მაყვალა მრევლიშვილის ლექსები - მშობლები

მაყვალა მრევლიშვილის ლექსები

2014-05-23 09:55:33+04:00

საუზმე

თეთრი ხელსაწმენდი ავიფარე გულზე,ჩანგალიც მაქვს, კოვზიც, ახლა ვისაუზმებ. წყნარად ვუცდი საჭმელს,კოვზი მოვიმარჯვე,სულ გამოვცლი, თეფშზე ნამცეცი არ დარჩეს. გემრიელი არის დედა რასაც მაჭმევს! წყნარად, წყნარად ჭამე, ნუ საუბრობ, თიკო! საუზმის დროს ყველა ჩუმად უნდა ვიყოთ.

მაიმუნები

დახე, რა ამბავი აქვთ მაიმუნებს პატარებს, დედას ზურგზე ასხედან "აჩიკუდა" ატარებს. მოუსვენრად დახტიან, თვალებს დააცეცებენ, ამიტომაც შეარქვეს პაწაწინა მხეცები.

ტელევიზორი

მტირალა მელაკუდები ეკრანს მიუსხა ბებიამ: - უყურეთ, ტელევიზორში ჩიტები აფრინდებიან! აფრინდა ჩიტი, აფრინდა, ეკრანზე შეიფრთხიალა, გასწია თავის ბარტყებთან, მელაკუდებთან კი არა.

მზია და ვარდი

- ჩემო კარგო ვარდო, გაახილე თვალი? ასე ადრიანად ვინ დაგისხა წყალი? - შენმა დედამ დამისხა, გოგოცუნა ლამაზო, უჰ, იმდენი წყალი მასვა, სულ ყელამდის ამავსო. - რისთვის გინდა წყალი, ჩემო კოხტა ვარდო? - იმიტომ, რომ მალე დიდი გავიზარდო. - პაწაწინა ფოთლებზე პურს დაგიფშვნი ზემოდან; წყალი თუკი მოგწყურდა, პურიც მოგშივდებოდა. - არა, პური არ მინდა, გმადლობ, კარგო გოგონი, დედამიწა მაპურებს, გამიხარა კოკორი.

ნუღარ დამიბერდები

მე რომ მიყვარს მოფერება შენი თეთრი თმებია. ნუღარ დამიბერდები, ჩემო ტკბილო ბებია. მოფუსფუსე ხელები მუდამ მენანებიან. მუშაობით ნუ დაღლი, ჩემო ტკბილო ბებია. მეტი საქმე მოგვეცი შენს საყვარელ პატარებს. თორემ, ჩემო კეთილო, ცივ ნიავს არ გვაკარებ. ჩვენ რომ გვიყვარსმოფერება შენი თეთრი თმებია. ნუღარ დაგვიბერდები, ჩვენო ტკბილო ბებია.

მატარებლობანა

ჩუ-ქუ, ჩუ-ქუ, ნახე, ორთქლმავალი მოდის, ჩაუჯექი ჩქარა, არ დაგიწყებს ლოდინს! ჩავუსხედით ყველანი ესეც ჩვენი ბარგია, მატარებლით მგზავრობა ძლიერ, ძლიერ კარგია. სადგურია! მოვედით, სეირნობა კმარა, დადგა მატარებელი,- გადმობრძანდით ჩქარა!

თუ კაი კაცია

აჯაჯული-დაჯაჯული დაბრძანდება ბაჭია, ჩხუბი იცის "ვაჟკაცური", დაიჯაბნა პაწია. თავის ტოლებს მოერიოს, ეგ თუ კაი კაცია.

ყველაზე ლამაზო

ყველაზე ლამაზო, ყველაზე კეთილო, ნუ სწყრები მალ-მალე, პატარა დედილო! მე მინდა, ყოველთვის იცინო ლამაზად, ნებივრად გივლიდეს, მე ვეტყვი მამასაც. თავზე რომ მევლები, ზრუნვით რომ დამცქერი, ახლა მე ვიქნები სულ შენი დამცველი. პატარა, ჯიუტი თუ გყავდი აქამდე, ხომ უკვე დიდი ვარ, დარდები გაფანტე. გამგონეც ვიქნები, დამჯერიც ვიქნები, ოღონდაც ნათელ შუბლს ნუ იღლი ფიქრებით. თუ რამე ვიტკინე, მიშუშებ ალერსით. ახლა მე გაკოცებ მაგ ლამაზ თვალებში!

შაქრად

ყურძენს, ვაშლებს, ატამს შემოდგომა ხატავს. გემრიელად ხატავს, შინ სანამდე გვატანს. წითელ-ყვითელ ფერებს ოქროს ფუნჯით გაჰკრავს -აფერადებს მაგრად. დააყოლებს მერე: "შაქრად, შაქრად, შაქრად!"

ბედაური

ბედაური გახლავარ, ოქროს ფაფარგაშლილი. მათრახი არ მჭირდება, დავქრი ზღაპრულ რაშივით! ჯერ შემკაზმა პატრონმა წესითა და რიგითა, მერე ხმალი შეიბა, თოფი გადაიკიდა. გამაქროლა, გავწიეთ, ცხრა მთას იქით მაჭენა. ქაჯთა ციხე დალაშქრა, ლეწა ნაჭერ-ნაჭერად. შინ როდესაც დავბრუნდით, დამიჭიმა ფაფარი. სულ ჩვენს თავზე გადაგვხდა მზეჭაბუკის ზღაპარი.

საქანელა

ახლა ჩემი ჯერია, ჩამობრძანდი, მელია! გელოდები, ლოდინით გული გადამელია. ეგ რა მეგობრობაა, მარტო შენ რომ ქანაობ, ქანაობა მეც მინდა, დამსვი ხანდახანაო. აბა რა ვქნა, გენაცვა, ძლიერ მინდა ჩამოსვლა, ხომ არ ჩამოვფრინდები, თუ ილომ არ ჩამომსვა! ავქანდი და დავქანდი, ოდელია, დელია! – ულვაშებში იცინის ეშმაკუნა მელია.