"ჩემს კოლეგებს კომერციის და ფულის გაკეთების გარდა აღარაფერი აინტერესებთ" ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მშობიარის, ნათია ჩაგანავას გარდაცვალებამ საზოგადოება შეძრა. ნათიას საკეისრო კვეთა სპინალური გაუტკივარებით ჩაუტარდა და რამდენიმე საათში კომაში ჩავარდა. ოჯახი დღემდე ეიმებს ადანაშაულებს, თუმცა სანამ გამოძიება ყველაფერს გააარკვევს, კიდევ ერთხელ გვინდა საკეისროსა და სპინალური გაუტკივარების თემას შევეხოთ.
აკადემიკოსი, რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე მშობარობის სხვადასხვა მეთოდზე გვესაუბრა...
- ბატონო არჩილ, დღეს უფრო და უფრო მეტი ქალი ირჩევს საკეისრო კვეთას. თუ შეიძლება განუმარტეთ, კონკრეტულად რა რისკის წინაშე აყენებს მომავალ დედას ეს ოპერაცია?
- ეგ ტენდენცია სრული დაუდევრობაა! ფაქტია, ქალები სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო, სულ უფრო ხშირად ითხოვენ ქირურგებისგან, რომ საკეისრო გაუკეთონ. ფულს აყოლილი ჩემი კოლეგებიც დანაშაულს სჩადიან და სურვილისამებრ უკეთებენ! ქალმა უნდა იმშობიაროს! ეს მისი ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია და ბავშვისთვისაც! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკეისრო არის მუცლის ღრუს ოპერაცია და წარმოვიდგინოთ, ამხელა ტრავმა თუ უნდა ქალს რაღაც ახირების გამო?! სისულელეა და არ უნდა გაკეთდეს! არსაიდან გამართლება არ აქვს! ფულის მახეა და კომერციალიზაციის გამოვლინება! საკეისრო ჭრილობის შეხორცების დროს ჩნდება ბევრი პრობლემა, ნაწლავების ტკივილი ახასიათებს.
- ყველაზე ხშირად რაში ცდებიან მშობიარეები, როცა საკეისროს ირჩევენ. მათ ეს უფრო კომფორტული ჰგონიათ, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა. ეს მართლაც ასეა?
- არ არის ეგრე და ეგ ბარბაროსული მიდგომაა! როგორ შეიძლება, უფრო მეტად კომფორტული იყოს მუცლის ღრუს გაჭრა?! იმ წუთში ტკივილი არ არის, რადგან ნარკოზია გაკეთებული, მაგრამ ეგრე ტყუილად თუ ნარკოზი მიეცი ყველაფერზე პაციენტს და მუცელი გაუფატრე, რა გამოვა?! მერე უამრავ პრობლემას იწვევს და ამაზე ხომ უნდა იყოს ვინმე პასუხისმგებელი!
- არის რამე ისეთი, რაც გინეკოლოგებს გინდათ, რომ ყველა მშობიარემ გააცნობიეროს, რას ურჩევდით მათ?
- რთული საითხია, რადგან ბევრი საკითხია გასათვალისწინებელი, ქალმა რომ მშობიარობას მოუაროს! ყველაფერს გონიერად უნდა მიუდგეს მისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე! უმთავრესი რჩევაა, რომ სისულელე და დანაშაულია, როდესაც ქალი სურვილის გამო ირჩევს საკეისროს!
იხილეთ ვიდეო
Video ქალის ცეკვა მშობიარობის წინ - ვიდეო, რომელიც 11 მილიონმა ადამიანმა ნახა
- საკეისროების უმრავლესობა და ძალიან ხშირად ფიოზიოლოგიური მშობიარობაც სპინალური გაუტკივარებით ტარდება. აღგვიწერეთ, რა ხდება ამ პროცედურის დროს, როდის კეთდება, საერთოდ აქრობს თუ არა ყველანაირ ტკივილს და რა შეგრძნებებს იწვევს?
- სპინალური ანესთეზია გაუტკივარების ერთ-ერთი მეთოდია, მას თავისი ჩვენებები აქვს და როცა საჭიროა, მაშინ კეთდება! არ არის ცუდი მეთოდი! კერძოდ გამოიხატება იმაში, რომ საანესთეზიო საშუალება გამოცდილ ანესთეზიოლოგს ნევროლოგიური მომზადებით ზურგის ტვინში შეჰყავს. ითიშება მგრძნობელობა და შესაბამისად, თუ საკეისროს დროს არის გაკეთებული, საკეისრო მტკივნეული აღარ არის. ეს გაუტკივარების ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ არსებობს ბევრად უკეთესი საშუალებებიც: გაუტკივარება საშვილოსნოს ყელის მოსამწიფებელი საშუალებებით. თითქმის სრულ გაუტკივარებას იწვევს მშობიარობისას და ზურგის ტვინში შეძრომა არ ჭირდება პაციენტს... ეს მედიკამენტები დარეგისტრირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო ქალბატონებისთვის! ქალებმა უნდა გაიგონ და შეიგნონ, რომ საუკეთესო მეთოდია! არ არიან ინფორმირებული და ჩემი კოლეგა არაკეთილსინდისიერი ექიმები ინფორმაციას მალავენ, რადგან სხვა მეთოდებით მშობიარობა რეკორდულად ბევრად ძვირი ჯდება!
Video საკეისრო პაციენტის თვალწინ - ახალი ტრენდი სამეანო პრაქტიკაში
- სრულიად უსაფრთხოა?
- ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სპინალური გაუტკივარება! აღარ ვლაპარაკობ საერთო ნარკოზზე! როგორც მოგახსენეთ, საქართველოში ჯერ მასობრივად არ კეთდება, რადგან ჯანმრთელი ინფორმაციის არარსებობაა! ჩემს კოლეგებს კომერციის და ფულის გაკეთების გარდა აღარაფერი აინტერესებთ! ჩვენს პაცენტებს ვაწვდით ინფორმაციას და მშობიარობისას ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს! სულ ორი აბი სჭირდება ალბათ მშობიარობისას გაუტკივარებას და დაახლოებით 50 ლარი ღირს... უსინდისობაა, ამის შესახებ რომ ქალბატონებს არ ეუბნებიან! მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაახლოებით 50 წელია დაშვებული და გამოიყენება.
- სპინალურ გაუტკივარებასთან დაკავშირებით რა რისკები არსებობს, რაზეც მშობიარეებს ხშირად წარმოდგენაც არა აქვთ?
- ზურგის ტვინი ნერვული სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური შემადგენელი ნაწილია და შპრიცით რომ შეჰყავთ საანესთეზიო საშუალება, ოდნვ უხერხულმა მოძრაობამაც კი შეიძლება ზურგის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს. ეს კი ძალიან დიდ გართულებებს იწვევს! საშიშროება დიდია, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ანესთეზიოლოგიის ტექნიკაზე! საბედნიეროდ, საქართველოში იშვიათად მსმენია გართულებული შემთხვევები. თუმცა ხდება და არა მხოლოდ საქართველოში!
- იქნებ გაიხსენოთ რომელიმე კონკრეტული შემთხვევა, რომელიც შეიძლება სხვისთვისაც გასათვალისწინებელი იყოს.
- ქალბატონებს ხშირად ეუბნებიან ექიმები, რომ წინა მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა იყო, მომდევნოც აუცილებლად ისევე უნდა ჩატარდეს! ეს სრული აბსურდია! თანამედროვე პირობებში შეიძლება ერთხელ და ორჯერ საკეისრო გაკეთებულმა ქალებმა ფიზიოლოგიურად მშვენივრად იმშობიარონ! მთავარია კარგი, გამოცდილი და ნამუსიანი მეანი შეხვდეთ და ქალებს არავითარი საფრთხე არ დაემუქრებათ!
- ვისთვის არ შეიძლება სპინალური ანესთეზიის გაკეთება, როდის ეუბნებიან მშობიარეებს ამაზე უარს?
- როცა საერთო საშუალების მიმართ არის აუტანლობა. ეს უფრო მეტად ალერგიულ პაციენტებში ხდება. კიდევ როცა დაზიანებაა, ან სიმახინჯე ხერხემლის, სადაც ზურგის ტვინი გადის.
მანანა გაბრიჭიძე