"ბავშვს არ დააძალო საჭმელი, არ უნდა ტენო" მაკა მახარაძე შვილებსა და შვილიშვილებთან ურთიერთობის შესახებ თავის მოსაზრებებს გვიზიარებს. იგი იხსენებს თავისი შვილების ბავშვობას და საუბრობს იმაზე, რა განსხვავებას ხედავს მაშინდელ პატარებსა და დღევანდელი თაობის ბავშვებს შორის. სათუთად ინახავს შვილის, ნატოს წერილებს, 10 წლის ასაკში საავადმყოფოდან რომ სწერდა დედას, რადგან ისე მოხდა, რომ ქალბატონი მაკა იმ დროს გასტროლებზე იმყოფებოდა. პატარა ნატო დედისადმი მონატრებას და განცდებს წერილებში გამოხატავდა, ბოლოს, ყველას ცრემლებს ახატავდა.
- საერთოდ მკაცრი ადამიანი არ ვარ, ამიტომ არც ჩემი შვილების მიმართ ვყოფილვარ მკაცრი. ზოგადად შენიშვნები აუცილებელია, რადგან ვფიქრობ, რომ ამის გარეშე წარმოუდგენელია აღზრდის პროცესი. თუმცა ჩემი შვილები რომ წამოიზარდნენ, შენიშვნები არ სიამოვნებდათ. მათ რომ ჰკითხოთ, ახლაც ვავსებ შენიშვნებით, მაგრამ მე ამას ვერ ვამჩნევ. მთავარია სიყვარული ურთიერთობაში - სიყვარული უპირველეს ყოვლისა. პატარები როცა იყვნენ, აუცილებლად ვკითხულობდი ლიტერატურას ბავშვების აღზრდის თაობაზე. მახსოვს და გონებაში დამრჩა ერთი ამერიკელი ქალი პედიატრის ფრაზა მისი წიგნიდან: "როცა ბავშვს უწყრებით, შენიშვნას აძლევთ, ან მკაცრად ესაუბრებით, ის მაშინაც უნდა გრძნობდეს, რომ ძალიან გიყვართ." მერე სპოკის წიგნს ვეყრდნობოდი დიდი დოზით. პირველი რჩევა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გამოვიყენე, არის ეს - ბავშვს არ დააძალო საჭმელი, არ უნდა ტენო (იღიმის), ჩვენ როგორც ვიცით. არადა, ნატო განსაკუთრებით ცუდი მჭამელი იყო.
- ხშირად ეუბნებოდით შვილებს - ჩემო ჭკვიანო, ნიჭიერო, ლამაზო და ა.შ.? საერთოდ საჭიროა ეს ფრაზები?
- კი, ვეუბნებოდი და საჭიროა, განსაკუთრებით გოგონებისთვის. სადღაც წავიკითხე, რომ არასდროს ზედმეტი არ არის ალერსი გოგოსთვის, თუმცა ბიჭებისთვის გარკვეულ ასაკამდეა ეს რჩევა მისაღები. ალბათ, 10-12 წლის ბიჭს ზედმეტი მოფერება აღარ უნდა. ჩემ შვილებს შორის ასაკში განსხვავება 3 წელი და 9 თვეა. დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ რადიკალურად სხვადასხვანაირები არიან როგორც გარეგნობით, ისე ხასიათით. მაგალითად, ერთს თოხლო კვერცხი უყვარდა, მეორეს - მაგრად მოხარშული, ერთიდაიგივე კერძს არ მიირთმევდნენ და ა.შ.
- დღევანდელი ბავშვები თქვენი შვილების თაობას რომ შეადაროთ, რამდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
- ძალიან დიდი განსხვავებაა იმ თვალსაზრისით, რომ ესენი აურაცხელ ინფორმაციას ფლობენ. თან კარგადაც იტევენ თავში. რუსულად თუ ვიტყვი, საკმაოდ "პრადვინუტები" არიან.
- დამოუკიდებლობის ხარისხი ადრე მეტად ჰქონდათ ბავშვებს, ახლა თუ ინდივიდუალურია? როგორ ფიქრობთ, მშობელი აჩვევს შვილს დამოუკიდებლობას?
- ჩემი შვილები თავისით იყვნენ დამოუკიდებლები. სულ პატარა იყო ნატო, როცა თვითინ დაიწყო ჩაცმა და გახდა. რაც მთავარია გახდა, იმიტომ რომ ფეხსაცმელებს მუდამ იძრობდა და ზამთარ-ზაფხულ ფეხშიშველი დადიოდა. ჯერ კიდევ ციცქნა იყო, რომ ტანსაცმელს არჩევდა. მეტყოდა - ეს წინდები ამ კაბას არ უხდება და არ ჩავიცმევ. არ უნდა შეეწინააღმდეგო, ასე ვიქცეოდი შვილიშვილების შემთხვევაშიც. სხვათა შორის, ჩემს საბალეტო სტუდიაში სრულიად საწინააღმდეგოს ვხედავ. ჯერ ერთი ის მიხარია, რომ ბავშვები ხშირად მამებს მოჰყავთ. ეს ისეთი განსაკუთრებული ურთიერთობაა, სიხარულის ცრემლებს მოჰგვრის ადამიანს. ძალიან მომწონს, როცა სრულიად პაწაწუნებს მამები ეხმარებიან ჩაცმაში. თუმცა მოზრდილებს როცა ეხმარებიან, უკვე არასწორად მიმაჩნია. -აბა, ახლა ეს როდის ჩაიცვამს? ამბობს მშობელი, თუ ასეთ ფაქტს წავაწყდი, ჩემს თავს უფლებას ვაძლევ, შენიშვნა მივცე. ამ დროს ბავშვი 6 წლისაა, როდისღა უნდა მიეჩვიოს თავისით ჩაცმას? გასაგებია ეჩქარებათ, გარბიან, მაგრამ მაინც...
ჩემმა უმცროსმა შვილიშვილმა გოგონამ, ახლა 16 წლისაა, თავისით ბანაობა ისე პატარამ დაიწყო, ეს საერთოდ გასაკვირი ამბავია. გრძელი თმა აქვს და სულ ამბობდა - მე თვითონ მინდა დავიბანოო. ჰოდა, მივუშვით, ჩვენ არ გვითქვამს, გინდა თუ არა, დამოუკიდებლად დაიბანეო. შვილიშვილები თავად მაძლევდნენ ასე ვთქვათ, იმის იმპულსს, რომ მათთვის დამოუკიდებლობა მიმეცა.
- ზღაპრებს უკითხავდით ხოლმე?
- კი, შვილებსაც და შვილიშვილებსაც. მიყვარდა ეს საქმე, თან ისეთი ლამაზი წიგნები გამოდის, მითუმეტეს გოგონებისთვის. შვილიშვილის დათას პატარაობის დროს, გამოჩნდა ძალიან კარგი შემეცნებითი წიგნები, მართალია ზედაპირული ხასიათის, მაგრამ პატარებს მეტი არ სჭირდებათ. მოზრდილებს რაც დააინტერესებთ, იმას სიღმისეულად შეისწავლიან. შვილიშვილები პაზლებიან წიგნებს არ სწყალობდნენ, ნებისყოფა არ ჰყოფნიდათ. პატარა პაზლები შეიძლება აეწყოთ, აი სამიათას ცალიანი, ნურას უკაცრავად.
- ადრე ბავშვები ტელევიზორთან იყვნენ მიჯაჭვულები, ახლა კომპიუტერს დაუმეგობრდნენ და წიგნებს ნაკლებად კითხულობენ. რას იტყვით ამ პრობლემაზე?
- რა თქმა უნდა, მიჯაჭვულობა ცუდი რამ არის.თუმცაარის ბევრი წიგნი, რომლის წაკითხვა სულაც არაა საჭირო, როცა გვეშინია, რამე ისეთი არ ნახოს ბავშვმა წიგნში. იმ ასაკში, როცა მოზარდს ე.წ. აკრძალული ხილი აინტერესებს, რამდენიც გინდათ, იმდენი წიგნია ამ თემაზე და ვინც დაინტერესდება, ყველგან მოიძიებს. ახლაც და წინა საუკუნეებშიც ასე ხდებოდა. სამაგიეროდ, კომპიუტერი იმდენ შესაძლებლობას გაძლევს, მთელი მსოფლიო მაგიდაზე "გიდევს" და უკვე ტელეფონშიც. ზოგჯერ ინტერნეტში, უცბად ისეთი რამ ამოგიხტება, რომ თმები ყალყზე დაგიდგება. ეს მეც არ მსიამოვნებს, მაგრამ საერთოდ, შენი ინტერესის საგანს და ნებისმიერ ინფორმაციას ყოველთვის პოულობ. პირადად, კომპიუტერის აქტიური მომხმარებელი ვარ.
- ყველაზე ხშირად რა შენიშვნას აძლევთ შვილიშვილს?
- დაალაგე საკუთარი ოთახი! ჯერ ვერ მივაღწიე იმას, რომ ამის თქმა არ დამჭირდეს. პასუხი ასეთია: რა მნიშვნელობა აქვს, ან - ბებო, კაი რააა! მეც არ ვულაგებ იმ იმედით, რომ მოვა დრო და ვითონ გააკეთებს. ცოტა ისეთი ასაკი აქვს... ახლა, ეს რომ წაიკითხოს, დავიღუპები (იცინის).
- რითი ერთობიან მისი ასაკის გოგონები?
- მთავარი გართობაა მეგობრებთან ერთად ყოფნა, ძალიან კარგი სამეგობრო ჰყავს, ყველანაირად კარგი ბავშვები არიან. ერთად მიდიან ხან სანაყინეში, ხან კაფეში... ჩემი ბავშვობის დროს თბილისში ერთადერთი კაფე იყო და თუ იქ გოგო შევიდოდა, მისი რეპუტაცია ილახებოდა, მიუხედავად იმისა, იმსახურებდა თუ არა.
- შვილი და შვილიშვილი - როგორი ემოციებია თქვენთვის?
- თვითონ სიტყვაშია განსხვავება. შვილი ძვირფასია, შვილიშვილი - ე.ი. ორჯერ შვილი, ორმაგი შვილია. ერთხელ ქუჩაშიმივდივარ და ჩემს უკან ხმები მესმის. ეტყობა ბავშვი პარაპეტზე დგას, ვიღაცას ხელი აქვს ჩაკიდებული და ეუბნება -აბა, ჩამოხტი, ჩამოხტი და მერე, უცბად ისე გულში ჩამწვდომად თქვა: მოდი, ჩემო სიცოცხლე! მივხვდი, რომ ბებია იქნებოდა, შევბრუნდი და ასეც იყო. შვილების მიმართ მშობლებს მაინც რაღაც სიმკაცრე გვაქვს, როგორც ამბობენ მეტალი ხმაში, მაგრამ როცა ბებია ხდები, აქ უკვე... 38 წლისა ვიყავი, როცა ცეკვას თავი დავანებე და 39 წლისას საჩუქარი "გამიჩნდა" შვილიშვილის, დათას სახით. ბებიობა განსაკუთრებული ამბავია.
ნანული ზოტიკიშვილი