21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელსაც უკვე წლებია, საქართველოში აქტიურად აღნიშნავენ. ყოველ წელს ეს დღე სხვადასხვა სიმბოლური სლოგანით აღინიშნება ხოლმე - წელს სიმბოლურად ასეთი იყო - #ნურავისდატოვებმიღმა.
ამ დღეს საზოგადოებაც განსაკუთრებულად აქტიურია - ჭრელი წინდები თუ ფერადი სამაჯურები სკოლის მოსწავლეებს თუ სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს ამშვენებდათ და სოციალური ქსელიც გაფერადებული და "გამზიანებული" იყო ამ ყველაფრით.
რასაკვირველია, ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია ეს დღე და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები წიგნების მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსს", რომელიც დიდი ხანია არასამთავრობო ორგანიზაცია "მზის შვილების" ქომაგია და ხშირად ერთვება მის აქციებში. ამჯერად, 21 მარტს, „მზის შვილების“ ბენეფიციარებს "ბიბლუსის" სახელით სხვადასხვა საჩუქარი, საბავშვო წიგნები და საკანცელარიო ნივთები გადაეცათ. მათ შორის: სახატავები, ფანქრები, ხელსაქმის ნივთები და სხვა.
ამავე დღეს, „მზის შვილებმა“ მათი სოციალური საწარმოს „ანინას“ გახსნაც დააანონსეს. „ბიბლუსი“ ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. „ანინა“ სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა. აქ ბენეფიციარების მშობლები დასაქმდნენ. ცენტრის გახსნის მიზანი ის იყო, რომ დედებს ჰქონოდათ სამსახური და შემოსავლის წყარო სწორედ იქ, სადაც მათი შვილები დღის უმეტეს ნაწილს ატარებდნენ.
„ანინაში ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელი შეიკერება. სამოსზე დატანილი იქნება შეზღუდვის პიქტოგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბრენდი ერთგვარ კომუნიკაციასაც მოახდენს მომხმარებელთან“, –განაცხადა კატო მიქელაძემ, ანინას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.