"აჟიოტაჟი ატყდა, თან სრულიად უსაფუძვლო. ეს იყო ცილისწამება" წელს სკოლებში ახალი საგნის სწავლება დაიწყო. მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებს "მე და საზოგადოებას" ძირითადად, დაწყებითი კლასის მასწავლებლები, კვირაში ორჯერ უტარებენ.
სანამ ეს სახელმძღვანელო დღის სინათლეს იხილავდა, მის გარშემო დიდი აჟიოტაჟი ატყდა. ვრცელდებოდა ჭორები, რომ მოცემულ სასწავლო საგანში სექსუალური განათლების საკითხები ისწავლებოდა.
საბოლოოდ, "მე და საზოგადოება" მიმდინარე წლის სექტემბრიდან უკვე სკოლებშია. თუ რა მიზანს ისახვს ეს სახელმძღვანელო და რა შედეგებზეა ორიენტირებული, ამის შესახებ გვესაუბრება ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სამოქალაქო განათლების ექსპერტი შალვა მეკრავიშვილი:
როგორც სასწავლო გეგმაშია გაწერილი, საგნის მიზანია, მოსწავლეს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოს საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. ასევე:
• დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში;
• ხელი შეუწყოს სოციალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებაში;
• გააცნობიერებინოს, რომ თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული;
• გამოუმუშაოს გარემოში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარი;
• ასწავლოს ზრუნვა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების დაცვაზე;
• განუვითაროს სხვადასხვა ტიპის კატასტროფების შემთხვევაში ადეკვატურად მოქმედების უნარი;
• ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბოს ეთიკა და ზნეობრივი ღირებულებები.
- საგანი "მე და საზოგადოება" ისწავლება მე-3 და მე-4 კლასებიდან. მის მასწავლებლად, ძირითადად, მოვიაზრებთ დაწყებითი კლასის მასწავლებლებს. რაც შეეხება თვითონ საგანს, იგი წარმოადგენს არსებითად საზოგადოებრივი მეცნიერებათა ჯგუფის, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების ინტეგრირებულ კურსს და ბუნებრივია ადაპტირებულია ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიაზე, აქ არ იგულისხმება მსოფლიო ისტორიის ან საქართველოს ისტორიის თემების შესწავლა. ამ შემთხვევაში აქცენტები კეთდება უნარების განვითარებაზე. თემა იწყება "ჩემი ოჯახით", შემდეგ არის სკოლა და ა.შ. მაგ. როდესაც ვსაუბრობთ საოჯახო რელიკვიებზე, ეს უკვე ისტორიაა. როდესაც ვსაუბრობთ თაობებზე, ესეც ისტორიის თემაა. როდესაც მოსწავლეებს ვესაუბრებით, რა გზის გავლა სჭირდება სახლიდან სკოლამდე, ეს უკვე გეოგრაფიის ნაწილია და სივრცით უნარების გამომუშავებაზე ვზრუნავთ, ხოლო როდესაც მოსწავლეებს ვესაუბრებით ჟანსაღი ცხოვრების წესსზე, ბავშვის უფლებების შესახებ და ა.შ. ეს უკვე სამოქალაქო განათლებაა. ასევე, როდესაც მოსწავლეები გაივლიან თემას "ჩემი ოჯახი", შეისწავლიან ჯანსაღი ცხოვრების წესის ელემენტებსაც. მაგ. მოისმენენ პირადი ჰეგიენის, ჯანსაღი კვების შესახებ ინფორმაციებს. ამ საგნის სწავლის ფარგლებში, ძალიან ბევრ და მნიშვნოლოვან ინფორმაციას ეცნობიან, თუნდაც იმას, როგორ დაკავდნენ სახლის პირობებში ფიზიკური აქტივობებებით, გამამხნევებელი ვარჯიშებით.
- დიახ, აჟიოტაჟი ატყდა, თან სრულიად უსაფუძვლო. ეს იყო ცილისწამება. თუმცა ეს აჟიოტაჟი მინელდა მას შემდეგ რაც, თავად სახელმძღვანელომ იხილა დღის სინათლე და დარწმუნდნენ, რომ მსგავსი არაფერი ისწავლებოდა ამ წიგნით. მოგეხსენებათ, სექტემბრიდან ამ საგნის სწავლება დაიწყო ყველა სკოლაში და ნახეს რეალურად რა ისწავლება.
ვფიქრობ, ნაკლოვანება იყო განათლების სისტემის, რომ აქამდე არ ისწავლებოდა ეს საგანი. მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი მეცნიერებები არიან სოციალური განათლების მთავარი ინსტრუმენტები. ადამიანები ვცხოვრობთ საზოგადოებაში და ამ სოციუმში მშვიდობიანად უკონფლიქტოდ, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით ცხოვრება უნდა შევძლოთ. აქამდე, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება იწყებოდა მე-5 კლასიდან. საერთოდ, ამ საგნის სწავლება პირველი კლასიდან უნდა დაწყებულიყო. გარკვეული ფინანსური და საათობრივი დატვირთვის გამო შეიქმნა პრობლემა და ამიტომ ვერ მოხერხდა პირველ და მეორე კლასებში საზოგადოებრივი მეცნიერებების შეტანა, ამიტომ მესამე კლასიდან დავიწყეთ, მაგრამ იმედი მაქვს მომავალში პირველი კლასიდანაც დაინერგება ამ საგნის სწავლება.
რუსკა კილასონია