ცნობილია, რომ 1910-1913 წლებში ამერიკაში რაჭველი მიწის მუშები მასობრივად ჩავიდნენ. ადგილობრივ მრეწველებს რკინიგზის მშენებლობაზე, მთიანი რაჭიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჯგუფებად ჩაჰყავდათ ხალხი.
"მინდა, მოგითხროთ ამბავი, რომელიც ჩემი დიდი ბებიის ოლღა ჩიკვილაძის ძმას, პართენ ჩიკვილაძეს ეხება. იგი XX საუკუნის დასაწყისში, 1917 წლამდე, 16 წლის ასაკში ბედის და სამუშაოს საძებნელად რაჭიდან წავიდა. აღმოჩნდა გემზე და იმის მერე, მისი არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ყველას დაღუპული ეგონა..." - გვეუბნება ნატო მდინარაძე ბრიტანულ-ქართული სკოლის პედაგოგი.
ცნობილია, რომ 1910-1913 წლებში ამერიკაში რაჭველი მიწის მუშები მასობრივად ჩავიდნენ. ადგილობრივ მრეწველებს რკინიგზის მშენებლობაზე, მთიანი რაჭიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან ჯგუფებად ჩაჰყავდათ ხალხი. შესაძლოა, პართენ ჩიკვილაძის ამერიკაში ჩასვლა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, თუმცა მისი ოჯახისთვის, რეალური მიზეზი უცნობია.
"რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში მის შესახებ არაფერი იცოდნენ. 1956 წელს რაჭაში პართენისგან წერილი მოვიდა. ბებიაჩემს ოლღას სწერდა, რომ ცოცხალი იყო, ცხოვრობდა ამერიკაში, ცოლად ჰყავდა მდიდარი ფერმერის ქალი, რომელთანაც 10 შვილი შეეძინა. იმ დროისთვის, ბებია ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ საპასუხო წერილი ჩემმა ბაბუამ და მისმა დებმა გაუგზავნეს, რის შემდეგაც უკვე ოჯახთან ერთად გადაღებული სურათი და წერილი გამოუგზავნია, სადაც ასე წერდა: "თქვენი წერილი მივიღე, ძალიან ბევრი ვიტირე. თუ არ მოვკვდი, ვეცდები, აუცილებლად გნახოთ".
საქართველოდან რომ წავიდა, ეს და-ძმა დაბადებულებიც არ იყვნენ. მოკლედ, შალვას, ზინას, სონიას დაჰპირდა, რომ მათ აუცილებლად მოინახულებდა, მაგრამ ვერ დასცალდა, გარდაიცვალა... სურათზე აღბეჭდილი იყო მისი ოჯახი - მეუღლე და 10 შვილი (6 ვაჟი და 4 ქალიშვილი), უმეტესობისთვის ქართული სახელები დაურქმევია: რიონი, რაჭა, ნესტორი, პელაგია...
უმცროს შვილს ჯერი დაარქვა და მასვე დაუტოვა ანდერძად, რომ საქართველოში ჩასულიყო და ნათესავები გაეცნო. ჯერიმ მამას თხოვნა აუსრულა. ის საქართველოს 1979 წელს ეწვია... ჩვენს ოჯახში ინფორმაცია მოსულა, რომ ამერიკელი ტურისტები, რომლებიც სასტუმრო "ივერიაში" იყვნენ დაბინავებულები, სავარაუდოდ, ჩვენ გვეძებდნენ...
- საბჭოთა კავშირის დროს, როგორ მოახერხეს აქ ჩამოსვლა?
- ეს ჩვენთვისაც დიდი გამოცანაა... მათ სანახავად ჩვენები - დედაჩემი, ბაბუაჩემი, მამიდები წავიდნენ, წაიღეს სურათები, ნამდვილად ისინი იყვნენ თუ არა. დედა ჰყვება, რომ სასტუმროს ფოიეში შთამბეჭდავი და გულისამაჩუყებელი სცენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ენის ბარიერი არსებობდა, კომუნიკაცია რთული არ იყოო. აღმოჩნდა, რომ მათაც იგივე ფოტო ჰქონიათ თან, რაც ჩვენ... ის იყო ცრემლიანი შეხვედრა... ქართველებს რომ შეგვეფერება, ჩვენებმა ასეთი დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი მასპინძლობა გაუწიეს.