ნიორაძე პასუხს სცემს იმ ადამიანებს, ვინც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო „ერის ღალატში“ დაადანაშაულა ქართველ პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძის "ფეისბუქის" გვერდზე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ განცხადება ვრცელდება, სადაც, ასევე, ნიორაძე პასუხს სცემს იმ ადამიანებს, ვინც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო „ერის ღალატში“ დაადანაშაულა.
„დიდხანს ვფიქრობდი რა ფორმით გამეცა თქვენთვის პასუხი და ისიც კი ვიფიქრე მარცხენა ლოყაც შემომეშვირა თქვენთვის, რადგანაც ასე ვარ გაზრდილი თუმცა, ალბათ დადგა ის მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომ ვარდისფერ ფერებში ყველა ერთმანეთში არ აგრიოთ. ერთხელაც მომიწია პასუხის გაცემა რუსული მედიისთვის, როდესაც რუსეთიდან დეპორტირებული ჩემი ქართველები დავიცავი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ კი რუსეთიდან წავედი.
ჩემზე წერთ რომ მოღალატე ვყოფილვარ, მოღალატე რომ ვიყო მართლაც არ უნდა გამაჩნდეს დამოუკიდებელი აზრი და ალბათ თქვენთვის უნდა მეკითხა და თქვენთვის სასურველი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის უნდა მიმეცა ხმა.
2004 წელს მე გავაკეთე ჩემი არჩევანი ჩემს სულიერებაში, მაშინაც არავის უკარნახია ასე არ მოიქცეო, არ გამიკეთებია წინასწარი გათვლებით ის არჩევანი რომელიც არა პირადად ჩემი, არამედ ჩემი ქვეყნის გამთლიანებას და ბედნიერებას ეკუთვნოდა.
მე მაშინ ჩემი ხმა ნაციონალურ მოძრაობას მივეცი და პრეზიდენტ ბატონ მიშა სააკაშვილის ინაუგურაციის კონცერტშიც მივიღე მონაწილეობა ჩვენ ცნობილ კოლეგებთან ერთად. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ, რადგან გაბრწყინებული იმედის თვალებით ვუყურებდი ჩემი ქვეყნის მომავალს, თავისუფალი და მშვიდი გულით ვსუნთქავდი და სწორედ სულ მალე გადამეკეტა ეს თავისუფალი სუნთქვა.
სანკტ-პეტერბურგში, ჩემს ბინაში სპექტაკლისთვის ვემზადებოდი როდესაც თავზე ომონის სპეც რაზმი და მილიცია ერთად დამადგა, მე და ჩემი ოჯახის წევრები იატაკზე დაგვაწვინეს და ჩემს ტირილით გაოგნებულ კითხვაზე თუ რატომ ჩადიოდნენ ამას?
მათ ასე მიპასუხეს "ეს თქვენს პრეზიდენტ სააკაშვილს ჰკითხეთო." მაშინ ტანში სისხლი გამეყინა. არ მახსოვს იმ დღეს როგორ და რა ვიცეკვე ან როგორ მოვიკრიბე ძალა, მაგრამ მოგვიანებით როდესაც მიზეზი გავიგე, საერთოდ დავმუნჯდი. პრეზიდენტის განკარგულებით ჩემს სახლში, ჩემი ქმრის ძმის ცოლის დედის ძმას ეძებდნენ, რომელიც ვერანაირად ვერ იქნებოდა ჩემი ნათესავი, შესაბამისად დღემდე ვერ ვპოულობ პასუხს იმაზე თუ რა შუაში ვიყავი მე?
ირმა ნიორაძის ”ანტიკვარული” სახლი პეტერბურგში
შემდეგ, მე და ჩემი მომღერალი და ჩარეცხილების შავ სიაში ჩაგვწერეს და მადლობა უფალს რომ არ დაგვაპატიმრეს, თუმცა ორივე დაგვბლოკეს და განსაკუთრებით გადაეკიდნენ ჩემი მეუღლის ბიზნეს და ღვინის ქარხანა დაუყადაღეს.
ჩვენ ვიცოდით ვინ აწვეთებდა ყურში ბატონ პრეზიდენტს საშინელებებს ჩვენს ოჯახზე, მაგრამ მაშინ ხომ სიტყვის თავისუფლება არ არსებობდა?
მე და ჩემი მეუღლე ჩვენი შრომითა და წვალებით რასაც ვიძენდით რუსეთში, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს სამშობლოში ვაბანდებდით, ქარხანაში სამუშაო ადგილების შექმნა სწორედ ამ შრომის ფასად გვიჯდებოდა.
2008 წლის საშინელი ომის შემდეგ მე და ჩემი ოჯახი ჯერ ინგლისში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავედით. ვერ აგიღწერთ თუ როგორი რთულია, ხელცარიელი გაიქცე სახლიდან და საკუთარ სამშობლოში ჩამოსვლის უფლების გარეშე, საზღვარგარეთ გადაიხვეწო და ნულიდან დაიწყო ყველაფერი, თუმცა იმასაც დავაყოლებდი, რომ ამისთვის არც ბატონი მიშას წინ დავმდგარვარ მუხლებზე და მითხოვია არიქა გმირის წოდება მიბოძეთთქო და არც ბატონ ივანიშვლთან გავქცეულვარ და მიწუწუნია, ნაციონალებმა დამჩაგრეს და ხელფასი დამინიშნეთთქო. ყველა მთავრობას რომ მოერგო და გამოიყენო, განსაკუთრებული ნიჭით უნდა იყო დაჯილდოვებული, რაც ვერასოდეს დაფუძნდება ჩემში.
ორი სიტყვით მინდა შევეხო იმ კომენტარებს, სადაც ქალბატონი ნინო ანანიაშვილის მიმართ შურში მდებენ ბრალს და ერთმანეთს უპირისპირებენ ჩვენს სახელებს. რატომ გგონიათ რომ მე და ნინოს ერთმანეთის გვშურს? ის ჩემთვის იყო და დარჩება ბალეტის ხელოვნების მეგა ვარსკვლავად და მისი არც პირველი გედობა და მით უმეტეს არც პირველი ლედობა შემშურდებოდა და იცით რატომ ???
პირველი იმიტო რომ, კარგად ვიცი რის ფასად ჯდება ჩვენი პროფესია, მეორე კი, არც ჩემით და არც ნინოთი დაწყებულა ჩემი ქვეყნის ისტორია და მადლობა უფალს რომ არც ჩვენით დამთავრდება ჩვენი საქართველო. ზოგმა რიგით ნომერ მეორე ბალერინად მომიხსენია, ზოგმა ლანძღვა გინება და თუ კი რამ ბილწსიტყვაობა არსებობს არ დაიშურა და ისეთი მრისხანებით გაილაშქრა ჩემზე რომ თემურლენგს, შაჰ აბაზსა და მურვან ყრუსაც კი შეშურდებოდა მათი სისასტიკის.