ალენ დელონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღესაც მიიჩნევა მამაკაცური სილამაზის ეტალონად და მე-20-21-ე საუკუნის ყველაზე სიმპათიურ, სასურველ მამაკაცებს შორის ყოველთვის ხვდება. არადა, იყო დრო, მას კინოში თამაშზე უარს ეუბნებოდნენ სწორედ ამის გამო - ზედმეტად ლამაზი ხარ კინოსთვისო...
ალენ დელონი 1935 წლის 8 ნოემბერს დაიბადა პარიზთან ახლოს, ო-დე-სენში. ბავშვობა კი პატარა ქალაქ ბურ-ლა-რენში გაატარა, სადაც მშობლები მისი დაბადებიდან მალევე გადავიდნენ საცხოვრებლად.
მამამისი კორსიკელი იყო - ფაბიენ დელონი, საკუთარი კინოდარბაზი ჰქონდა და მას მართავდა. დედა - ედიტ არნოლდი, ფარმაცევტი იყო და მამის კინოდარბაზში კონტროლიორად მუშაობდა.
ალენი 3 წლისაც არ იყო, რომ მშობლები გაიყარნენ. ერთ წელიწადში დედამისი ყასაბ პოლ ბულონს გაჰყვა ცოლად, რომელიც ძეხვსა და ხორცს ყიდდა. ედიტი ქმარს მაღაზიაში ეხმარებოდა, რასაც მთელი მისი დრო მიჰქონდა და პატარა ბავშვის აღზრდაზე დრო არ რჩებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, აღმზრდელისთვის ჩაებარებინა, იქცე ახლოს მცხოვრები მადამ ნეროსთვის. ნეროების ოჯახი ფრენიეს ციხესთან ახლოს ცხოვრობდნენ - მუსიე ნერო ციხის დარაჯად მუშაობდა. მოგვიანებით ალენი იხსენებდა, რომ ციხის ეზოში, 1945 წლის 15 ოქტომბერს პიერ ლავალის დახვრეტასაც კი უყურა.
ამ ოჯახში რამდენიმე წელი გაატარა და ძალიან თბილად იგონებდა იმ წლებს. მშობლების სახლში მხოლოდ ნეროების ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა.
ამის შემდეგ წმინდა ნიკოლასის პანსიონში გაგზავნეს, საიდანაც მალევე გამორიცხეს ცუდი საქციელისთვის. ასეთი 6 სკოლა გამოიცვალა ალენმა და პოლმა და ედიტმა გადაწყვიტეს, რომ კლასიკური განათლება არ იყო მისთვის და ყასბობა უნდა შეესწავლა. 14 წლის ალენს არც ეს გაუპროტესტებია და დაიწყო სწავლა.
ერთწლიანი სწავლების შემდეგ დიპლომი აიღო და მუშაობის უფლებაც. დელონი ადგილობრივ საყასბოში მოეწყო სამუშაოდ, სადაც სამი თვე იმუშავა და შემდეგ პარიზის სან-შარლის ქუჩაზე გადავიდა ძეხვის მაღაზიაში.
ამასობაში 17 წლის გახდა და ერთხელ პარიზის მეტროში დაინახა ასეთი აფიშა: "თქვენ გახდებით მფრინავი-გამომცდელი და სტაჟირებას კანადაში გაივლით". ალენს ძალიან მოეწონა ეს აზრი, თუმცა როდესაც სამხედრო საჰაერო ძალებს მიმართა, გაარკვია, რომ მფრინავთა სკოლაში მიღება დამთავრებული იყო. სამაგიეროდ, საფრანგეთის არმიას რეკრუტები სჭირდებოდა, რომელთაც 200 ათას ფრანკს უხდიდნენ და ალენი ამ თანხით საკმაოდ მოიხიბლა. ასე აღმოჩნდა 1953 წელს მომავალი მსახიობი პარაშუტისტი-დესანტების არმიაში და პირდაპირ ინდოჩინეთის ომში.
როგორც მოგვიანებით ალენის თანამებრძოლები იხსენებდნენ, ის სხვებთან ერთად მშვიდად უმკლავდებოდა ყველა სირთულეს, მძიმე ფიზიკურ ვარჯიშებს, იყო თავშეკავებული, კარგი ბიჭი კეთილი გულით.
თუმცა ხშირად იღებდა შენიშვნებს უდისციპლინობის გამო და ამისთვის სჯიდნენ კიდეც - მაგალითად, ბრინჯის ტომრებს ათრევინბენდნენ და საღამოობუთ ჰაუვტვახტში აბრუნებდნენ.
მიუხედავად ყველა სირთულისა, როგორც თვითომ ამბობდა მოგვიანებით, არასოდეს უნანია ეს გამოცდილება და სამხედრო სამსახურში გატარებული წლები.
1956 წელს, დემობილიზაციის შემდეგ ალენი პარიზში დაბრუნდა და ლუდის ბარში ოფიციანტად მოეწყო. ბარი ელისეს მინდვრებთან ახლოს მდებარეობდა. თუმცა ეს სამსახური დიდად არ მოსწონდა: "ადმინისტრატორი, მეტრდოტელი, უფრო ოფიციანტი - ყველა მიყვიროდა, როგორც რიგით ოფიციანტს. ჩემი ხასიათის მქონე ადამიანს ასეთი მოახლური თანამდებობის მიღება გამიჭირდა", - ამბობდა ალენი.
ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ მალე უმუშევარი დარჩა. აღარც სწავლის ფული ჰქონდა და ბურ-ლა-რენში დაბრუნებაც არ უნდოდა.
პარიზელი მეგობრების რჩევით, პროდიუსერებს აჩვენა თავისი ფოტოები. თუმცა უმრავლესობა ასე პასუხობდა - "მეტისმეტად ლამაზი ხართ კინოსთვის".
ალენი არ ნებდებოდა და მაინც დადიოდა კინოსინჯებზე და კასტინგებზე. სწორედ ერთ-ერთ კასტინგზე გაიცნო დამწყები მსახიობი ჟან-კლოდ ბრიალი. დაუმეგობრდა და მასთან ერტად კანის კინოფესტივალზე გაემგზავრა, რომ ვინმეს შეემჩნია.
კანში მართლაც შენიშნეს ლამაზი ბიჭი, ოღონდ, ამერიკელებმა. იმპრესარიო ჰარი უილსონი მისით დაინტერესდა - ის გარდაცვლილი ჯეიმს დინის შემცვლელს ეძებდა. რომში და[ატიჟა სინჯებზე. ალენმა კასტინგი წარმატებით გაიარა და უილსონმა ჰოლივუდში 7-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. კონტრაქტის პირობა იყო, რომ მას ინგლისური სცოდნოდა. სამი თვე მისცეს ვადა, რომ ესწავლა და პარიზში სწორედ ამ მიზნით დაბრუნდა.
მაგრამ ამასობაში სამშობლოშიც შეიცვალა სიტუაცია. ბრიალიმ ალენი ცნობილ კინორეჟისორს ივ ალეგრეს გააცნო და მან დაარწმუნა დამწყები მსახიობი, კარიერა სამშობლოში დაეწყო - პატარა როლიც მისცა ახალ ფილმში...
დებიუტი შედგა, რასაც მოჰყვა სხვა როლები და ალენის ვარსკვალიც ამობრწყინდა. როგორც თავად იხსენებდა, სამსახიობო განათლებას პირდაპირ გადასაღებ მოედანზე იღებდა. გადაღებებს შორის კი იძენდა სხვა უნარებს, რაც მსახიობს სჭირდებოდა - სწავლობა ფარიკაობას, მუშაობდა მიმიკასა და მეტყველებაზე. 1958 წელს გამოვიდა ცნობილი ფილმი "კრისტინა", რომელმაც მას კიდევ უფრო გაუთქვა სახელი და რომლის გადაღებებზეც დაიწყო მისი და რომი შნაიდერის გახმაურებული, ტრაგიკული რომანი.
მას და რომის ყველაზე ლამაზ წყვილად მოიხსენიებდნენ და უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა. 1959 წელს დაინიშნენ, თუმცა ექვს თვეში დაშორდნენ. ზოგი მიზეზად ალენის ღალატს ასახელებდა, სხვები კი რომის სურვილს, რომ სამსახიობო პროფესიისთვის დაეთმო მეტი დრო.
რა იყო სინამდვილეში მათი კავშირი - ულამაზესი წყვილის ტრაგიკული სიყვარული
ფაქტია, რომ ალენი, უკვე ცნობილი და უამრავი ქალის კერპი, კინოროლებთან ერთად, ქალების სიმრავლითაც გამოირჩეოდა.
1962 წელს მომღერალმა და მსახიობმა ნიკომ გაუჩინა პირველი ვაჟი - არი პეფგენი. დელონს ბოლომდე არ უღიარებია ის შვილად, თუმცა არი დელონის მშობლებმა გაზარდეს და ალენის მამობილმა თავისი გვარიც მისცა - ბულონი.
1964 წლის აგვისტოში დელონმა ნატალი ბარტელზე იქორწინო. მასთან სულ მალე გაუჩნდა შვილი ენტონი. წყვილმა ერთად 4 წელი იცხოვრა და შემდეგ გაშორდა. ნატალი დელონის გვარს ატარებდა და დაშორების შემდეგაც ალენმა დაიჟინა, რომ გვარი დაეტოვებინა. მას ნატალი დელონის სახელითაც იცნობენ.
1968 წელს დელონი მირეი დარკს შეხვდა, რომელთანაც 15 წელი იცხოვრა. მათ შესანიშნავი ურთიერთგაგება ჰქონდათ. მოგვიანებით, როცა დარკი ავარიაში მოხვდა, ალენი მას გამოჯანმრთელებამდე უვლიდა.
1987 წელს გაიცნო ჰოლანდიელი მანეკენი როსალი ვან ბრემენი. როსალიმ დელონს ორი შვილი გაუჩინა - ანუშკა და ალენ-ფაბიენი. 2001 წელს ალენი მასაც დაშორდა.
როგორც ვთქვით, არი პეფგენ ბულონი ფოტოგრაფი გახდა, ასევე მსახიობობს და მწერლობს. ორი შვილი ჰყავს, რომლებსაც ალენი ასევე არ აღიარებს შვილიშვილებად.
ენტონი დელონმა მსახიობობა სცადა, მოგვიანებით ტელევიზიაში სცადა ბედი და ერთი შოუდან მეორეზე ინაცვლებს, ხანდახან თეატრალურ დადგმებშიც მონაწილეობს.
ალენ-ფაბიენი საკმაოდ ჰგავს მამას არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ხასიათითაც და ხშირად ხვდება ფოტო და ვიდეოკამერების ობიექტივში. სკოლაში არც ისე კარგად სწავლობდა, ხულიგნობდა კიდეც და ერთხელ წვეულებაზე იარაღი მიიტანა და შემთხვევით თანაკლასელი დაჭრა. მოგვიანებით კინოფილმებში დაიწყო გადაღება, თუმცა უფრო აქტიურად სამოდელო სფეროში ჩანს.
ანუშკა დელონს ჰეტეროქრომია აქვს - სხვადასხვაფერის თვალები, ლურჯი და ყავისფერი. ანუშკა მამის ნებიერაა. მან სამსახიობო განათლება მიიღო და ძირითადად თეატრალურ ცხოვრებაშია ჩართული. ასევე ორ ფრანგულ ფილმში გადაიღეს.
დელონის შვილიშვილებიდან ენტონი დელონის ქალიშვილმაც გაითქვა სახელი - ელისონ ლე ბორჟი წარმატებული მოდელია.