2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღებისთვის 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება და სწავლა 21 იანვარს განახლდება.
"სწავლის დაწყების გადადებას აზრი არ ექნება, თუ სკოლა-ბაღებში ამ წესებს არ დაიცავენ"
რა თქმა უნდა, ვირუსის პრევენციის მიზნით, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სადენზიფექციო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. რამდენად მზად არიან ამისთვის საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები.
როგორც mshoblebi.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის თბილისის 130 ბაღს ჩაუტარდა დეზინფექცია, დარჩენილ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კი პროცესი გრძელდება და სწავლის დაწყებამდე ყველა ბაგა-ბაღი მომზადებული შეხვდება აღსაზრდელებს.
- სწავლის დაწყებამდე, დასუფთავდება, მოწესრიგდება ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ჩატარდება დეზინფექცია და დერატიზაციაც (ვირთხების საწინააღმდეგო პროცედურა), - აცხადებენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.
რუსკა კილასონია