"დამიჯერეთ, მე იმ ვიდეოს გადაღებისას ცრემლებს ძლივს ვიკავებდი" სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პატარა ბიჭუნა გულაჩუყებული ტირის და ამბობს, რომ საქართველოში უნდა. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრ ადამიანს აუჩუყდა გული, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც სკეპტიკურად შეხვდა ამ ფაქტს. ვიდეო საფრანგეთშია გადაღებული. 5 წლის ტაო გურგენიძე, სწორედ აქ დაიბადა. ამის მიუხედავად პატარა ქართველს ძალიან უყვარს სამშობლო. როგორც ტაოს მამამ, დაჩი გურგენიძემ გვითხრა, ის და მისი მეუღლე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შვილებს სამშობლოს სიყვარული ჩაუნერგონ.
- უკვე 14 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ. ეს ცოტა დრო ნამდვილად არ არის ემიგრანტისთვის... ჩემი მეუღლე 2012 წელს ჩამოვიდა საფრანგეთში და აქ შევუღლდით. ტაო ჩვენი პირველი შვილია, რომელიც 2013 წლის გვეყოლა პარიზში. ტაო წელს პირველად იყო საქართველოში. სამწუხაროდ, აქამდე ჩასვლა ვერ მოვახერხეთ. ის ვიდეო, რომელსაც უამრავი ნახვა და გაზიარება ჰქონდა, საქართველოდან პარიზში დაბრუნების შემდეგ, ერთი საათშია გადაღებული. სამწუხაროდ, მე და ტაო სამშობლოში მხოლოდ ორი კვირით ვიყავით. დამიჯერეთ, მე იმ ვიდეოს გადაღებისას ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. რა გასაკვირია, რომ იქ უნდოდა, სადაც ყველა ეფერებოდა, სადაც ყველა ადამიანისგან სითბოს გრძნობდა, სადაც ბებია და პაპა ყავდა, რომლებიც ტაოს აღმერთებენ და ტაოა მათთვის ყველაფერი. მამაჩემმა ტაოზე მეტად განიცადა მასთან განშორება. რამდენიმე დღე საერთოდ არავის ელაპარაკებოდა, ტაოსაც კი ვერ ელაპარაკებოდა ინტერნეტით, რადგან ბავშვს უფრო არ განეცადა განშორება. ის ვიდეო ერთწუთიანია, ტაო კი მთელი დღის განმავლობაში ტიროდა და საქართველოში წაყვანას მთხოვდა.
- ადამიანები უმეტესად დადებით და თბილ კომენტარებს წერდნენ, თუმცა იყო ისეთი ხალხიც, რომლებმაც ნაგავი, ვითომ პატრიოტი მიწოდეს და მითხრეს, რომ ბავშვს ძალით ვატირებდი. მსგავსი ხალხის კატეგორია ყველა ერშია, მე კი ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, მხოლოდ კარგი დავინახო ადამიანებში. მე არ ვარ ყალბი პატრიოტი... შესაძლოა პირველად ტაო საკმაოდ გვიან ჩავიდა სამშობლოში, მაგრამ ჩვენ, მისმა მშობლებმა დაბადებიდანვე ვეცადეთ შეგვეყვარებინა მისთვის საქართველო. ინგლისური და ფრანგული სიმღერების ნაცვლად ქართულ ფოლკლორს ვასმენინებდით, მუდამ ქართულად ვსაუბრობდით მასთან. ამ ყველაფერში დიდი წვლილი შეიტანა ასევე დედაჩემმა, ზეინაბ მეტრეველმა, რომელიც პოეტი და მწერალია. დედა საკმაოდ ხშირად ჩამოდის ჩვენთან საფრანგეთში. ის ყოველთვის უყვება ტაოს, რომ საქართველოში სხვანაირი ცაა, სხვანაირად ანათებს მზე, სხვანაირი ჰაერია. ჩავიდა ტაოც საქართველოში, მიხვდა და იგრძნო, რომ სამშობლოში იყო. შესაბამისად, მისი ქცევაც სრულიად ლოგიკური იყო.
იხილეთ ვიდეო, რომელმაც ტაოს სახელი გაუთქვა
5 წლის ემიგრანტი ბიჭუნა, რომელიც საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს
- ერთი კვირა დეპრესიაში ვიყავი. არც მე მინდოდა წამოსვლა. ექვსი წელი არ ვიყავი ნამყოფი და მხოლოდ ორი კვირა არ არის საკმარისი, მოისიყვარულო შენი სამშობლო, ახლობელები, მეგობრები. სამწუხაროდ, სამსახური უფრო დიდი ხნით დარჩენის უფლებას არ მაძლევდა. ემიგრანტობა არ არის ადვილი. ჩვენ გვგონია, რომ თუ გავიქცევით ევროპაში, ამით ბედნიერები ვიქნებით. ეს, რა თქმა უნდა, მცდარი მოსაზრებაა. უნდა ვაღიარო, რომ მეც სულ საქართველოდან გაქცევაზე ვოცნებობდი. 2006 წელს პირველად რომ მოვდიოდი, აეროპორტში დედაჩემმა მითხრა, შვილო, კარგად დაიმახსოვრე, ყველაფერს და ყველას რომ გაექცე, საკუთარ ჯიშს მაინც ვერ გაექცევი და დრო მოვა აქ დაბრუნებაზე იოცნებებო. მაშინ გამეღიმა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ სიმართლე მითხრა. ახლა უკვე მანდ გამოქცევა გვინდა, უბრალოდ ჯერ არ ვიცით როგორ ავეწყობით საქართველოში ფინანსურად. აქ მეც და ჩემს მეუღლესაც სამსახური გვაქვს, ბავშვებს 100-პროცენტიანი ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა. ძნელია ასე ერთი ხელის მოსმით ჩაალაგო ჩემოდანი და დაბრუნდე უკან. მაგრამ მჯერა, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება. ამ იმედით ვცხოვრობ და ვიცი, რომ დავბრუნდებით. მინდა, ჩემი შვილები ქართულ გარემოში გაიზარდონ. აქ საერთოდ არ აქვთ ურთიერთობა ქართველ ბავშვებთან. ბაღში დადიან. პარიზიდან უკვე ერთი წელია გადმოვედით ქალაქ თოუქუეში და სხვათა შორის ტაო იმავე ბაღში დადის, სადაც ამჟამინდელი საფრანგეთის პრეზიდენტი, ბატონო მაკრონი დადიოდა. ასე რომ, რა ვიცი, იქნებ ერთ დღეს ისიც გახდეს პრეზიდენტი (იღიმის). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
- ტაოს ჰყავს პატარა ძმაც იოანე, რომელიც დიდად არ ჩამოუვარდება ცელქობით თავის უფროს ძმას. შესაბამისად ოჯახში მუდამ „ბრძოლაა“. ძალიან უყვართ ერთმანეთი. სადაც არ უნდა იყვნენ, ბაღში იქნება თუ ეზოში, ყველგან ერთმანეთს იცავენ. სამწუხაროდ იოანე ვერ წავიყვანე წელს საქართველოში. თურმე ორი კვირა ყველგან ტაოს სურათს ატარებდა. ძალიან ცუდად იყო, სერიოზული დეპრესია დაემართა. ყველგან ტაოს ეძებდა და ეძახდა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ამის შემდეგ ყველაფერს გავაკეთებ, რომ სადაც წავალ ორივე ერთად წავიყვანო.
- იოანე, რომ სასკოლო იქნება, მე და ჩემი მეუღლე ვგეგმავთ საქართველოში დაბრუნებას, რადგან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ თუ აქ გაიზრდებიან ჩვენი შვილები, მათ აუცილებლად დავკარგავთ. მერე ბევრად ძნელი იქნება მათი საქართველოში წამოყვანა, ასე რომ ჩვენ დავბრუნდებით!
მერი ბლიაძე