„ბევრი რამე მე დამბრალდა... ნეგატიური ტალღა მოდიოდა ჩემს მიმართ“
სოფო ტოროშელიძე საზოგადოების დიდ ნაწილს „ვარსკვლავების აკადემიიდან“ ახსოვს. მას შემდეგ სოფომ საკმაოდ გრძელი და მრავალმხრივი გზა განვლო, „ევროვიზიაზე“ წარადგინა საქართველო, იყო მუსიკალური მეგაშოუს ჟიურის წევრი, დააარსა საკუთარი სტუდია და ახლა უკვე „იქს ფაქტორის“ მუსიკალური ხელმძღვანელიცაა. ამდენ საქმესთან ერთად, სოფოს პირადი ცხოვრებაც არ დაუტოვებია „უყურადღებოდ“ - დაქორწინდა დიმიტრი კვინტრაძეზე და წყვილს უკევ სამი წლის ვაჟიც ჰყავს. სოფოს კარიერასა და ოჯახზე ვესაუბრეთ.
- მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ძალიან პატარა ასაკიდან შემოვიდა, თუკი სადმე რაიმე სახის მუსიკალური წრე არსებობდა, თითქმის ყველგან დავდიოდი, აღარაფერს ვამბობ „ბასტი-ბუბუზე“, რომელიც ჩემი სახლია, ნიჭიერთა ათწლედზე და ა.შ... ყველგან ვიყავი მოდებული და დღევანდელი გადმოსახედიდან, საყვედურსაც გამოვთქვამ ხოლმე, მუსიკაზე ამდენ ტარებას, სხვა ისეთ რამეზე გეტარებინეთ, რაც მაინტერსებდა-თქო, მაგრამ ასე მოხდა. შემდეგ იყო მუსიკალური პროექტი „ვარსკვლავების აკადემია“, რომელიც ყველას გახსოვთ, შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დამთავრდა, დღემდე მიჭირს იმ პერიოდის გახსენება, არც კი ვიცით, როგორ გადავრჩით... თუ კონკურსების გზას გავყვებით, ამის შემდეგ უკვე „ევროვიზიაში“ მივიღე მონაწილეობას, სადაც საკმაოდ რთული გზა გავიარე. მოულოდნელად შემომთავაზეს ჯგუფ „ელდრაინის“ სოლისტობა და შესაბამისად "ევროვიზიაში" მონაწილეობაც. ისე განვითარდა მოვლენები, რომ ბევრი რამე მე დამბრალდა. მარტივი არაა, როცა უცებ იმხელა პასუხისმგებლობას გაკისრებენ, რომ შენი ქვეყანა უნდა წარადგინო ასეთი მასშტაბის კონკურსზე. ნეგატიური ტალღა მოდიოდა ჩემს მიმართ, თუმცა მიუხედავად ამისა, კონკურსიდან მე-9 ადგილი ჩამოვიტანეთ და დღემდე ამაზე კარგი შედეგი ვერავინ აჩვენა. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ფაქტია, შედეგი დავდეთ, ჩვენ ეს შევძელით.
- "ბასტი ბუბუში" გავიზარდე და პირველი პედაგოგიური გამოცდილებაც იქ მივიღე. შემდეგ ამის პარალელურად, როცა უკვე მუსიკალურ პროექტებზე დავიწყე მუშაობა, მე თვითონ გავხსენი სტუდია, რომელიც უკვე 4 წელია არსებობს და საკმაოდ წარმატებული და პოპულარულია იმ თინეიჯერებში, ვისაც სცენაზე დგომის სურვილი აქვს. ამასთან ერთად დღეს უკვე იმ ყველა მუსიკალური პროექტის ხელმძღვანელი ვარ, რომელიც შედის გიორგი ხაბურძანიას და დემნა ჯაფარიძის ქვეშევრდომობაში.
- ვერ ვიტყვი, რომელი უფრო რთულია, ყველაფერს თავისი სირთულე აქვს... პედაგოგობაც არაა მარტივი. ჩემი გამოცდილება მეხმარება იმაში, რომ გარდა ვოკალურ-ტექნიკური საკითხისა, სხვა ასპექტებშიც გავუგო მონაწილეებს, ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას და ადგებათ ეს ყველაფერი. მთავარია, მათი ნდობა მოიპოვო, მერე ურთიერთობები უფრო ღრმავდება, მეგობრობაში გადადის და არ სრულდება პროექტთან ერთად.
- ბავშვები ღრუბელივით არიან, წამებში ისრუტავენ ყველაფერს, დიდები უკვე ჩამოყალიბებულები არიან, მათი გადაკეთება და მიმართულების შეცვლა უფრო რთულია, პატარები კი ადვილად მოგყვებან. ჩემს გამოცდილებაში, საურთიერთოდ ერთ-ერთი რთული კონკურსანტი იყო ლუკა ზაქარიაძე, რომელიც არის გამორჩეული და ამავდროულად თავისებური. პირველად რომ შევხვდი, დრო დამჭირდა, რომ მისი ნდობა მომეპოვებინა, ზუსტად ანალოგიური სიტუაცია იყო თორნიკე ყიფიანთანაც. როგორც კი უჩნდებათ ნდობა და ხვდებიან, ვისთან აქვთ შეხება, მერე ყველაფერი იცვლება. ახლა რომ ჰკითხოთ, თავად გეტყვიან ბევრ კარგს ჩვენს ურთიერთობაზე, დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანებისთვის რაღაც გამიკეთებია და მათში ამაგი ჩამიდია.
- ვერ ვიტყვი, რომ ერთპიროვნულად ვარჩევ რეპერტუარს და ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ამ საკითხის გადაწყვეტა პროდიუსერთა ჯგუფთან ერთად ხდება, ძალიან ბევრი დეტალი უნდა იქნას გათვალისწინებული, კონკურსნატის შესაძლებლობები, მაყურებელი. სიმღერა შეიძლება ძალიან ძლიერი და კარგი იყოს, მაგრამ მაყურებლისთვის არ აღმოჩნდეს საინტერესო, ამიტომ ეს დეტალი ძალიან მნიშვენლოვანია და გუნდის ერთობლივი მუშაობის საგანია.
- რამდენი ბავშვიცაა, იმდენნაირი მშბობელია, ზოგს შესაძლებლობებზე მეტი ამბიცია აქვს, სწორედ ამიტომ მე ავირჩიე ისეთ კატოგირასთან მუშაობა, ვისაც უკვე საკუთარი აზრი გააჩნია, ვგულისხმობ თინეიჯერებს. მოზარდებმა ამ ასაკში დაახლოებით იციან, რა უნდათ, ხვდებიან და იაზრებენ რას ვეუბნები, რატომ ვურჩევ, შესაბამისად, ეს საკითხები ნაკლებად ხდება მშობლების განხილვის საგანი, მათ ნაკლებად ეხებათ, ჩვენ ვაგვარებთ. რაც შეეხება მომავალ თაობას, მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი თაობა მოდის, ძალიან მიხარია, როცა უნიჭიერეს ბავშვებს ვუსმენ, განსაკუთრებით, რეგიონებში რომ აღმოვაჩენ ხოლმე საოცარი შესაძლებლობების ბავშვებს, ეს კიდევ მეტ სიხარულს მგვრის. საოცარი განვითარება აქვთ ახლანდელ ბავშვებს და მოზარდებს. პირდაპირ გეტყვით, მე 12-13 წლის ასაკში ნამდვილად არ მქონდა ისეთი განვითარება და ტექნიკა და არ ვიყავი ისეთი, როგორებიც დღეს ამ ასაკის ბავშვები არიან. რაც შეეხება რჩევას, 5-6 წლის ბავშვის ინდივიდუალურ მასწავლებელთან მომზადება ცოტა სასაცილოდ მეჩვენება. ეს ის ასაკია, როცა ჯგუფური მეცადინეობა უფრო მეტის მომცემია, ბავშვი ამ დროს ცოტას სხვისი მიბაძვით ისწავლის, ზოგს თავად გააკეთებს და მიხვდება, როდის რა არის საჭირო, ამიტომ სტუდიები ამ მხრივ კარგი გამოსავალია. თუ ბავშვს აქვს განსაკუთრებული ნიჭი და ამას ამბობს საქმის პროფესიონალი, მაშინ უკვე კლასიკური განათლების გზაზე შეიძლება, დააყენოს მშობელმა, არსებობს ნიჭიერთა ათწლედები და ა.შ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი ვიცი, ვისაც არ აქვს მუსიკალური განათლება და ეს ხელს ძალიან უშლის. ნებისმიერ სფეროში, მათ შორის მუსიკაში, განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამ დროს მუსიკოსი სულ სხვა საფეხურზე გადადის, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს.
- არ ვიცი, ხან ძალიან რთულად, ხან მარტივად, ხან ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავი უნდა დავანებო და მასთან ვიყო. კარგია კარიერა, საქმე, მაგრამ შვილი ადამიანისთვის ყველაზე მთავარია. ჩვენი შვილები ცოტა ხანს არიან პატარები და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ დასანანია, ამ მოკლე დროს, როცა ისინი პატარები არიან, ვერ ვატარებთ 100 %-ით მათთან ერთად, ამასობაში კი იზრდებიან კიდეც.
ჩემი ბიჭი 3 წლისაა, სექტემბრიდან ბაღში მიდის, მაგრამ ახლა როცა მე ვმუშაობ, ძიძასთანაა.
- ყველა დედამ თვითონ იცის თავისი შვილის ხასიათი და ყველა დედას აქვს თავისი კრიტერიუმები, ძალიან რთულია შენთვის ყველაზე ძვირფასი ანდო სხვას და სწორად შერაჩიო ეს ადამიანი. ხანდახან დგება მომენტი, როცა ფიქრობ, რომ მიატოვო ყველაფერი და გაატარო ეს დრო ყველაზე მთავარ ადამიანთან, მაგრამ არაფრის კეთებაც არაა ადამიანის ჯანსაღი მდგომარეობა, ეს ბედნიერებას ვერ მოუტანს ადამიანს და თუ დედა ბედნიერი არ იქნება, შვილიც ვერ იქნება კარგად, ამიტომ ჯობია ოქროს შუალედი დაიცვა. მეც ყველანაირად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო გავატარო ჩემს შვილთან და საქმეც ვაკეთო.
ციცი ომანიძე