იაკობ გოგოებაშვილი ალბათ ერთადერთი პედაგოგია, ვის აზრსაც თანამედროვე მშობელი ყველაზე მეტად ენდობა. დედაენას იაკობი ყოველთვის ურთავდა ერთგვარ წინასიტყვაობას, რითაც მასწავლებლებს საკმაოდ კარგ რჩევა-დარიგებებს აძლევდა. რას ფიქრობდა იაკობ გოგებაშივილი კითხვის სწავლის მეთოდზე და რომელი იყო მისთვის ყველაზე მისაღები ხერხი? ამის შესახებ ის 1865 წელს გამოცემული ქართული ანბანის წინასიტყვაობაში წერდა.
გთავაზობთ ამონარიდს ამ წინასიტყვაობიდან. ვფიქრობთ, ეს მშობლისთვისაც საინტერესო იქნება და მასწავლებლებისთვისაც.
"ყველა ახალი მიიღების მაშინ, როდესაც ძველში შეამჩნევენ ნაკლულევანებას. რა ნაკლულევანება აქვს ჩვეულებრივ ანბანების მეთოდს? პირველი და უმთავრესი ნაკლულებანება ამ მეთოდისა მდგომარეობს იმაში, რომ ანბანი იწყების ასოებიდგან. ასოები ცალ ცალკე არა საგანს არ აჩვენებენ, არა ჰზრს არა ხატავენ. ამიტომ სწავლის დაწყება ასოებიდგან ყმაწვილისათვის არის მავნებელი. აი მისცეს ყმაწვილს ხელში ანბანი და ეუბნებიან: ეს ასო არის ა, ეს ბ და სხვანი. ყმაწვილის თავში, რა საკვირველია, არა ჰაზრი არ იხატება. ამიტომ პირველივე შეხვედრაზედ ყმაწვილს სწავლა ეჩვენება, როგორც ერთი უაზრო საგანი. ამ მეთოდს, მაშა სადამე, შეუძლიან პირველათვე შეაძულოს სწავლა ყმაწვილსა და წაართვას მას წადილი სწავლისა!
მეთოდი ზოლოთოვისა, რომელზედაც არის შედგენილი ეს ანბანი, არღვევს ზემოხსენებულს ნაკლულევანებას. ეს ანბანი იწყების სიტყვებიდან. მაშასადამე, ყმაწვილი პირველივე დაინახავს სწავლაში ჰაზრსა; ამიტომ, რომ ყველა სიტყვა ხატავს რაიმე ჰაზრსა, აჩვენებს რომელიმე საგანსა, მაშა სადამე პირველთავე ყმაწვილი შეხედავს სწავლას, როგორც გონივრულ საგანს და წახალისდება... აი ყმაწვილს მასწავლებელმა წააკითხა სიტყვა: დე-და. - ყმაწვილი წარმოიდგენს თავის დედასა, ამასთანავე თავის სახლს, მამას, ძმებს, ადგილს. ერთი სიტყვით, ეს ერთი სიტყვა რამდენმე საგანს მოაგონებს, რამდენმე ჰაზრს წარმოუდგენს გონებაში ყმაწვილსა. მოსწავლე იგრძნობს მაშინვე კავშირს ბუნებასა, ცხოვრებასა და სწავლას შუა. და რადგანაც ყოველს ყმაწვილს უყვარს ბუნება და ცხოვრება, სწავლაზედაც წახალისდება. გარდა ამისა, ყმაწვილი ამ მეთოდზედ თითონ კითხვას უფრო გონივრულათ და ჩქარა სწავლობს, - ეჩვევა კითხვას მარცვლების და არ ასოების ჩათვლით.
იქნება ბევრმა განკვირვებით თქვას: როგორ უნდა ისწავლოს სიტყვების კითხვა ყმაწვილმა, როცა ასოები ჯერ არ იცის. შეუჩვევრობა არის მიზეზი ამ განკვირვების. როცა მასწავლებელი გაიცნობს ამ მეთოდსა, მაშინ ადვილათ ეჩვენება სწავლა ამ ანბანში. აი როგორ უნდა ასწავლოს ამ მეთოდზედ: მასწავლებელი გამოთქვამს პირველ სიტყვას (ბა- გა) ისე, რომ ყოველს მარცვალს ცხადათ განარჩევს, მოსწავლე გაიმეორებს. სწორეთ აგრეთვე წაიკითხავს და გაამეორებინებს მეორე სიტყვას (დე- და). შემდგომ ორივე ერთათ გაამეორებინებს. აგრეთვე წაიკითხავს მესამე სიტყვას და მოსწავლეს გაამეორებინებს. შემდგომ სამივეს ერთათ დაიმეორებენ. მერე წაიკითხვენ სწორეთ აგრეთვე შემდგომ სამს სიტყვას: გუ- და, აბ- გა, ად- გა. შემდეგ მოსწავლეს ჰკითხავს მასწავლებელი, მიჩვენე, მაგალითებრ, აბ- გა, ანუ გუ- და, და სხვანი.
ბოლოს წაიკითხავენ აგრეთვე დანარჩენს სამს სიტყვას: ბე- დი, გო- გო, ო- ბი. მერე მასწავლებელი მოითხოვს, რომ მოისწავლემ უჩვენოს, ან თვითონ რომელსამე სიტყვაზედ ხელს დაუფარებს და ეტყვის: წაიკითხე. როცა ყველა სიტყვის წაკითხვა და ჩვენება ეცოდინება მოსწავლეს, მაშინ მასწავლებელი მარცვლებს დააწყებინებს. ჯერ თვითონ წაიკითხავს მარცვლებს და უჩვენებს, რომელი მარცვალი რომელს სიტყვაშია; მერმე ამავე მარცვლებს წაიკითხავს მოსწავლე; მასწავლებელი მოითხოვს, რომ მოსწავლემ ნასწავლს სიტყვებში ყოველი მარცვალი უჩვენოს. როცა მარცვლებსაც ყმაწვილი დაისწავლის, შემდგომ ასოებს დაიწყებენ ამ სახით: პირველათ წააკითხე ყმაწვილს მარცვალი. ჯერ თვითონ მასწავლებელი გამოთქვამს მარცვალს და გააგრძელებს ხმას ამ სახით: ბა-ა-ა-ა. მაშინ ყმაწვილი იგრძნობს, რომ აქ ორი ასო ყოფილა. შემდგომ მასწავლებელი ხელს დაუფარებს და ჰკითხავს: რა დარჩა? - მოსწავლე მიუგებს ა.
კარგია კიდევ, თუ ნასწავლ ასოებიდგან მასწავლებელი შეადგენს მარცვლებს და ზეპირათ ყმაწვილს ჰკითხავს: ეს და ეს მარცვალი რა ასოებიდგან შესდგება. შემდგომს სიტყვებს, მარცვლებს და ასოებს სწორედ ამ რიგათვე ასწავლის. შემდგომ ისე თავისუფლად დაიწყებს კითხვას მოსწავლე, რომ მასწავლებლის შველა კითხვაში თითქმის აღარც კი დასჭირდება."
ეს ინოვაციური მეთოდი, როგორც ჩანს, ვერ განახორციელეს იმდროინდელმა მასწავლებლებმა და ჩვენამდე იაკობის დედა ენა კითხვის სწავლების სულ სხვა მეთოდით დამკვიდრდა.