როგორც ცხოვრობენ და უძღვებიან ოჯახებს უცხოელი მშობლები მშობლებს ყოველთვის გვაინტერესებს, როგორც ცხოვრობენ და უძღვებიან ოჯახებს უცხოელი მშობლები, რა გვაქვს საერთო და რა მიდგომით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. უცხოეთში ჩვენს არაერთ თანამემამულეს უხდება ცხოვრება. მაია ტურაბელიძე უკვე 20 წელია იტალიაში ცხოვრობს. იტალიელი მეუღლე ჰყავს. მათი შვილებიც იტალიაში დაიბადნენ და გაიზარდნენ.
როგორი გარემოა იტალიაში ბავშვების აღსაზრდელად, რა პრობლემებზე ღელავენ ყველაზე მეტად იქაური მშობლები, რამდენად კმაყოფილები არიან სკოლების და მასწავლებლების. ამ ყველაფერის შესახებ მაია Mshoblebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
- 20 წელია, რაც იტალიაში ვცხოვრობ, მაგრამ საქართველოდან წასულად თავს მაინც ვერ ჩავთვლი, რადგან თითქმის ყოველ წელიწადს ჩავდივარ ჩემს მშობლიურ ქალაქ ქუთაისში და გარკვეულ პერიოდს იქ ვატარებ. სხვანაირად არც შემიძლია, მიწის ყივილი ძლიერია ჩემში.
იტალიაში მთარგმნელობით საქმიანობას ვეწევი, რაც რამდენიმე წლის წინ, რუსული ენით დავიწყე: ვთარგმნიდი, ვეწეოდი თარჯიმნობას და ერთ-ერთ ქარხანაში ლექციებს ვკითხულობდი, რომელიც საქმიან ურთიერთობას აწარმოებდა რუსეთთან, მაგრამ რუსებისთვის დაწესებული სანქციების გამო ურთიერთობა შეწყდა და მეც შევჩერდი. ამჟამად ქართული ენით ვარ დაკავებული ანუ თანამედროვე იტალიურ ლიტერატურას ვაცნობ ქართველ მკითხველს, რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან შემიყვარდა და ჩემს გატაცებად და სულიერ მოთხოვნილებად გადამექცა.
ჩემი მეუღლე იტალიელია, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც სიყვარული და ქალის პატივისცემა იცის, ნამდვილი ჯენლტმენია. ერთმანეთი ქუთაისში გავიცანით. მისმა ჩემდამი დამოკიდებულებამ თავდავიწყებამდე შემაყვარა ის, და ქორწინებაზეც დავთანხმდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთ გადაწყვეტილებას თუ ოდესმე მივიღებდი, მაგრამ სიყვარული მართლაც უძლიერესი გრძნობა ყოფილა და წინ ვერ აღვუდექი. ქუთაისში დავქორწინდით წმ. პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში, 1999 წელს. სხვათა შორის, ჩვენი იყო პირველი ოფიციალური ქორწინება ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ ანუ პირველი დამოუკიდებელ სახელმწიფოში. იტალიის საელჩო მაშინ არ არსებობდა საქართველოში და ბიუროკრატიული საკითხები ჯერ კიდევ მოსკოვში გვარდებოდა. ქორწინების ნებართვის საბუთიც სწორედ მოსკოვიდან ჩამოგვივიდა. ოჯახის შექმნამდე, გადაწყვეტილი გვქონდა ქუთაისში გვეცხოვრა, მაგრამ ცხოვრება ხშირად ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, და კი მოგვიწია იტალიაში გადმოსვლა, თუმცა საქართველოს მაინც არ ვკარგავ და ვერც მოვახერხებ, რადგან ჩემი სულის დიდ ნაწილს წარმოადგენს ის. ორი ულამაზესი გოგო შეგვეძინა, რომლებიც დღეს თითქმის 19 და 17 წლის არიან.
- თქვენი შვილები იტალიაში გაიზარდნენ. გაიხსენეთ ეს წლები, როგორი მიდგომებია მანდ ბავშვების აღზრდის თვალსაზრისით და როგორია ჩვენთან?
- დიახ, იტალიაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, თუმცა საქართველოში მოინათლნენ და ქართულ ტრადიციებს არ ივიწყებენ.
ბავშვის ფორმირება და აღზრდა, მე ვიტყოდი, ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ოჯახს, ისევე როგორც სკოლას, არანაკლები წვლილი მიუძღვის ბავშვის აზროვნების ჩამოყალიბებაში; და ასეც უნდა იყოს, მით უმეტეს, დღეს, როცა საზოგადოება იმდენად სახარბიელო თვისებებით არ გამოირჩევა. რაც უფრო მივიწევთ წინ, თითქოს მით უფრო იმღვრევა წყალი ჩვენ თვალწინ, იღრევა სამყარო და ეკარგება ფასი ბევრ რამეს. განსაკუთრებით, ადამიანური ღირსება ექცევა უკანა პლანზე. მის დეფიციტს განვიცდით და ამიტომაც ხდება უამრავი ცუდი რამ ჩვენ ირგვლივ. დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ახალგაზრდას ფეხი არ დაუცდეს და მცდარ წრეში არ მოხვდეს. მშობლის როლს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ყველაფერ ამაში. მან უნდა გაუკვალოს გზა შვილს და სწორი მიმართულება მიუთითოს. კარგი იქნებოდა, ოჯახისა და სკოლის თანამშრომლობა, მაგრამ ვერც საქართველოში და ვერც იტალიაში ეს ვერ ხერხდება. საქართველოში, სამწუხაროდ, ოჯახის ერთიანობას იმდენად დიდი ყურადღება არ ექცევა, უფრო სწორად, ვერ ხერხდება. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დასული ოჯახები ლუკმაპურის საშოვნელად რას არ აკეთებენ. დედები ქვეყნის გარეთ არიან გასულები და შვილების ზრდას სკაიპით ადევნებენ თვალყურს. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი და უზომოდ მტკივნეული პრობლემაა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ პრობლემის აღმოფხვრა. იმედია, უფრო მეტი მონდომება იქნება ამაზე ახლად არჩეული პრეზიდენტისგან, რამეთუ ის ქალია და იცის, დედის ფასი ოჯახში რაოდენ მნიშვნელოვანია. ამ მხრივ იტალიაში ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა. არა, მე არ მინდა ვთქვა, რომ იტალიაში ყველანაირად უზრუნველყოფილები არიან და დედებს არ უხდებათ ოჯახების დატოვება. ასე სულაც არ არის, მაგრამ იმ მცირე ანაზღაურებით, რასაც აქაური ხელისუფლება მომუშავე პირებს უხდის, მრავალი გადასახადის მიუხედავად, რაციონალური ხარჯვითა და ეკონომიური სვლებით, მაინც შეიძლება არსებობა. ვიმეორებ, არსებობა, და არა, გართობა. ეს უკანასკნელი სხვა ფენომენს წარმოადგენს კიდევ. მუშათა კლასი აქ დიდ ზეწოლას განიცდის უთვალავი გადასახადის ზემოქმედებით, სახელმწიფო წამომადგენლებისგან განსხვავებით.
რაც შეეხება იტალიურ სკოლას, აღმზრდელობითი პროგრამის არსებობის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებს მიზნის სრულად მიღწევას, თუმცა ვერც კი ვიტყვი, რომ ყოველგვარ ღონეს ხმარობს ამ მიზნის განსახორციელებლად. დემოკრატიულმა უფლებებმა ადამიანი თავის ნებაზე მიუშვა და რთული სამართავი გახადა. არა, დემოკრატია კარგია და საჭირო. ადამიანი არ უნდა იყოს ფიზიკურად და გონებრივად შეზღუდული, მაგრამ დამოკრატია და კანონი რატომღაც ერთმანეთში კამათობენ ზოგჯერ. კიდევ ვიმეორებ, ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს და თუკი ის სკოლასთან თანამშრომლობს, შვილზე ძალიან კარგი შედეგით აღინიშნება. მე პროფესიით პედაგოგი ვარ. საქართველოში მიმუშავია და ვიცი, რას ნიშნავს აღზრდა და სწავლება სკოლაში. აღარ მოვყვები ახლა ჩემს შვილებზე თხრობას, თუ რას აკეთებენ და რას მიაღწიეს, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: თავს უფლება არ მივეცი, ვერ მივეცი და არც შემეძლო, რომ მათთვის ქართული ენა, წერა-კითხვა და კულტურა არ მესწავლებინა. როცა სულში გიზის ეს ყველაფერი, არ შეიძლება შენს გამგრძელებლებს არ გადასცე.
რატომ არის აკრძალული ევროპის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში Wi-Fi-ის გამოყენება?
იტალიაში ცხოვრება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ხალხი შრომობს, ხელფასს ელოდება (რა თქმა უნდა, პატიოსან ადამიანზე მაქვს საუბარი); შვილების აღზრდისთვის იმდენად ვერ იცლის და სკოლას აკისრებს ამ მოვალეობას. ეს უკანასკნელი კი ოჯახს სთხოვს პასუხს, რადგან თვითონ იმდენად შემძლე არ არის აღზრდის პროცესი წარმართოს და დღევანდელ, სხვანაირ, უფრო გაჯიუტებულ თუ თავისუფალი აზროვნებისა და ქცევების თაობას ებრძოლოს. ასეთი ახალგაზრდობა მოვიდა დღეს და პედაგოგებს აქაც უჭირთ მისი მართვა. მე მგონი, ამ მხრივ, იტალია და საქართველო ერთმანეთისგან ძლიერ არ განსხვავდება.
აქაური სასწავლო პროგრამის შესახებაც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა: მოსწავლეთა დატვირთვა მაქსიმალურია; იმდენად რთული და სავსეა სწავლის პროცესი, რომ ყველაფრის მიმართ ალღოს აღება, ცოტა არ იყოს, ჭირს; თითქოსდა ფსიქოლოგები და პედაგოგები არც კი დამსხდარან ერთად სასწავლო პროგრამის შემუშავებაში. ასეცაა. აბა, ექვსი წლის ბავშვმაცა და თექვსმეტი წლის მოსწავლემაც როგორ უნდა უსმინონ ერთსაათიან გაკვეთილს, მით უმეტეს, ხუთი თუ ექვსი უტარდებათ ყოველდღიურად. ერთი საგანი სრულდება და იწყება მეორე, მეორეს მესამე მოჰყვება, მესამეს - მეოთხე და ა.შ. ყველაფერი ეს ყოველგვარი შესვენების გარეშე. ერთი თხუთმეტწუთიანი პაუზა აქვთ მხოლოდ, ისიც მერხთან ჯდომითა და რაიმეს წახემსებით, თუ მაინცდამაინც, საპირფარეშოში გასვლით (მახსოვს, ჩემს ბავშვობაში იმ ხუთწუთიან შესვენებაზეც კი ეზოში გავრბოდით საგუნდაოდ). სასწავლო მასალა დატვირთულია - ორმოცამდე გვერდი თითო საგანში. გასაგიჟებელია! ყველა მასწავლებელი თავისას ითხოვს. არავის აინტერესებს სხვა საგნის დავალებათა რაოდენობა. ეს ყველაფერი იმის საშუალებას გაძლევს, რომ ან სწავლას შეეწირო და ახალგაზრდულ გართობა-განმხუტვაზე უარი თქვა ან საერთოდ, ამ უკანასკნელით დაკავდე და სწავლაზე ხელი აიღო. ჩვენ ყველაფერს ვითვალისწინებით ოჯახში და შვილებს შეძლებისდაგვარად ვუნეიტრალებთ სკოლაში მიღებულ დაძაბულობას ბუნებაში გასვლითა და საინტერესო ადგილების დათვალიერებით. ვიმეორებ, მშობლის მონდომებაზე აქ, იტალიაში ბევრი რამეა დამოკიდებული.
- საქართველოში ყველას უყვარს ახალგაზრდა დედისთვის შენიშვნების მიცემა, განსაკუთრებით, უფროს თაობას. "თბილად ჩააცვი, თორემ გაცივდება" ან "გახადე, თორემ გადახურდება" და მსგავსი. იტალიაშიც ასეა?
- კი, იტალიაშიც ასეა. 25 წლის ახალგაზრდა დედა ვიყავი და ვინ რას მეუბნებოდა, ვინ რას მირჩევდა და ვინ რას მაკეთებინებდა; მაგრამ რომ ავუღე ალღო ამ "ზეწოლას", ჩემებურად მოვიქეცი და ყველას დავანახე, რომ დედაზე უკეთ შვილს არავინ იცნობს და შესაბამისად, ვერც ვერავინ გრძნობს მის ავსა და კარგს. შედეგიც სახეზე აქვთ და ვაღიარებ, დღეს კომპლიმენტებს არ იშურებენ.
- საქართველოში მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ საჯარო სკოლებში ბავშვები სათანადო განათლებას ვერ იღებენ და ამიტომ რეპეტიტორი მომსახურებით თითქმის ყველა მოსწავლე სარგებლობს. თქვენ რამდენად კმაყოფილი იყავით თქვენი შვილების ბაღით ან სკოლით, გქონდათ პრეტენზიები მასწავლებლებთან?
- კი, მქონდა პრეტენზია და ვესაუბრე კიდეც რამდენიმე მასწავლებელს. ჩემი შეშფოთება გადატვირთულ სასწავლო პროგრამასა და ბავშვების ფსიქოლოგიის გაუთვალისწინებლობას ეხებოდა, მაგრამ ყველა პედაგოგმა მხრების აჩეჩვით გამცა პასუხი, ჩვენ სხვა რამ არ შეგვიძლია, რამეთუ ზემოდან მოდის ეს სისტემაო; ამიტომაც ამუშავდა ჩემში შვილების მიმართ დიდი ყურადღების მექანიზმი, თუმცა ისედაც კი მახასიათებდა. გესმით ალბათ, რა მხარესაც ვგულისხმობ... მაგრამ ყველაფერთან ერთად დამოუკიდებლობისა და თვითრეაგირების უნარსაც ვუნარჩუნებდი მათ. გადატვირთული პროგრამის გამო მოსწავლეებს უხდებათ რეპეტიტორებთან სიარული, მაგრამ ჩემს შვილებს არ დასჭირვებიათ, ორივე მშობელი ფეხზე ვიდექით ამისათვის.
ერთი რამ მინდა დავამატო, რაც იმდენად არ შეესაბამება დასმულ კითხვას, მაგრამ მაინც: იტალიურ სკოლაში სექსუალური განათლება არ არის. მე კი ვფიქრობ, რომ ის გარკვეულწილად საჭიროა მოზრდილებში; რა თქმა უნდა, მოდერაციითა და მოსწავლის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით, ამისათვის შესაბამისი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ და ერთად შეადგინონ სწავლების პროგრამა.
- ქართულ სკოლებში ბულინგი სერიოზული პრობლემაა. იტალიაში თუ დგას იგივე პრობლემა და რას აკეთებს სახელმწიფო ამის თავიდან ასაცილებლად.
- კი, იტალიაშიც დგას ეს პრობლემა და სხვათა შორის, საკმაოდ მწვავედ. ზოგჯერ პედაგოგებზეც ხორციელდება ის მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან. ამ საკითხებისთვის სპეციალურად ფსიქოლოგები არიან სასწავლებლებში ჩასმულები და ისინი აწარმოებენ მოძალადეზე ზემოქმედებას; რა თქმა უნდა, საუბრის სახით, თუმცა პრობლემა მაინც რჩება. დრო და მენტალიტეტის შეცვლა სჭირდება მის აღმოფხვრას. თქვენ წარმოიდგინეთ, კარგ მოსწავლეებზეც ხდება მსგავსი ზეწოლა მათგან, ვინც არ სწავლობს. აღარაფერს ვამბობ შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე და ღარიბ ან გონებაჩამორჩენილ ბავშვებზე. ჩემმა შვილებმაც განიცადეს ის, მაგრამ ისევ ჩემი ჩარევით მოვახერხე მათ ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება - შვილები დავარწმუნე, რომ არ ღირს დროის კარგვა და ცუდ ხასიათზე ყოფნა გაბოროტებული ადამიანების გამო, და რომ ყველას თავისი გზა და მიმართულება აქვს.
- რას ხედავთ იტალიაში ისეთს, რაც მომავალი თაობისთვის ძალიან სასარგებლოა და რასაც მოკლებულნი არიან ქართველი მშობლები და ბავშვები.
- უფრო ევროპულ და გახსნილ აზროვნებას ვურჩევდი ქართულ სკოლებს, რაც საერთოდ არ ნიშნავს აღვირახსნილი ქმედებისაკენ ბიძგს. ამასთან ერთად ტრადიციების, ადათ-წესების, ისტორიისა და კულტურის არდავიწყებაც კარგია. იტალიის სკოლებში ეს ყველაფერი შენარჩუნებულია - მოსწავლეებს ასწავლიან და არავის ეძლევა უფლება იტალიური ტრადიციების დავიწყებისა. გაჰყავთ კიდეც ისინი ექსკურსიებზე და პრაქტიკულად ახორციელებინებენ თეორიულად შესწავლილს. კიდევ ის არის კარგი აქ, რომ წარჩინებულ მოსწავლეთა სხვა ქვეყნებში გაყვანა ხდება, იქაური სისტემის გაცნობა და მუშაობის პროცესზე დაკვირვება. აი, მაგალითად, ჩემი უფროსი გოგო მიწვეული იყო ბრიუსელის ევროპარლამენტში მის რამდენიმე თანასკოლელთან ერთად, სადაც მოახდინეს დაკვირვება ევროსაბჭოს დეპუტატთა მუშაობასა და მოღვაწეობაზე, რამეთუ დღევანდელი ახალგაზრდობა ჩვენი მომავლის საწინდარია და მათზე მყარდება კაცობრიობის ბედიც.
- რას ვერ შეეჩვიეთ იტალიაში დღემდე?
- იტალიაში რას ვერ შევეჩვიე... შეუჩვეველი არაფერია, გარდა ჩემი ქვეყნიდან მოშორებით ყოფნისა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ნოსტალგიას განვიცდი საქართველოდან დაბრუნების მეორე დღიდანაც კი. ჩემს თვალებს ცრემლი არასოდეს შეაშრება ალბათ...
- იტალიური რძალ-დედამთილობა როგორია?
- ყველაფერი ადამიანის შეგნებაზეა დამოკიდებული. რძალ-დედამთილის "ინსტიტუტი" აქაც არსებობს. ვაჟის შესაფერისი ცოლი ჯერ არ დაბადებულა ამქვეყნად, მიუხედავად იმისა, რომ რძალი საუკეთესო უნდა იყოს. ვხუმრობ, რა თქმა უნდა, თუმცა ეს საკითხი მართლა დგას აქეთ ისე, როგორც საქართველოში. ჩემი პირადი მაგალითიდან გეტყვით, რომ მე ეს პრობლემა არ მაქვს. შეგნებული ქალები ვართ მე და ჩემი დედამთილი, რომელიც, სხვათა შორის, პროფესორია და არც კი შეეფერება მის მენტალობას მსგავსი რამის განსაზღვრებას მოჰყვეს. ჩემი აზრით, უმჯობესია, ახალგაზრდა ოჯახმა ცალკე იცხოვროს, სხვისგან დამოუკიდებლად; თავის თავს თვითონ უპატრონოს და უხელმძღვანელოს, იმ გამხმარ პურის ნატეხს დასჯერდეს, რომელიც სუფთა შრომით მოიპოვა. დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრება ურთიერთშეთანხმებას არღვევს, ბოლოს და ბოლოს. ცალკე ცხოვრებითა და ერთმანეთთან დროგამოშვებით მისვლა-მოსვლით უფრო ნარჩუნდება პატივისცემა და სტაბილურადაც მიედინება ურთიერთობა. ამას ჩემი მაგალითიდან გამომდინარე ვამბობ, და არა მარტო, სხვებზე დაკვირვებითაც.
- უკვე მოზრდილი შვილები გყავთ. როგორ აფასებთ ამ გადმოსახედიდან თქვენს, როგორც მშობლის მიერ განვლილ გზას.
- არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი: რთულია იყო მშობელი. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. დიდი მონოდმებაა საჭირო, თუკი კარგი შვილები გინდა გყავდეს და არ აირიოს ცუდ შემხვედრებში. მე ჩემ მიერ დღემდე განვლილ გზას დადებითად ვაფასებ, მომავალში ვნახოთ...
- რას ურჩევდით ახალგაზრდა დედებს, რომლებიც ახლა შეუდგნენ ამ ბედნიერ, თუმცა ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო მისიას. რაზე გაამახვილონ ყურადღება და რაზე იღელვონ ნაკლებად.
- ეს ყველაფერი, რაც გითხარით, პასუხი იქნება ამ კითხვისა. მოკლედ კი იმას ვიტყოდი, რომ მშობლებმა ნაკლები ყურადღება მიაქციონ ცხოვრების მატერიალურ მხარეებს და ძირითადად ხაზი გაუსვან გრძნობებსა და ადამიანურ ღირსებას; შვილებს გვერდით დაუდგნენ და კეთილი თვისებებისკენ მიუთითონ; პატარაობიდანვე ასწავლონ იმ მცირედის ფასი, რომელიც სიცოცხლისთვის ეყოფათ, რითაც პატივს სცემენ ღარიბთა ლუკმას და მოკრძალებულ ცხოვრებასაც მიეჩვევიან. ბოლოს და ბოლოს, იესო სიღარიბეში დაიბადა და არა, ოქროთი სავსე სასახლეში.