ერთი კილოგრამი ნიგოზით კეთდება სამი ლიტრი მეგრული საცივი
ქართულ საახალწლო სუფრაზე საპიტიო ადგილს ტრადიციულად საცივი იკავებს. შესაბამისად, ამ კერძის მომზადებას ყველა დიასახლისი საუკეთესო რეცეპტით ცდილობს. სამაგიეროდ, დღემდე დავაა, როგორი რეცეპტი ითვლება საუკეთესოდ, აქედან გამომდინარე, დიასახლისებიც ბევრს კამათობენ.
ყველაზე რადიკალური განსხვავება მაინც მეგრულ საცივთან დაკავშირებით იჩენს ხოლმე თავს, რადგან ამ კუთხეში საცივის წამოდუღება მიღებული არ არის.
იმაზე, თუ როგორ უნდა მომზადდეს მეგრული საცივი, გამოცდილი მეგრელი დიასახლისი რჩევებსაც მოგვცემს და რეცეპტსაც გაგვიზიარებს.
საჭირო ინგრედიენტები:
ინდაური თეთრი ფერის ნიგოზი (ერთ საშუალო ზომის ინდაურს 800 გრამი ნიგოზი ჰყოფნის) ქართული ნიორი 3-4 კბილი დაფქული წიწაკა უცხო სუნელი ყვითელი ყვავილი ხმელი და ნედლი ქინძი მარილი
- კარგად დავარჩიოთ ნიგოზი და მასთან ერთად დავაბლენდეროთ ცოტა ქართული ნიორი, დაფქული წიწაკა, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი და ხმელი ქინძი გემოვნებით, შემდეგ მომზადებულ მასაში ჩავასხათ ინდაურის გაციებული ნახარში, შევაზაოთ მარილით გემოვნებით და ყველაფერი ერთად ხელახლა დავაბლენდეროთ. მე ასევე ვამატებ ნედლი ქინძის წვენს,(რომელიც მანამ მაქვს დაბლენდრებული, სანამ, ნიგოზის და სუნელების დამუშავებას ვიწყებ) ერთი სუფრის კოვზის ოდენობით, რადგან კარგ არომატს აძლევს.
- ნიგოზის და სუნელების ნაზავი ნახარში უნდა შევაზავოთ სისქის მიხედვით. ისე კი ერთი კილოგრამი ნიგოზით კეთდება სამი ლიტრი საცივი.
საშუალო ზომის ერთი ინდაურის საცივის გასაკეთებლად საჭიროა 800 გრამი ნიგოზი.
- მეგრულს საცივს არც ვადუღებთ, არც ვაცხელებთ. საცივის წამოდუღება იმერეთში იციან.
- საერთოდ, წესი ასეთია, რომ ინდაური საცივში უნდა ჩავაწყოთ, თუმცა ამ ბოლო დროს ზოგიერთი დისახლისი გაკეთებისთანავე არ აწყობს და ცალკე აქვს საცივის წვენი და მერე ალაგებს ხორცს, სუფრაზე გატანის დროს, რადგან ფიქრობენ, რომ საცივი ზედმეტად სქელდება ხორცთან ერთად. ეს უკვე გემოვნების და გამოცდილების საკითხია.