თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია მძიმე ავადმყოფობის შედეგად 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.
ყველასთვის ცნობილ წყვილს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი, მარიამი ჰყავთ. ის საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სახეა, თუმცა გურანდა გაბუნიამ მასზე წლების წინ ჟურნალ "რეიტინგში", ანა კალანდაძესთან ისაუბრა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, შვილს რამდენიმე წელი არ აჩენდა, რადგან მსახიობი ცოლ-ქმრისთვის ხელოვნება იყო მთავარი.
- ბავშვს რამდენიმე წელი არ ვაჩენდი, რადგან ჩვენთვის ხელოვნება იყო მთავარი. დედა 30 წლის ასაკში გავხდი.
- მარიამი არასოდეს გამოჩენილა პრესითა თუ ტელევიზიით. ბევრმა არაფერი იცის მის შესახებ და არც ის, რა პროფესიის არის...
- დიახ, არ უყვარს. არც ის მოსწონს, როცა ინტერვიუში ვახსენებდით. ეს აკრძალული მქონდა. ერთხელ ოთარმა თქვა, ნეტავ, მსახიობი გახდეს ჩვენი გოგონაო, მაგრამ ეს თავად არ უნდოდა. მარიამი შესანიშნავად ფლობს ინგლისურ ენას. ერთხელ კონკურსი იყო, რომელშიც 250 ბავშვი მონაწილეობდა, მათგან სამი ამერიკაში სასწავლებლად უნდა გაეგზავნათ. მათ შორის მარიამი პირველი აღმოჩნდა. მახსოვს, როცა გაიმარჯვა, გურამ ფირცხალავამ მაგიდაზე იცეკვა.
- თქვენ მიმართ მეუღლე მკაცრი იყო და მარიამთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?
- არა, მარიამზე გიჟდებოდა. არასოდეს დამავიწყდება ოთარის რეაქცია, როცა ბავშვი სამშობიაროდან სახლში მოვიყვანეთ. როცა გავშალე და მან პატარა ფეხუნები დაინახა, თქვა, ეს შეუძლებელია, ჩემი თითები აქვს, როგორ გადაუვიდა ჩემგანო. მერე ხელებზე დახედა, აქაც რომ დაინახა მსგავსება, ამაზე ხომ სულ მთლად გადაირია - სიხარულისგან კინაღამ შეიშალა. მარიამი პატარა რომ იყო, ოთარს მთათუშეთში ფილმში იღებდნენ. შვილი ისე მოენატრა, რომ მთიდან ფეხით წამოვიდა. ბათინკები ეცვა, ''პაკრიშკებს'' რომ ეძახდნენ. სახლში რომ მოვიდა, ფეხები სულ დასისხლიანებული ჰქონდა. მახსოვს ისიც, როცა ოთარს სოჭში ''დიდოსტატის მარჯვენაში'' იღებდნენ, იქ ოცი დღე დარჩა. ოთარი ძალიან კარგად აძინებდა ბავშვს და მთელი ის ოცი დღე, როცა ჩვენ თბილისში დავრჩით, მარიამი სულ ტიროდა. ხან ლია მიქაძე მოვიდოდა, ხან ჩემი მეზობლები: ნაზიკო და მარიკა შემოდიოდნენ, ყველა ცდილობდა ჩემს დახმარებას, მაგრამ მარიამი მაინც გაუჩერებლად ტიროდა. ოთარი ჩამოვიდა თუ არა და ბავშვი ხელში აიყვანა, მაშინვე გაჩერდა და მშვიდად დაიძინა.
- ფიზიკური მსგავსებაც დიდია მამა-შვილს შორის...
- დიახ, მარიამი მამას ძალიან ჰგავს, მისი ასლია. გვერდი-გვერდ რომ იდგნენ, ხომ საერთოდ!
მარიამ მეღვინეთუხუცესზე ცნობილია ის, რომ ფლობს ედინბურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფინანსებსა და ინვესტიციებში და საბანკო სექტორში მრავალწლოვანი გამოცდილება აქვს. იგი ასავე მუშაობდა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოში, მანამ კი, როგორც თიბისი ბანკში დაგვიდასტურეს, ამ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. აგრეთვე გახლდათ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი.
მოამზადა რუსკა კილასონიამ