აცრა და სისხლის აღება რომ უცრემლოდ დასრულდეს - გამოცდილი დედების ხრიკები - მშობლები

აცრა და სისხლის აღება რომ უცრემლოდ დასრულდეს - გამოცდილი დედების ხრიკები

2014-06-07 22:20:17+04:00

იმის წარმოდგენა, რომ პატარას რაღაც უნდა ეტკინოს, დედის გულს მოსვენებას არ აძლევს აუცილებლად დადგება დღე, როცა თქვენს პატარას სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანთ, სადაც საკმაოდ უსიამოვნო პროცედურა - სისხლის ანალიზის აღება ან აცრა გელოდებათ. ეს პროცედურები განსაკუთრებით ახალბედა დედებისთვის არის რთული გადასატანი. იმის წარმოდგენა, რომ პატარას რაღაც უნდა ეტკინოს, დედის გულს მოსვენებას არ აძლევს, ბავშვის ტირილსა და ნერვიულობაზე აღარფერს ვამბობთ. ალბათ ბევრ მშობელს აინტერესებს, როგორ შეამზადოს პატარა, რომ ნებისმიერმა მტკივნეულმა სამედიცინო მანიპულაციამ ნერვიული სტრესი არ მიაღებინოს და ექიმის შიში არ დაუტოვოს.

ჯერ კიდევ წინა დღით უთხარით, რომ ხვალ ექიმთან მიდიხართ, რომელიც ძალიან კეთილია. უშუალოდ მანიპულაციის წინ კი ეცადეთ, მოულოდნელად გადაატანინოთ ყურადღება. "ვაი, შეხედე, რა ლამაზი პეპელა (ჩიტი, თუთიყუში, "სპაიდერმენი" ბოლო-ბოლო) შემოფრინდა. შეხედე, შეხედე, საით გაფრინდა"... ამასობაში მთავარი სიძნელე - ჩხვლეტა დასრულებული იქნება. პატარა შეკრთა, მაგრამ არ დააყოვნოთ და უთხარით: "რაო საყვარელო, კოღომ ხომ არ გიკბინა თითზე" (ან რამე აგვარი). შეიძლება, ცოტა წაისლუკუნოს, მაგრამ ისტერიკას და გულამოსკვნილ ტირილს ნამდვილად აცდებით.

კიდევ ერთი ხერხი, რასაც დედიკოები იყენებენ, თვალების დახუჭვაა. ეს აცრის დროს უფრო მოსახერხებელია, რადგან ბავშვი ამ დროს შეგიძლიათ სახით თქვენსკენ შეაბრუნოთ და მისი სახე გულში ჩაიკრათ. ამ დროს ვერც ნემსმომარჯვებულ ექიმს დაინახავს და სავარაუდოდ, ვერც ჩხვლეტის პროცესს. დადგენილია, რომ ვიზუალური ფაქტორი უფრო აშინებს და ატირებს ბავშვს, ვიდრე ტკივილი. ასე რომ, აცრის კაბინეტიდანაც ტირილის გარეშე გამოხვალთ.

სასურველია, თუ სამედიცინო მანიპულაციების კაბინეტში კედლები დიდი ფერადი ნახატებით იქნება დატვირთული. "ჩხვლეტების" მომენტში ბავშვის ყურადღების გადატანა ასეთ ნახატებზე უფრო ადვილი იქნება.

რაც მთავარია, ყოველი პროცედურის შემდეგ შეაქეთ პატარა და თავზე ხელი გადაუსვით. ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ ბავშვს დღეში 30-ჯერ მაინც უნდა გადაუსვათ მოფერებით თავზე ხელი.

არ დაგავიწყდეთ, რომ დედის განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ იღიმით, ბავშვი მშვიდადაა, თუ შეშინებული და დაბნეული სახე გაქვთ, ბავშვიც შეშინდება და აუცილებლად იტირებს. ყოველთვის ხალისიანად ელაპარაკეთ და სამანიპულაციო კაბინეტში პრობლემა არასოდეს გექნებათ.