მაკა ქებურია პირველი ქართველი ქალი სენსეია. იგი კიოკუშინ-კარატეში 19 წლიდან ვარჯიშობს, ამ ხნის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწია. ჰყავს მეუღლე და ტყუპი გოგო. დღეს ისევ აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს. მაკას ოცნებაა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს. ამბობს, რომ მისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობს და ამ ოცნებასაც მალე აიხდენს.
- დავიბადე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში. სკოლაც სოფელში დავამთავრე. ძალიან ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. ყოველთვის ვოცნებობდი, სპორტზე და კონკრეტულად - კარატეზე მევლო. ფილმებს რომ ვუყურებდი, გაოცებას ვერ ვმალავდი, ისე მომწონდა მთავარი გმირების სიძლიერე. რატომღაც ეს ოცნებად დარჩა, რადგან დედამ იფიქრა ვინმე რომ დააზიანოს, რა გვეშველებაო.
ბავშვობაში მომწონდა სუსტების დაცვა. თოჯინებით არასდეს მითმაშია. ომობანას ვთამაშობდი მეზობლის ბავშვებთან ერთდ. სკოლაშიც გამორჩეული ვიყავი. გიჟდებოდა ფიზკულტურის მასწავლებელი, ძალიან სხარტიდა სწრაფი ვიყავი.
სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვედი. აბიტურიენტი ვიყავი. სადაც ვცხოვრობდით, იქაურმა მეზობელმა მითხრა, კარატის წრეზე ვიაროთო. იმ იმედით მივედი, რომ იქნებ ჩემი ოცნება ამეხდინა და ერთი-ორი ილეთი მაინც მესწავლა. ასაკი შეუზღუდავი იყო. 19 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში. მწვრთნელის ყურადღებაც მივიქციე ჩემი სიყოჩაღით.
"ამქვეყნად ყველაზე რთული პროფესიაა, იყო დედა..." - ჩემი დედიკო პოლიციელია!
- პირველად 2007 წელს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მოვიგე, შემდეგ - ისევ ეროვნული ჩემპიონატი 2008 წელს. 2009 წელს მარტში ეროვნულ ტურნირზე მომიწია მონაწილეობის მიღება. 2009 წლის ოქტომბერში იტალიაში, ევროპის ჩემპიონატზე მძიმე წონაში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ავიღე და ვერცხლის მედლით დავბრუნდი. 2010 წელს შავ ქამარზე ჩვაბარე გამოცდები. 2010 წლის ივნისში ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი მოვიპოვე, სამწუხაროდ, ნახევარფინალში დავმარცხდი. 2011 წელს უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 65 კგ. წონით კატეგორიაში მოვიგე ევროპის ჩემიონატი, პირველი ადგილი და ოქროს მედალი დავიმსახურე. 2013 წელს უკრაინაში მეორედ მოვიპოვე ეს ტიტული და გავხდი ევროპის ორგზის ჩემპიონი. 2013-2014 წელს მოვიგე ეროვნული ჩემპიონატი. ექვსგზის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ვარ და ბოლოს 2018 წელს კავკასიის ჩემპიონატი მოვიგე. 2012 წელს იაპონიაში ჩავაბარე გამოცდები შავ ქამარზე (2 დანი). 2014 წელს ჩვაბარე გამცდები (შავი ქამარი - სამი დანი) და სენსეის წოდება მომანიჭეს.
- არა, საქართველოში ერთადერთი ქალი სენსეი ვარ.
- არასოდეს მიფიქრია თავი დამენებებინა ვარჯიშისთვის. ალბათ ხასიათიც მაქვს ასეთი. ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ხელს ვკიდებ, ბოლომდე მივიყვან აუცილებლად. და არ არსებობს ბარიერი, რომელსაც არ გადავლახავ და არ გადავაბიჯებ. განსაკუთრებით ბოლო დროს უფრო მიჭირს ვარჯიში, მაგრამ დროის მენეჯმენტი კარგად მაქვს გაცნობიერებული. თუ გინდა, მოძებნი დროს, თუ არ გინდა, მოძებნი მიზეზს. არ არსებობს მიზეზი - მხოლოდ წინ! ჩემი სპორტიც ამას გკარნახობს: osu - ნიშნავს "არასოდეს დანებდე". არ არსებობს სირთულე, ეს უნდა შეძლო. როცა ყველაზე მძიმე დროს არ გტოვებს საბრძოლო სული, აი, მაშინ ხარ ძლიერი მებრძოლი.
- ჩემი ძალა ერთხელ გამოვიყენე ქუჩაში. უსამართლო გინების დროს. უბრალოდ ერთი მარტივი ხელის მოძრაობით ძირს აღმოჩნდა. პირველ რიგში ვცდილობ სიტყვით მოვაგვარო. თუ მაინც არ უშველა, მაშინ თავდაცვას ვაძლიერებ.
- ჩემი მეუღლეც სპორტსმენია. 23 წელია ამ სპორტით არის დაკავებული. 2010 წელს ჟიურის წევრი იყო გამოცდებზე. პირელი სურათიც გამოცდაზე გვაქვს გადაღებული. 2013 წელს უბრალოდ მილოცვებით დაიწყო ჩვენი მიმოწერა და გადაიზარდა დიდ სიყვარულში. ორივე ერთი სფეროს წარმომადგენლები ვართ და ვიცით სირთულეების, ტკივილის, უსაზღვრო შრომის, ერთგულების, შრომის სიყვარულის და შეუპოვარი ხასიათის ფასი. თვითონ კიოკუშინკაი ნიშნავს გზას შორეული ჭეშმარიტებისკენ. ამ სპორტმა იმდენი რამ მომცა ცხოვრებაში, ეს უბრალოდ ვარჯიში და სპორტი არაა, ეს ხელოვნება უფროა...
- მეუღლის თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. გამუდმებით ჩემ გვერდითაა, შეუძლია თუ არ შეუძლია, მაინც. განსაკუთრებით, როცა ჩემპიონატისთვის ვემზადები. მუდმივად ცდილობს, დამეხმაროს და შემიმსუბუქოს, რითაც შეუძლია. სპარინგპარტნიორია, ვარჯიშზე აუცილებელია დამხმარე, კვირაში ექვსი დღე ხუთი საათი ვვარჯიშობ. მუდამ ჩემთანაა.
- აღზრდა არ მიჭირს. ფიზიკურად ძალიან ძლიერი ვარ, ამავ დროს სულიერი სიძლიერეც არ მაკლია და რაც მთავარია სისწრაფე. 24 საათში რაც მჭირდება, ყველაფერს ვასწრებ. ძიძა არ მყოლია. ახლა ბაღში დადიან. სამი წლის არიან. მათ გაზრდაში მეუღლე მეხმარება. დილას სანამ გაიღვიძებენ, დავრბივარ. ამ დროს მეუღლეს ვუტოვებ. ძინავთ 9 საათამდე. რომ მოვალ, ვწესრიგდებით, ვაჭმევ, ვაცმევ და მიმყავს ბაღში. შემდეგ ვისვენებ და სკოლაში მივდივარ. სკოლაში როცა მივდიოდი და აუცილებლად მჭირდებოდა დამხმარე, მაშინ მაზლს ვუტოვებდი. შუადღეზე ვაძინებდი და დაძინებულს ვტოვებდი. ახლა ბაღში დადიან. როცა ვერ ვასწრებ სკოლიდან მოსვლას, ბებიას გამოჰყავს ან მაზლს. მაზლიც სპორტსმენია, სპორტული ოჯახი ვართ. ორივე ერთდროულად ძალიან ძნელი გასაზრდელი იყო. სამი წელია სწორი კვება, რეჟიმი, ძილი, მოვლა ყველაფერი თავისდროზე აქვთ და როცა ტყუპებს მოვაწესრიგებ, ჩემი საქმე სკოლა, ვარჯიში და სახლია. საზღვარგარეთ როცა მივდივარ, ჩემს დას ვუტოვებ. დაბადებიდან დღემდე ჩემი მარჯვენა ხელია და ახლა ჩემი შვილების გამზრდელიც გამოვიდა.
- ცოტ-ცოტას ვავარჯიშებ. ჯერ პატარები არიან და თამაშ-თამაშით ცოტა გამოგვდის ვარჯიში. ოქტომბერში ოთხი წლის გახდებიან და მერე დარბაზში დაიწყებენ სიარულს.
- ამ ეტაპზე ვემზადები ტურნირისთვის, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ორსულობის პერიოდი ვისვენებდი. ახლა სკოლაში ბავშვებს ვავარჯიშებ. ადრე ტყუპის გამო ორი საათით მივდიოდი, ერთი ჯგუფი მყავდა. ახლა ბაღში დადიან და მეორე ჯგუფიც მყავს. შეჯიბრებებზე ისევ ვიღებ მონაწილეობას, არც მიფიქრია თვის დანებება. ტყუპების დედა ვარ და ახლა უფრო გაორმაგებულად ვიბრძვი.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც მთელი ჩემი არსებით მინდა მოვიგო თავს არვზოგავ. და ვფიქრობ, მიზანსაც მალე მივაღწევ. ჩემს გვერდით ჩემი მწვრთნელია, რომლის დამსახურებითაც ბევრ წარმატებას მივაღწიე. მეუღლე, რომელიც მუდმივად მეხმარება და შვილები, რომლებიც ტატამზე ბრძოლის დროს ძალას მმატებენ. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ფინანსების გამო ვერ გავემგზავრე. ჩინეთში, შანხაიში ტარდებოდა. კიოკუშინი ეს არის მებრძოლის გზა, მებრძოლი კი არასოდეს ნებდება სირთულეებს და მეც სანამ მიზანს არ მივაღწევ, ზუსტად ვიცი, არ დავნებდები.
მერი ბლიაძე
როცა დედა სტიუარდესაა - ქართველი სტიუარდესების ცხოვრება ცაში და დედამიწაზე