შესანიშნავად ეხერხება სიმშვიდის ნიღბის უკან, ემოციები დამალოს "მისი მშვიდი და ინდიფერენტული გამომეტყველება ნუ გაგაკვირვებთ, შესანიშნავად ეხერხება სიმშვიდის ნიღბის უკან, ემოციები დამალოს. მას ჰყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტასთან მეგობრობს, ბოლომდე არავის ენდობა. ვალდებულებებისა და შეზღუდვების პანიკურად ეშინია. პარტნიორმა პერიოდულად მისი მხრიდან წამოსული ცინიზმი და აგრესიის შეტევები მოთმინებით უნდა აიტანოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვირთხის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი "ჩემი ცოლის დაქალებში" კესოს როლის შემსრულებლის, სალი კერატიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.
- მიუხედავად ჩემი უარყოფითი როლისა, საზოგადოების მხრიდან დადებით შეფასებებს ვიღებ. უკვე ბევრი ადამიანი მცნობს. კომპლიმენტებს მეუბნებიან, მაგრამ გამონაკლისებიც მახსენდება.
- ამ სერიალში როგორ მოხვდი? - კესოს როლი თავდაპირველად, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს შესთავაზეს, ის უნდა მისულიყო სინჯების გადასაღებად, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, არ დათანხმდა. მე დამირეკა და მითხრა, სცენარი რომ წავიკითხე, ეგრევე შენ გამახსენდი. მგონია, კარგად ითამაშებ და თუ გინდა, კასტინგის მენეჯერს შენზე მივწერო. სცენარი რომ წავიკითხე, დავინტერესდი და დავთანხმდი. კასტინგზე დამიბარეს, მივედი, სინჯები გადაიღეს, ეკა მჟავანაძეს ველაპარაკე და წამოვედი. 2 დღის შემდეგ დამირეკეს, როლზე დაგამტკიცეთო.
- გადაღების პირველი დღე როგორი იყო? - არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ მივედი ძალიან თავდაჯერებული. ჩემი პერსონაჟის მსგავსი არაერთი გოგოა ამ ქალაქში, ძალიან რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, ცვალებადი ხასიათის გამო ხშირად ხდება მისი გარდაქმნა. უნდა შეგეძლოს იყო იმპულსური, თავხედი, ინტრიგანი, შტერი, მაყურებლისთვის გამაღიზიანებელი...
პირველ დღეს, როგორც კი კამერა ჩაირთო, თამაში ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დამეხმარნენ, განსაკუთრებით - ილო ბეროშვილი. ამიხსნა, როცა სერიალში სათამაშოდ მოვედი, დიდი სამსახიობო გამოცდილება მეც არ მქონდაო და თავის გავლილ გზაზე მიამბო. ძალიან დამეხმარა გიორგი ლიფონავაც.
ეკრანზე საკუთარ თავს პირველ დღეს ცალი თვალით ვუყურებდი. ბევრმა დამირეკა, დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მე კი ძალიან ვინერვიულე.
- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
- შეყვარებული არ ვარ.
- სერიალში გამოჩენის შემდეგ, თაყვანისმცემელთა რაოდენობამ მოიმატა? - რა თქმა უნდა, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.