ერთი ჩვეულებრივი ქართველი დედის დღიურები ერთი ჩვეულებრივი ქართველი დედის დღიურები
...ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო... ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რომლის სრულად აღქმა და გაცნობიერება ჯერ კიდევ მიჭირს... ეს ეტაპი შენ ხარ, ჩემო პაწიავ და უსუსურო, საყვარლად რომ იღიმები ძილში და თვალებდაჭყეტილი რომ შემომყურებ ფხიზელი, თითქოს მართლა მხედავდე...
გაიარა ცხრათვიანმა მოლოდინმა, როცა ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი სიფრთხილით გელოდი, მუცელში გელოლიავებოდი, გესათუთებოდი, რომ ეს პერიოდი მშვიდობიანად გაგვევლო ორივეს ერთად, შენ და მე, ერთ არსად ქცეულებს. მეც ხომ შენთან ერთად ვიბადებოდი - როგორც ნამდვილი ქალი, დედა... შენს ყოველ გულის ძგერას, მუცელზე მობაკუნებას თუ გატოკებას რუდუნებით ველოდი და წარმოგიდგენდი, როგორი იქნებოდი, ღამეებს ვათენებდი იმაზე ფიქრით, თუ როგორ ჩაივლიდა ყოველივე და როგორი პაწაწუნა მოევლინებოდა ამ ქვეყანას, ვემზადებოდი, ვშიშობდი და ისევ გელოდი. მოუთმენლად გელოდი.
ის წამიც დადგა. ეს ტკივილი ევადან მოყოლებული დაგვიწესა ღმერთმა და მართლაც ტკივილით ვშობთ. ტკივილით, რომელიც ენით აუწერელი და სიტყვით უთქმელია. ასე გგონია, სამყარო სრულდება, რომ მეტის ატანა აღარ შეგიძლია, თითქოს სიკვდილს უყურებ თვალებში და უცებ... როცა შენი შვილი, შენი სიყვარულის, ზრუნვის ნაყოფი ევლინება ქვეყანას ჭყიპინითა და ტირილით, ყველაფერი გავიწყდება. ის იმ ტკივილსაც გავიწყებს და 9-თვიან ლოდინსაც, ყველაფერს. ერთ წუთში ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგება, რაც კი გარშემო გახვევია და მთელ შენს სამყაროს იპყრობს, ამიერიდან შენთვის პირველი ის ხდება და მერე დანარჩენი... გრძნობ, რომ ეს ის არის, რისთვისაც ღირს ცხოვრება, ეს არის ახალი და ძალიან რთული ეტაპი, მძიმე ჯვარი, რომელსაც დედობა ჰქვია და რომელსაც სულ ახლახან შევუდექი.
დედი, ჯერ ძალიან მიჭირს ამ უდიდესი მისიის შესრულება. ხანდახან ვეთიშები აქაურობას, ხანდახან ვწუხვარ კიდეც, ვბრაზობ, როცა ვერ გაძინებ, ან როცა რამე გაწუხებს, ვტირი შენთან ერთად, ვიბნევი კიდეც, მაგრამ უნდა მაპატიო. ჩემთვის ეს მართლა ახალი და უაღრესად საპასუხისმგებლო რამაა.
რამდენი სხვისი ბავშვისთვის მომივლია, თითქოს ძალიან გამოცდილი მეგონა თავი, მაგრამ შენი საკუთარი შვილი სულ სხვა რამაა. შენი შვილის ტირილი გულში გესობა, მისი ტკივილი ტანში გივლის ჟრუანტელივით, მისი ღიმილი კი მთელ სხეულს გითბობს და გახალისებს.
როცა შენს პაწია თითუნიებს, ფეხუნიებს ვუყურებ და ვეფერები, როცა საყვარელ თავზე გეალერსები ან თვალებში გიყურებ, მაშინ ყველაზე მეტად შეგიგრძნობ და დედობრივი ბედნიერების განცდა მეუფლება. როცა ძუძუზე აკრული ტუჩებს აცმაცუნებ, თითებს მკერდზე მიცაცუნებ, ასე მგონია, დაუჯერებელ ზღაპარში ვარ... ჯერ კიდევ მიჭირს ამის დაჯერება და ჯერ ბოლომდე ვერც იმ ბედნიერებას ვითავისებ... ეს ყველაფერი წინ მაქვს, წინ გვაქვს მე და შენ, ჩემო სიცოცხლე...
შენით გავიზარდე და დავქალდი, გავხდი დედა. ჩემი და შენი მამიკოს სიყვარულის ნაყოფი ხარ. შენმა დაბადებამ ისიც სხვაგვარად დამანახა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არჩევანში არ შევცდი და ჩემი შვილის მამა შესანიშნავი ადამიანია, შენი მამიკო უზომოდ მიყვარს. ორივენი მიყვარხართ, ჩემი სიცოცხლეები ხართ და თქვენ გამო მიხარია ცხოვრება...
იცი, შენთან ერთად კიდევ ერთი რამე გავიგე და დავინახე: შენი ბებია და ჩემი დედიკო კიდევ მეტად შემიყვარდა, დედობრივი სიყვარულის, მზრუნველობის, რუდუნების, უანგარობის მაგალითს ყოველწამიერად მაძლევს, მამხნევებს, გვერდში მიდგას და ჩემთან ერთად იზიარებს ამ პირველ მძიმე და იმავდროულად სიხარულით სავსე დღეებს...
დედი, ჩემო ერთო, მინდა ძალიან ბედნიერები ვიყოთ ყველანი, მინდა ჯანმრთელი და კარგი ბიჭი დადგე. შენთვის ვლოცულობ და მინდა ღმერთი გფარავდეს მუდამ. მინდა ჩემი დედობრივი ინსტინქტიც კიდევ მეტად გაძლიერდეს, უფრო მოვღონიერდე, გამოცდილება შევიძინო და კარგად მოგიარო, მე და შენმა მამიკომ არაფერი მოგაკლოთ, უპირველესად - სითბო და სიყვარული. ძალიან მინდა ბედნიერება, სიმშვიდე და სილაღე, ახლა ყველაზე მეტად მინდა ეს ამქვეყნად, ასე არასდროს მდომებია - ახლა შენ გამო, შენთვის, შენით, შენად, შენთან ერთად მინდა ბედნიერება.
ჩემო სიცოცხლე, დღეს 12 დღე გავიდა, რაც ამ ქვეყანას მოევლინე და რაც მე დედიკოდ მაქციე... მადლობა ამ საჩუქრისთვის, ღმერთო!
30.06.2007წ.