"მძიმე ენციკლოპედიას მადებდნენ თავზე და ფეხის წვერებზე სწორად უნდა მევლო... ახლა ბევრად უფრო ადვილია ბავშვის გაზრდა" მსახიობი ეკატერინე ანდრონიკაშვილი ორი შვილის დედაა... პირველი შვილი ოცი წლის ასაკში შეეძინა, მეორე კი 23 წლიანი შუალედის შემდეგ. თუ როგორია მისთვის დედობით გამოწვეული ბედნიერება და როგორი ბავშვობა ჰქონდა თვითონ, ამის შესახებ თავად გვესაუბრა.
- არისტოკრატების წრეში გაიზარდეთ. რა გავლენა იქონია ამ წრემ თქვენზე?
- ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. ძირითადად, ბებია-ბაბუა მზრდიდა, რადგან მამა მოსკოვში ასპირანტურაში ხარისხს იცავდა, დედა კი თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა. ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ თავს ძალიან კარგად ვირთობდი: წიგნებს ვათვალიერებდი, ექიმობანას ვთამაშობდი, ბებია-ბაბუას მოსკოვში დავყავდი, კურორტებზე დავდიოდით და ზღაპრული სამყარო მქონდა... რაც შეეხება არისტოკრატიას, ამის არანაირი გავლენა არ იყო. როცა მონარქიაა ქვეყანაში, სხვაა და როცა კომუნიზმი - სულ სხვა! ჩემი პრინცესობა არანაირად არ იგრძნობოდა. ერთნარად გვილხინდა და გვიჭირდა ყველას! პრინცესა ვიყავი ჩემი წიგნების, ზღაპრების გავლენით...
- დახვეწილი მანერები ალბათ ოჯახიდან მოგსდევთ...
- მამაჩემისგან პატარაობიდანვე მქონდა მითითება, რომ სწორი ზურგით უნდა ვმჯდარიყავი მაგიდასთან და მარტოც რომ ვყოფილიყავი, ყოველთვის დანა-ჩანგლით უნდა მეჭამა... ასევე მძიმე ენციკლოპედიას მადებდნენ თავზე და ფეხის წვერებზე სწორად უნდა მევლო. ეს ყველა გოგოსთვის კარგი ვარჯიშია.
- სიარულის ეს მანერა, ალბათ, ძალიან გამოგადგათ, როდესაც მის საქართველო გახდით...
- არ ვიცი, რა გამომადგა. გენი თუ ჩემი ავანტურული ბუნება, კონკურსზე გასვლა რომ გავბედე. თუმცა სკოლიდან გამიყვანეს, ჩემი ნებით არ გავსულვარ. როგორც გართობას, ისე ვუყურებდი. თეატრალურზე მსურდა ჩაბარება, მსახიობობას ვაპირებდი და კონკურსი ჩემთვის გამოცდილება იყო სცენაზე რომ გამევლო და თავი მეცადა... მხოლოდ 16 წლის ვიყავი და კონკურსს, როგორც კინოს, ისე ვუყურებდი.
- როგორ გახსენდებათ პირველი ემოცია, როდესაც დედა გახდით?
- პირველად დედა 23 წლის წინ გავხდი და სიმართლე გითხრათ, ძალიან ფორიაქში ვიყავი. ძალიან ახალგაზრდა – 20 წლის დაბნეული დედა ვიყავი, თუმცა მახსოვს მეორე დღეს ბავშვი გულზე მივიკარი და ვუთხარი, დამშვიდდი, მე შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის-მეთქი... რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ბავშვი დამშვიდდა, თითქოს მომისმინა. ამის შემდეგ ჩვენს შორის ისეთი უხილავი ძაფი გაიბა და ისეთი კავშირია, რომელსაც ვერაფერი გაწყვეტს.
- რადგან ძალიან ახალგაზრდა იყავით, თუ გქონდათ შეგრძნება, რომ თითქოს ერთად იზრდებოდით?
- ბავშვი რომ გავაჩინე, ექვს დღეში დაბადების დღეზე წავედი და ოც დღეში სპექტაკლი ვითამაშე. ურთულესი პერიოდი – 90-ინი წლები იყო. შუქი წავიდა და აღარასოდეს მოვიდა, ძალიან ექსტრემალურ პირობები იყო. სხვათა შორის, მე და ეკა ნიჟარაძემ ერთად გავაჩინეთ ბავშვები და ერთმანეთს რაღაცებს ვუგზავნიდით, რაც არ გვქონდა. ერთად გავიარეთ ძალიან ბევრი სირთულე. არც გათბობა იყო, არც პამპერსი და არც არაფერი. ამავე დროს სულ რეპეტიციები, სპექტაკლები გვქონდა. ძალიან მეხმარებოდა ბებია და როგორღაც გადავიტანეთ ის ყველაფერი.
- როგორ ახერხებდით ამ რთულ პირობებში, რომ შესანიშნავად გამოიყურებოდით?
- არ ვიცი, როგორღაც ვახერხებდით. როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც გიყვარს და უსაყვარლესი შვილი გყავს, ბევრს შეძლებ... ახლა ბევრად უფრო ადვილია ბავშვის გაზრდა.
- თქვენი ვაჟი ახლა წარმატებული ბიჭია...
- დიახ, ძალიან დამოუკიდებელია, თავის თავს თვითონ უვლის. ასე ჩამოყალიბდა და ძალიან მიხარია. ბიჭის ეგ თვისება ყველაზე მეტად მომწონს და დედებს ვურჩევდი, ასე გაზარდონ, რადგან ქართველი კაცები ძირითადად სულ დედაზე არიან დამოკიდებული. ამერიკელი დედები ისე ზრდიან შვილებს, რომ თავის ცოლ-შვილს მოუარონ, ჰქონდეთ კარგი შემოსავალი და ჯანმრთელობა. ძალიან მომწონს ჩემი შვილი რომ თავიდან ბოლომდე თავს თვითონ ინახავს! რაც სკოლა დაამთავრა, იმის შემდეგ მუშაობს, ამჯერად ოპერატორია პირველ არხზე და უკვე დაახლოებით ოცი ქვეყანა მოიარა. ამავე დროს მუსიკას წერს და ძალიან შემოქმედებითი პიროვნებაა... სამი-ოთხი წლიდან ბებიაჩემს დაჰყავდა ბაღში და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ პირიქით იყო და ჩემს შვილს იქეთ დაჰყავდა ბებიაჩემი. სულ წინ მიდიოდა მტკიცე ნაბიჯებით. პატარა ასაკიდანვე მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ. დღეს ძალიან ვმეგობრობთ, მაგრამ ზოგჯერ მახსენდება, რომ დედა ვარ...
- 23 წლის შემდეგ რომ ისევ დედა გახდით, იმ ემოციებს როგორ აღგვიწერთ?
- სასწაული იყო, ბევრად უფრო მძაფრი შეგრძნება ამ ასაკში! ბევრად უფრო გაკვირვებული ხარ, რომ ამ ასაკში ასეთი ახალი ადამიანი ჩნდება შენს გვერდით! პაწაწუნა, რომელსაც სულ სჭირდები. როდესაც მისი ტირილი პირველად გავიგონე, მეც ტირილი ამივარდა, ჯერ დანახულიც კი არ მყავდა. ეს ტირილი არ ვიცი, რა იყო – ალბათ შვების, ბედნიერების... იმის შემდეგ ყველა მისი მოძრაობა იმდენად მსიამოვნებს და მართობს, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ძირითადად, სულ იღიმება, მაგრამ როცა ტირის და იმ დროს მეძინება, რომ შევხედავ, იმდენად დადებითი ემოციაა, ყოველთვის კარგად ვარ! რაღაც-რაღაცები სულერთი გახდა. მთავარი პრიორიტეტია ჩემი შვილები იყვნენ კარგად და მეც კარგად ვიყო მათ გვერდით...
- რას ურჩევდით ქალბატონებს... ბევრი უარს იტყოდა 23 წლის შემდეგ ისევ დედობაზე...
- ასაკში ნამდვილად იმატებს რისკი ბავშვის დაავადებების და თუ ეს რისკი არ არის, აუცილებლად უნდა განიცადონ ეს ბედნიერება! თავიდან დაბადება და განახლებაა ქალისთვის ორგანზმის. მე რომ მეორე შვილი გავაჩინე, მეგობრები რომ ხედავდნენ რამდენად ბედნიერი ვიყავი, ამბობდნენ, ჩვენც გვსურს გავაჩინოთო... ძალიან გადამდებია დადებითი ემოცია. სრულიად სხვანაირი გავხდი. სოციალურ ქსელში სხვისი ბავშვების ფოტოებს რომ ვუყურებ, უბრალოდ ვგიჟდები და ზუსტად ვიაზრებ, რამხელა სიხარულია. აქაც, აგარაკზე, ეტლში მეზობლის ბავშვს ჩავხედე და ლამის ეტლში ჩავუხტი... მოკლედ, ყველას ვუსურვებ ასეთ განცდებს. მე ყველაფერი ძალიან ადვილად გამომივიდა: არც ორსულობა იყო რთული, არც მშობიარობა, არც ჩვილის მოვლა და არც უძილო ღამეები... კი არა და, ერთ გოგოსაც გავაჩენდი...(ვხუმრობ)
- ზუსტად ეგ უნდა მეკითხა, გოგონას დედობაც გსურთ?
- ეს ახლა იუმორით ვთქვი, მაგრამ ბავშვი მართლაც დიდი ბედნიერებაა... მითუტეს, რაც მე პირველ შვილზე გაზრდისას მოვყევი, დღევანდელს ვერც შევადარებ. გვერდით უნდა გყავდეს მამაკაცი, რომელმაც იცის, რომ ბავშვისთვის ბევრი რამეა მატერიალურად საჭირო. სახელმწიფომაც მეტი უნდა გაიღოს, მხოლოდ აგიტაცია არ კმარა, შვილები გააჩინეთო... დღეს ძიძაც თუ გყავს, ყველაზე მცირე, ათასი ლარია ბავშვისთვის თვეში საჭირო. ბევრი ქვეყანა ზრუნავს ბავშვებზე და დედებზე, ჩვენთანაც აუცილებელია. მითუმეტეს, როგორც ვიცი ქვეყანაში სერიოზული დემოგრაფიული პრობლემებია.
- ძიძა გყავთ?
- დიახ. მთელი დღე თავისუფალი ვარ და შემიძლია რეპეტიციებზე ვიყო, მაგრამ საღამოს სასწრაფოდ მოვრბივარ, ბავშვი რომ ჩავიბარო. აუცილებელი რიტუალია, ძილის წინ მე ვაჭამო და დავაძინო. ეს ისეთი ტკბილი პროცედურაა, რომ არავის მინდა დავუთმო. თითქმის ორი წელია, საღამოს სახლიდან არ გავდივარ. არც მინდება, წოწიალის სურვილი არ მაქვს. ტელევიზორს ვუყურებ, ვკითხულობ და ჩემთვის მშვიდად ვარ...
მანანა გაბრიჭიძე