ზღაპრების მნიშვნელობაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ჯადოსნურ, თითქოს არარეალურ, მაგრამ სინამდვილეში ძალიანაც ნამდვილ სამყაროში მოგზაურობა მოზრდილისთვისაც ისეთივე სახალისო და საინტერესოა, როგორც ბავშვისთვის. ზღაპარს სხვაგან გადავყავართ, ჩვენი ყოველდღიური პრობლემებისგან და საფიქრალისგან შორს, პატარებისთვის კი ის წარმოსახვის, მეტყველების გამდიდრების, ფანტაზიის უნარის განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაცაა, რომ ზღაპარი ნებისმიერ ასაკში ხიბლავს ადამიანს და ყველაზე საყვარელ წიგნებს შორისაც ზღაპრების კრებულებიც სახელდება ხოლმე.
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები. სხვადასხვა ქვეყნის ხალხური ზღაპრების კითხვით არა მხოლოდ იმ ხალხის ფოლკლორს ეცნობი, არამედ იმ ქვეყანაშიც მოგზაურობ, მათ ხალხს, ტრადიციებს, ყოველდღიურობას, მათ იუმორს ეცნობი. და რაც უფრო უცხო და ეგზოტიკურია ქვეყანა, რომლის ფოლკლორსაც ეცნობი, მით უფრო მეტია შენი, როგორც მკითხველის ინტერესი.
მახსოვს, ბავშვობაში განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ხოლმე ინდური თუ იაპონური ზღაპრების კითხვა. უცხო სიტყვები, ტერმინები, ჩვენი რეალობისთვის უცნაური ადამიანები და სხვა ხალხის ფანტაზიები - ეს იყო აბსოლუტურად სხვა რეალობა, რომელშიც აღმოჩნდებოდი ამ ზღაპრების კითხვის დროს.
სასიხარულოა, რომ ახლაც ეძლევა მკითხველს საშუალება, ჰქონდეს ეს ფუფუნება და გაეცნოს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ქმნილებებს. ჟურნალ "გზასთან" ერთად წიგნების სერია "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების" გამოცემა დაიწყო. მას სწორედასეჰქვია-ნ ოსტალგიური სერია, რომლის წიგნები ათეული წლების წინ მართლაც ყველა ოჯახში იყო და ახალ სიცოცხლეს იძენს.
"პირველი ტომი "ასურული ზღაპრებია", ყოველი მომდევნო წიგნი კი ორ კვირაში ერთხელ გამოვა და მკითხველს მსოფლიოს ხალხების ისტორიაში, ტრადიციებსა და ფოლკლორში ამოგზაურებს. ამ ახალი სერიით გამომცემლობა "პალიტრა L" ეხმიანება მკითხველის ინტერესსა და სურვილს – ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა კულტურისა და ჩვეულებების მქონე ხალხის სიბრძნეზე, რომელიც წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში სხვადასხვა გამოცემის სახით ვრცელდებოდა.
"იმოგზაურე დროსა და სივრცეში" – "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების" სერიის სლოგანი და მოწოდებაა. სერიაში გამოცემული წიგნების ყდებზე დატანილი იქნება სიმბოლო, რომელიც კონკრეტული ხალხის ისტორიისა და კულტურისთვის არის დამახასიათებელი. ცნობილია, რომ ასურულ ზღაპრებს შვედური და ფრანგული ზღაპრების ტომები მოყვება", – აცხადებენ "პალიტრა L"–ში.
გამოცემა ხელმისაწვდომი იქნება წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.