როგორც ამბობენ, ამაში ომია "დამნაშავე" დღეს საყოველთაოდ მიღებულია, რომ პატარა ბიჭების ტანსაცმლის ფერი ცისფერია, გოგონების – ვარდისფერი. თუმცა ასეთი დაყოფა აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებში თურმე მხოლოდ 1940-იან წლებში გაჩნდა. ამ დრომდე მშობლები იშვიათად ირჩევდნენ სამოსის ფერს ბავშვის სქესის მიხედვით: ზოგიერთები თმის ფერს ითვალისწინებდნენ, სხვები – თვალის ფერს. სქესთან დაკავშირებით კი სულ სხვადასხვანაირი რეკომენდაციებიც არსებობდა, თანამედროვე სტანდარტების საპირისპიროც კი.
აი, მცირე ისტორია:
XIX საუკუნის დასაწყისში გოგონებსა და ბიჭებს ხუთ-ექვს წლამდე ერთნაირად მოსავდნენ, თეთრ სამოსში. ახალშობილები გრძელ ბამბის პერანგებს ატარებდნენ, რომელიც ბავშვზე გრძელი იყო.
XX საუკუნეში ბავშვების აღზრდაზე შეხედულებები შეიცვალა, მშობლებმა მეტი ყურადღება მიაქციეს ფერებს. ბავშვის სამოსი თანდათან გაფერადდა. ოღონდ მაშინაც არ იყოფოდა ფერები სქესის მიხედვით.
თანდათან გაჩნდა სქესთა დაყოფა ფერებად, ოღონდაც, სულ სხვაგვარად. მაგალითად, 1918 წლის ჟურნალ Earnshow's-ის საბავშვო გამოცემაში ეწერა: "საყოველთაოდ მიღებული წესებით, ვარდისფერი ბიჭებისთვის უნდა აირჩიოთ, ცისფერი – გოგონებისთვის, რადგან ვარდისფერი უფრო ძლიერი და მყარია, ცისფერი კი – უფრო დახვეწილი და სათუთი". გარდა ამისა, ქრისტიანული ტრადიციით, წითელი მამაკაცთან ასოცირდება, მისი "უმცროსი ძმა" ვარდისფერი კი – ბიჭთან. ცისფერი და ლურჯი კი ღვთისმშობელთან ასოცირდება და ქალურ ფერებად მიიჩნეოდა.
თუმცა შემდეგ ეს მოსაზრება შეიცვალა და ცისფერი ბიჭების ფერად აღიარეს, ვარდისფერი – გოგოს ფერად. რატომ? როგორც ამბობენ, ამაში ომია "დამნაშავე". პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლურჯს სულ უფრო ხშირად იყენებდნენ სამხედრო ფორმის ფერად. ამის გამო ის მამაკაცურ ფერად აღიქმებოდა. 1940-იანი წლების დასაწყისში კი ვარდისფერის პროპაგანდა დაიწყეს, როგორც ქალური ფერის. "იფიქრე ვარდისფერ ტონებში", - ეს მარკეტინგული სლოგანი იყო, რომელიც ქალებს მოუწოდებდა, ქალურობა გამოევლინათ. საბოლოოდ, მოდურად იქცა გოგონების ვარდისფრად შემოსვა, დედის "შესამკობად" და პატარების ქალურობის გამოსაკვეთად.
დღეს მოდელიერები ცდილობენ, ეს სტერეოტიპები დაარღვიონ და მშობლებს ურჩევენ, უფრო ფართოდ იაზროვნონ და ნუ მოექცევიან ჩარჩოებში. რა ფერიც უხდება მათ შვილს და რაშიც უფრო ქალურად თუ ბიჭურად გამოიყურება, ის ფერები შეარჩიონ. რასაკვირველია, ეს უნდა იყოს რაც შეიძლება მეტად ბავშვური, მხიარული ფერები.