რა უფლებები ენიჭებათ ბავშვებს ახალი კოდექსით და რა შეზღუდვები დაუწესდებათ - მშობლები

რა უფლებები ენიჭებათ ბავშვებს ახალი კოდექსით და რა შეზღუდვები დაუწესდებათ

2019-03-06 07:21:56+04:00

ბავშვის უფლებათა კოდექსს პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ. ის თავს უყრის ძირითად პრინციპებს, როგორიცაა ბავშის საუკეთესო ინტერესი და ბავშვის მონაწილეობა მათი უფლებების უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის ავტორები დეპუტატი სოფო კილაძე და თსუ-ის პროფესორი პაატა ტურავა არიან.
პაატა ტურავა კოდესთან დაკავშირებით ამბობს: "კოდექსი არ ანაცვლებს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით მოქმედ სხვა საკანონმდებლო რეგულაციებს, არამედ განამტკიცებს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის, განმარტების და აღსრულების ვალდებულებას საქართველოს კონსტიტუციის, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმების და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით".

მე-5 თავი განათლების მიღების თავისუფლებას გულისხმობს.

ა) ხარისხიანი უფასო სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა ყოველი ბავშვისთვის ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესაბამისად;

ბ) პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ყოველი ბავშვისთვის ინდივიდუალური შესაძლებლობების და საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის, სათანადო ფინანსური მხარდაჭერით;

გ) განათლების სისტემის, საფეხურების და ფორმების, პროცედურების და ბავშვისთვის სხვა მნიშვნელოვანი და სასარგებლო საკითხების შესახებ ინფორმაციის ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა;

დ) სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვთა სკოლებში დაბრუნების ხელშეწყობა და სკოლის მიტოვების პრევენციის ღონისძიებების განხორციელება;

ე) განათლების ყველა საფეხურზე უახლესი სამეცნიერო და დარგობრივი ცოდნისა და ბავშვზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.

ვ) ბავშვის მონაწილეობის უფლების განხორციელება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც უშუალოდ საგანამანათლებლო პროცესში, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გადაწყვეტილების მიღებისას.

კოდექსი არეგულირებს ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას საგანმანათლებლო სისტემაში. სკოლამდელ, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში მოქმედებს ძალადობის შეტყობინების ცხელი ხაზი და განისაზღვრება კოორდინატორი.

ბავშვი დაცულია აზარტული თამაშებისაგან და მავნე ზეგავლენისაგან.

" ბავშვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში ან ბავშვის სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვება ან/და მომგებიან თამაშობებში ან/და სისტემურ- ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობისა საკითხი წესრიგდება საქართველოს კანონით "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ.“- აღნიშნულია 63-ე მუხლში

გარდა ამისა ღამის კლუბებში ბავშვები დაიშვებიან 24 საათამდე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით. ასევე აკრძალულია 16 წლამდე ბავშვის მშობლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტ სალონებსა და კაფეებში ღამის 22 საათიდან დილის 8 საათამდე.

თამარ იაკობაშვილი