ბევრი ბავშვი ადვილად ეგუება ამ გარემოს, ბევრისთვის კი - ნამდვილი განსაცდელია თქვენი პატარა უკვე საბავშვო ბაღში დადის. ბევრი ბავშვი ადვილად ეგუება ამ გარემოს, ბევრისთვის კი - ნამდვილი განსაცდელია. ბავშვი დღეს ენთუზიაზმის გარეშე იწყებს და უხასიათოდაა. ბაღისკენ წუწუნით, ხშირად ტირილიტაც მოგყვებათ, ჯგუფში შესვლისთანავე კი იწყება ხვეწნა "დედა, არ წახვიდე", კივილი და ისტერიკა... ეს სურათი ბევრი დედისთვის ნაცნობია. ძნელია გაუძლო, თუმცა გამოსავალი არსებობს.
პირველ რიგში გააანალიზეთ, ნამდვილად ბავშვის პრობლემაა თუ ბაღის.
ბაღის პრობლემა
გაესაუბრეთ სხვა მშობლებს. აქვთ თუ არა იგივე პობლემები და კმაყოფილები არიან თუ არა აღმზრდელებით. როგორ ახასიათებენ ძიძას, უხეშად ხომ არ ექცევა ბავშვებს, მასწავლებელი ძალიან მკაცრი ხომ არ არის... სხვა მიზეზებიც ეძებეთ, რატომ არ უნდა ბაღში წასვლა.
ხომ გთხოვთ, ბაღში შენც დარჩიო... ჰოდა, მოელაპარაკეთ მასწავლებელს და მართლაც დარჩით. ბავშვს კი აუხსენით, რომ ეს მხოლოდ ერთხელ შეიძლება. უთხარით, რომ ძალიან გაინტერესებთ მისი მეგობრების გაცნობა, იქაური საჭმელების გასინჯვა, მუსიკის გაკვეთილზე გართობა... პატარა მართლაც გაგიჟდება სიხარულით.
ისარგებლეთ იქ ყოფნით და კარგად დააკვირდით ბავშვის ქცევას. რა დამოკიდებულება აქვს თანატოლებთან, მასწავლებლებთან. ამასთანავე შვილის დასანახად "გაიცანით" მისი მეგობრები, გამოელაპარაკეთ, ერთი სიტყვით, რაც შეიძლება მხიარულად გაატარეთ დრო. თქვენი ვიზიტის შემდეგ ბავშვი უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს თავს იმ გარემოში. შეგიძლიათ გარკვეული დროის შემდეგაც გაიმეოროთ ვიზიტი.
ალბათ, არ იქნებოდა ცუდი ტრადიცია, დღეში ერთი ან ორი მშობელი მთელ დღეს რომ ატარებდეს ბავშვებთან ერთად საბავშვო ბაღში. ეს ბავშვებს სტიმულსაც მისცემს და თვითშეფასებასაც აუმაღლებს. რიგ-რიგობით ყველა ბავშვის მშობელს უნდა მიეცეს ამის საშუალება.
ბავშვის პრობლემა
ხშირად ბაღში დარჩენაზე უარის თქმა ბავშვის ჩაკეტილობის ბრალია. მას ნაკლებად აქვს თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილება და ზემდეტად არის მიწებებული დედას, უცხო გარემოსიც ეშინია...
ბავშვს რომ ურთიერობები უადვილდებოდეს, ხშირად უნდა იყოს თანატოლების წრეში. შეგიძლიათ, დამატებით ცეკვაზე, ფეხბურთზე ან ხატვაზე შეიყვანოთ. ახალმა გარემოცვამ შეიძლება უკეთ იმოქმედოს მის კონტაქტურობაზე. მეტიც, შეიძლება ლიდერის თვისებებიც გამოამჟღავნოს.
ყოველთვის ეცადეთ, რომ თქვენს შვილს თვითრეალიზაციისთვის საჭირო პირობები ჰქონდეს შექმნილი. ხშირად მოიწვიეთ სახლში ისეთი სტუმრები, ვისაც თქვენი შვილის ტოლი ბავშვები ჰყავს და საბავშვო ზეიმი მოუწყვეთ მათ. განსაკუთრებული პომპეზურობა საჭირო არ არის, ბავშვების გამხიარულებას ოდნავ ხმამაღალი მუსიკითა და ცეკვითაც შეიძლება. კარგი იქნება, თუ პატარა სტუმრებს დაასაჩუქრებთ კიდეც, თუნდაც უბრალო ბუშტებით (თუ თავის სამაგრსა და ჯოხზე წამოაცვამთ, შეუდარებელ ეფექტს მოახდენთ). მათ გასართობად მარტივი ვიქტორინების მოფიქრებაც შეიძლება.
5 წესი, რომ ბავშვი კონტაქტური გაიზარდოს
თუ ხშირად გავუმეორებთ, რომ მორცხვია, მართლაც მორცხი გაიზრდება. ამიტომ ყურადღებას ნუ გაამახვილებთ ამაზე.
1. არასოდეს აიძულოთ მორცხვი ბავშვი, რომ ხალხის წინაშე გამოვიდეს (ლექსით თუ სიმღერით);
2. რაც შეიძლება აქტიურად იურთიერთეთ ბავშვთან. ყოველთვის გულდასმით გამოკითხეთ, როგორ ჩაიარა დღემ ბაღში. რაც მთავარია, ყურადღებით მოისმინეთ მისი ნაამბობი და ნურც თქვენს დღის ამბებს დაივიწყებთ. მოუყევით მათ შესახებ;
3. ყოველ დილით მიესლმეთ ბავშვს და ასწავლეთ, რომ თავადაც ასეთი სალამი უნდა თქვას. თუ ხანდახან დაავიწყდება, ნუ წაეჩხუბებით.
4. არასოდეს შეადაროთ სხვა ბავშვებს, თუნდაც მართლაც ჯობნიდნენ ისინი.
5. გახსოვდეთ - შექება ყველაზე საიმედო და გამოცდილი საშუალებაა ბავშვის თვითშეფასების ასამაღლებლად.
იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიეჩვიოს ბავშვი ბაღს, უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.