კაცის ცოდვით, გირგვლიანის გაგრძელებას ვუყურებთ დღეს..."