უკვე სიზმარშიც გამუდმებით გხედავ... შენი დაბადებიდან ორი კვირა სიზმრად ისევ უშვილო ვიყავი, ახლა კი ყველა სიზმარში თან მყავხარ... ერთი ჩვეულებრივი ქართველი დედის დღიურები. ნაწილი მეორე.
დღეს პირველად თქვი "აღუ"... უკვე ცოტათი თვალსაც აყოლებ რაღაცებს და თითქოს გესმის კიდეც. სულ რამდენიმე დღეც და სრულად დაინახავ და გაიგებ; მინდა, შენი ცხოვრების გზაზე მეტი უკეთესი გაგეგოს და დაგენახოს. შენი პირველი "აღუ" კი უამრავ ლამაზ სიტყვად ქცეულიყოს!
5.07.2007 წ.
20 დღე გავიდა... შენ თანდათან იზრდები, ლოყები გიფუვდება, კისერიც საყვარლად ჩაგიმრგვალდა და თითუკებიც, თუმცა კუჭის პრობლემები ისევ გაქვს და ყოველი შენი ტირილი თუ ტკივილით გამოწვეული გატოკება გულში მირტყამს. ეს დღეები თითქმის არ მიძინია, მუდმივად ვნერვიულობ, ვფიქრობ, რა გიშველო. მეუბნებიან, რომ ასეთი რამ ბევრს აქვს ამ ასაკში, სანამ კუჭნაწლავის სისტემა ჩამოყალიბდება, ზოგიერთს 3 თვემდეც აწუხებს გაზები და ბევრი 3 საათიც კი გადაბმულად ტირისო... 3 თვემდე კი არა, ერთი წუთიც ვერ ვიტან იმას, რომ რაღაც გტკივა და ვერ გშველი. შენი 5-წუთიანი ტირილი კი ჩემთვის უკვეა 3 საათი!
გული მიკვდება, როცა მუცულა გტკივა, ყველა შვილიან მეგობარს სათითაოდ ვურეკავ და ტვინს ვუბურღავ შეკითხვებით. თუ მეტყვიან, რომ მათ შვილსაც ჰქონდა ამ ასაკში იგივე პრობლემები, თითქოს ოდნავ გულს მომეშვება... სხვადასხვა ექიმთან დავდივარ, ვცდილობ რამე გიშველო, მაგრამ, როგორც ჩანს, მართლა დროის ამბავია და თავისით უნდა გაიაროს. თითქოს შევეგუები ამ აზრს, თავს დავიმშვიდებ, მაგრამ როგორც კი მორიგი სპაზმები გეწყება და ტკივილისგან იკრუნჩხები, თავიდან ვკვდები, მერე ვტირი, იმაზე ფიქრით ვიტანჯავ თავს, რომ ცუდი დედა ვარ, ვერ გივლი, რომ მზად არ აღმოვჩნდი ამხელა პასუხისმგებლობისთვის... სინამდვილეში, მართლაც ურთულესი საქმე, მისია, მოვალეობა და შრომაა, მაგრამ ამისი ნამდვილად არ მეშინოდა და არც ახლა მეშინია ან მეზარება. მე მხოლოდ იმას ვერ ვეგუები, რომ რაღაც გაწუხებს, ტირი, შველას ითხოვ ასეთი პაწია და უსუსური, და ვერ გშველი, ეს მანადგურებს და მთრგუნავს...
ახლა ყველაზე ნათლად წარმოვიდგინე იმ დედების განცდა, რომელთა შვილებს მართლა სერიოზული დაავადება აქვთ. წარმომიდგენია, რამხელა იქნება ის ტანჯვა, როცა შენი შვილი მძიმედ არის ავად და ვერაფერს შველი... ღმერთო, ყველა დედას აშორე ასეთი ტკივილი...
დედი, ჩემო საყვარელო, მხოლოდ იმიტომ მინდა, დრო მალე გავიდეს და წამოიჩიტო, რომ ამ საწუხარისგან დაისვენო და ერთმანეთთან ურთიერთობისთვის მეტი დრო და ენერგია დაგვრჩეს ორივეს. მამიკოც არ იყურებოდეს დაფეთებული თვალებით, როცა მორიგი ტირილის სეანსები გაქვს... არადა, ცდილობს დამალოს ეს წუხილი და მე არ მაგრძნობინოს, ხუმრობს კიდეც, მართლა გვერდში მიდგას... ძალიან კარგი მამიკო გყავს, ჩემო ერთადერთო შვილუკა...
8.07.2007წ.
დღეს მინდა ჩემს დედიკოს დავუწერო ეს სიტყვები, შენს ბებოს.
დე, ერთი თვეა, რაც შენს ამპლუაში ჩავდექი და დედობის ტვირთის ზიდვა დავიწყე და ვაღიარებ, რომ ყველაზე მძიმე ტვირთია, რაც კი მიზიდია, ტვირთი, რომელზეც უარს ვერ იტყვი და არ იტყვი, ტვირთი, რომელიც მძიმესთან ერთად, ყველაზე საყვარელია... მართლა რთული ყოფილა ეს ღამეების თენება, დარდი, ზრუნვა... არადა, სულ ერთი თვეა გასული და უკვე დავიღალე, გადარეულივით დავდივარ. შენ კი, სამი გაგვზარდე და რამდენი ღამე გითენებია თეთრად, რამდენი ტკივილი, ცრემლი, ოფლი, იმედგაცრუება თუ სხვა რამ ახსოვს ამ წლებს, მაგრამ ერთხელაც არ დაგიწუწუნია, ერთხელ არ დაგიყვედრებია ჩვენთვის ეს ტვირთი. არც ერთს არ მოგვაკელი სითბო და სიყვარული, ზრუნვა და ალერსი და დღემდე მოგვიყვანე. ახლა ჩვენს შვილებს ადგახარ თავზე და ისევ ისე, დაუწუწუნებლად, ენერგიულად და მხნედ წევ ჭაპანს, ნამდვილი მაგალითი ხარ ჩემთვის, დედობის მაგალითი. ღმერთს ვთხოვ, შენნაირი დედა ვიყო, შენი ძალა, ენერგია, სიხალისე და უმშვიდესი ხასიათი მომცეს, რომ ასევე გავზარდო ჩემი შვილები.
ადრე ნაკლებად ვაკვირდებოდი ამ ყველაფერს. როცა ჩემი ოჯახი, ჩემი პატარა კუთხე შევქმენი, სხვა თვალით შევხედე სამყაროს. ბევრ რამეში დავრწმუნდი და უპირველესად იმაში, რომ უზომოდ მიყვარხარ და გამუდმებით მენატრები, როცა გვერდით არ ხარ. დავრწმუნდი, რომ საოცარი ადამიანი ხარ და ეს უკვე ობიექტური შეფასებაა და არა ის, რომ ყველა შვილს დედა იდეალური ჰგონია. უკვე ზრდასრული ადამიანი ვარ და შემიძლია ობიექტურად შევაფასო. მართლა საოცარი პიროვნება ხარ, მიუხედავად უამრავი ცხოვრებისეული სირთულისა, შეძელი ისეთივე გულწრფელ, თავმდაბალ, კეთილ და მხიარულ ადამიანად დარჩენილიყავი, როგორიც იყავი და მიუხედავად არც ისე დალხენილი ცხოვრებისა, ჩვენთვის არაფერი მოგიკლია.
ამ ცხოვრების განმავლობაში ბერჯერ გვიტკენია გული და მომავალშიც ჩავიდენთ მსგავს შეცდომას. პირადად მე, ხანდახან სულელური თუ უაზრო ახირებების გამო ბევრი სისულელეც მითქვამს. მაგრამ დამიჯერე, ახლა რომ ვარ, ასეთი გულწრფელი არასდროს ვყოფილვარ. ახლა გწერ სავსებით გააზრებულად იმას, რასაც ვგრძნობ, ვფიქრობ, განვიცდი.
დედა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ამ ერთი თვისთვისაც, რომელსაც მხოლოდ შენ მატანინებ, თორემ მართლა გავგიჟდებოდი. დიდი მადლობა ამ მხარში დგომისთვის, იმისთვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებია ამ ცხოვრების განმავლობაში. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ სწორედ შენი თავი მარგუნა დედად. მინდა იცოდე, რომ მართლა უზომოდ მიყვარხარ, არა მარტო იმიტომ, რომ დედა ხარ. მიყვარხარ გააზრებულად, შენი უამრავი დადებითი თვისების გამო, იმის გამო, რომ სწორედ ასეთი ხარ... მინდა დიდხანს იყო ჩემ გვერდით და მინდა ბედნიერს გხედავდე... ძალიან მიყვარხარ...
P.S ჩემს პაწაწუნასაც უკვე ძალიან უყვარხარ. მის ცხოვრებაში ხომ თითქმის დედასთან ერთად შეიჭერი და დედაზე ნაკლებად არ უვლი...
13.07.2007წ.
ჩემო შვილუკა:) დღეს შენს ცხოვრებაში პირველი უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩაიწერა - დღეს შენ ქრისტიანი გახდი. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, არც კი გიტირია თურმე (მე არ შემიშვეს ეკლესიაში, რადგან ჯერ 40 დღე არ გასულა, მაგრამ მაინც ვიჩქარე, რომ ცოტა დაწყნარდე:). ნათლიებმა შეგიყვანეს და სანამ გამოხვიდოდი, გული მისკდებოდა, უჩემოდ როგორ იქნებოდი. მამა გედგა გვერდში, გამოგიყვანეს და შენი გმირობის ამბავი მამცნეს, იცინოდა კიდეცო.
გილოცავ, სანატრელო, ამ დღეს. ღმერთის მფარველობა არასდროს არ მოგაკლდეს, მინდა ბედნიერი იყო და ყველა წმინდანი შეგეწიოს. მე კი ღვთისმშობელს და მაცხოვარს მუდამ შევთხოვ შენს შემწეობას და შენთვის ვილოცებ. ღმერთმა გაგაძლიეროს, ჩემო შვილო.
14.07.2007წ.
ხვალ 40 დღის ხდები. უკვე ისე შეიცვალე, მოსუქდი, თვალს აყოლებ საგნებს, თვალებში მიყურებ საყვარლად, აღუებს ამბობ და მიცინი. სულ მინდა გკოცნო, თითქოს მიწვევ, მომეფერეო. ისევ ტირი, ხანდახან ემოციების გამოც - ექიმმა, ემოციურია, ფიცხიაო. ემოციური რომ არ ყოფილიყავი შენი დედისა და მამის შვილი, ის გამიკვირდებოდა. მაგრამ ეს ერთი ციდა უკვე ხასიათს ავლენ? დედა შემოგევლოს...
ახლა გძინავს, ტაკო აგიბზეკია, ხელებით საწოლზე ხარ დაყრდნობილი და იღიმები, ალბათ ანგელოზებს უღიმი, ჩემო ანგელოზო...
P.S. იცი, უკვე სიზმარშიც გამუდმებით გხედავ. შენი დაბადებიდან ორი კვირა სიზმრად ისევ უშვილო ვიყავი, ახლა კი ყველა სიზმარში თან მყავხარ ან იმის განცდა მდევს თან, რომ შვილი მყავს. როგორც ჩანს, უკვე მთლიანად გავაცნობიერე, რომ დედა ვარ, ჩემმა ქვეცნობიერმა და ცნობიერმაც აღიქვა ეს და გაითავისა...
27.07.2007წ.