ქმარმა მაშინ მიატოვა, როცა ბავშვი სამი წლის იყო. ქმრის ოჯახმა გამოუცხადა, რომ ბინა უნდა დაეცალა. თუმცა ქალი სახლიდან გამოსვლას არ გეგმავდა. მამამთილმა პოლიციის (გლდანის) მეორე განყოფილებაში განცხადება დაწერა, რძლისა და შვილიშვილის გამოსახლების შესახებ. პოლიციამ თავისი საქმე გააკეთა და დედა-შვილი ღია ცის ქვეშ დარჩა.
სამსახური არ ჰქონდა. მისი პირადი ნივთები, რომელიც სახლიდან გამოიტანა, მეზობლის სათავსოში შეინახა, სანამ ბინას იქირავებდა.
ერთ მშვენიერ დღეს, მეზობელმა უთხრა, რომ ყველაფერი მოპარეს. პოლიციაშიც არ განუცხადებია... ძალიან დაუცველი იყო. ვერ ფიქრობდა...
მას შემდეგ ბევრი ტკივილიანი, ცრემლიანი და მძიმე დღე გამოარა. შეეძლო ბავშვი მშობლებთან, სოფელში გაეგზავნა, მაგრამ ეს პრინციპულად არ გააკეთა. ბავშვი გვერდიდან არ მოიშორა.
დღესასწაულებს მისი შვილისთვის მეგობრები აწყობდნენ. ბავშვის მამა კი უდარდელად აგრძელებდა ცხოვრებას. თუმცა, ერთ დღეს დააკავეს...
პატარა ბიჭი ხელნაკეთ ნივთებს ყიდის და მარტოხელა დედას ეხმარება...
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილმა ცოლმა შესთავაზა, ბავშვი ენახა. შვილს სკოლაში მიაკითხა და წინასწარ შეამზადა, რომ გარეთ მამა ელოდებოდა, ცოტა შეცვლილი და ამის არ შეშინებოდა.
დედა ცდილობდა მამას და მის ოჯახს შვილთან კონტაქტი ჰქონოდათ, მაგრამ ბავშვის მამა ამას მხოლოდ მაშინ აკეთებდა, როცა „ამის ხასიათზე“ იყო.
წლებთან ერთად ქალს ჯანმრთელობა შეერყა. შვილი 9 წლისა ისე გახდა, რომ დედა მძინარე არ უნახავს. დედა დილით ძალიან ადრე დგებოდა და გვიან იძინებდა. ამ დროში სამსახურიდან სამსახურში გადარბოდა.
რაღაც პერიოდები მისი სისუსტე უმართავი ხდებოდა. ამას ემატებოდა მეხსიერების და გონების დაკარგვა. ბავშვს აჩვევდა და პაციენტის მომვლელივით არიგებდა, ცუდად გახდომის შემთხვევაში რა უნდა გაეკეთებინა.
ბავშვიც შეეჩვია დედის ამ მდგომარეობას და აქ მოიკრიბა 9 წლის ბავშვმა ყველა მამის, შვილისა და ქალის ძალა და თვითგადარჩენაზე ფიქრი დაიწყო.
დედის მეგობრების წყალობით ბავშვის შესახებ ინფორმაცია ambebi.ge-ზე გამოქვენდა. ინტერვიუში სანდრომ გულახდილად ისაუბრა მის სურვილებსა და ოცნებებზე. პირველივე სურვილი „პალიტრა მედიის“ მენეჯმენტმა აუსრულა.
პატარა ბიჭი ბევრმა შეიყვარა და დღემდე ყურადღების ცენტრშია. 11 წლისას კი მის ცხოვრებაში წარმოუდგენელი ცვლილებები დაიწყო. მან ტრადიციად და მუდმივ საქმიანობად აქცია ხელნაკეთი ნივთების დამზადება და გაყიდვა.
11 წლის იუბილეზე, მილანის სამრევლოსა და ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოს სახელით სასურველი ველოსიპედი აჩუქეს. სანდროს მიმართ ყურადღება ამით არ დასრულებულა.
მილანის სამრევლოს წევრის ქეთევან მამაგულაშვილის იდეით, რომელმაც მათ შესახებ ბავშვის დედის მეგობრისგან შეიტყო, სამრევლოს წინამძღვარს, კირიონ მაჩაიძეს სთხოვა, რომ მას და თავის მეგობრებს სანდროზე ეზრუნათ.
ასე დაიწყო კავშირი ემიგრანტებთან, რომლებსაც სანდრო მხოლოდ ფოტოებით ჰყავდათ ნანახი და გადმოცემით იცოდნენ მის შესახებ.
12 წლის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე უცნობმა „დედობილებმა“ სანდროს მილანში გასამგზავრებელი ბილეთები გამოუგზავნეს.
სანდრო დედასთან ერთად მილანში, უცნობ, მაგრამ უკვე ყველაზე საიმედო ადამიანებთან ერთად შეხვდა თავის დაბადების დღეს. მის დაბადების დღეზე გაიცნო ის ადამიანები, რომლებიც რიგი მიზეზების გამო იძულებული გახდნენ საქართველოდან წასულიყვნენ და ოჯახებს შორიდან დახმარებოდნენ. დღეს სანდროც მათი ოჯახის ნაწილია. მათი ფიქრი და საზრუნავია.
ამ ამბავში მნიშვნელოვანი ის არის, ამ ემიგრანტებს ჰყავთ ოჯახები, შვილები, შვილიშვილები, მაგრამ უანგაროდ „იშვილეს“ სანდრო. ამით ცდილობენ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარონ. მომავალი შეუქმნან და გააფერადონ სანდროს დღეები. ამასთან, ყურადღებით ადევნებენ თვალს სანდროს განათლებას.
P.S. აქვე ერთ ამბავს გაგიზიარებთ, რომელსაც სანდრო არასდროს ასაჯაროებს:
ემიგრანტების ყოველთვიური გზავნილიდან სანდრო მცირე ნაწილს ქუჩაში ხელგაწვდილი მოხუცების დახმარებისთვის იყენებს. ამით ის ცდილობს სიკეთეს სიკეთით უპასუხოს.
ნანიკო ჩხაიძე