– ვაიმე, შვილო, ხომ არაფერი იტკინე?!. - იყო ხმა სისხლგამდინარე გულისა ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი დედა-შვილი. დედა ღრმად მოხუცებული გახლდათ, მთელი ახალგაზრდობის წლები ერთადერთი შვილის გაზრდასა და მის კეთილდღეობას შეალია.
ერთხელ ვაჟი შინ გახარებული დაბრუნდა:
– დედა, მე ბედნიერი ვარ! ვიპოვე ადამიანი, რომელიც მსურს იყოს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ჩემი ტკივილისა და სიხარულის გამზიარებელი. მაგრამ… - და ვაჟი წუთით ჩაფიქრდა, თვალები ცრემლით აევსო, თუმცა მოიკრიბა გამბედაობა და თქვა: – დედა, გოგონა, რომელიც მიყვარს და მინდა, რომ ჩემი მეუღლე გახდეს, თავადაც თანახმაა... მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირობით, თუ მას შენს გულს მივუტან.
ვაჟმა დაამთავრა გოგოს დანაბარები, რაც მათი თნაცხოვრების წინაპირობა იყო, და ცრემლებით აევსო თვალები.
დედა ჩაფიქრდა. შვილი გულში ჩაიკრა:
– შვილო, ჯერ კიდევ არ იყავი დაბადებული, როცა მამაშენი დაიღუპა. მთელი ჩემი ახალგაზრდობა შენს გაზრდას შევალიე, რომ არასოდეს, არასოდეს არაფერი მოგკლებოდა, ქარში, წვიმაში, თუნდ ყველაზე სუსხიან ამინდსა და ზაფხულის ყველაზე ცხელ მზიან დღეს ვშრომობდი მხოლოდ შენი კეთილდღეობისთვის. დღეს კვლავ შემიძლია, რომ შენთვის უთქმელად გავწირო თავი, თუკი შენ ეს ჭეშმარიტ ბედნიერებას მოგიტანს შენი ცხოვრების განმავლობაში.
ბიჭს თვალები სიხარულით აევსო, დედის ბოლო სიტყვები არც კი გაუგონია, რომ უკვე ხელში ეჭირა მშობლის სისხლმდინარე, ჯერ კიდევ მფეთქავი გული და თავისი რჩეულისაკენ მიიჩქაროდა... უეცრად ქვას ფეხი წამოკრა და დაეცა, ვაჟმა ტკივილისაგან წამოიძახა: - ვაიმე, დედა…
– ვაიმე, შვილო, ხომ არაფერი იტკინე?!. - იყო ხმა სისხლგამდინარე გულისა, რომელიც კვლავ შვილის სიყვარულით ძგერდა…
წყარო: 4motivi.com