არსებობენ ორი ტიპის ვარსკვლავები - ერთნი თაყვანისმცემლებს ყველა წვრილმანს უყვებიან, საკუთარი საუზმის ჩათვლით, მეორენი კი სხვაგვარად იქცევიან. მათ შეუძლიათ, წლობით დამალონ საზოგადოებისგან მეორე ნახევარი ან მძიმე დაავადებებიც კი.
როგორც აღმოჩნდა, "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავიც ამ კატეგირიას მიეკუთვნება. 21 მარტს "ნიუიორკერმა" გამოაქვეყნა მსახიობის გულახდილი ინტერვიუ, სადაც მან აღიარა, რომ სამი ოპერაცია გადაიტანა ტვინზე, ფილმის ეპიზოდებს შორის. 2011 წელს, მოულოდნელად თავს დატეხილმა პოპულარობამ დიდი განცდები მოუტანა და ბევრი პრობლემა. ძლიერი სტრესი ჰქონდა და გამუდმებით სტკიოდა თავი. რომ გადართულიყო სხვა რამეზე, სპორტდარბაზში დადიოდა. ერთხელაც, 11 თებერვალს, ძლიერი თავის ტკივილი იგრძნო და მწვრთნელს უთხრა, რომ შესვენება სჭირდებოდა.
- ძლივს მივაღწიე გასახდელამდე. უნიტაზთან დავემხე და ძლიერი გულისრევა დამეწყო. იმავდროულად მწვავე ტკივილს ვგრძნობდი, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა. მივხვდი, რომ ტვინი მქონდა დაზიანებული...
ემილია ცდილობდა, თითები აემოძრავებინა და სერიალის სცენარიდან რამდენიმე ფრაზა გაეხსენებინა. გონება დაკარგა, თუმცა საბედნიეროდ, მალე იპოვა ქალმა გვერდითა გასახდელიდან და სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
საავადმყოფოში ტომოგრაფია გაუკეთეს და აღმოაჩინეს სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა - ინსულტის სახესხვაობა. ემილიას სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა.
- ექიმებმა მითხრეს, რომ ოპერაციაზე ნებართვა უნდა მიმეცა და ხელი მომეწერა. ოპერაცია ტვინზე? ამ დროს, ისეთი დაკავებული ვიყავი, უამრავი საქმე მელოდა და ამის დრო არ მქონდა... თუმცა მივხვდი, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი იყო და საბოლოოდ ხელი მოვაწერე. მერე კი გონება დავკარგე.
ექიმები ელოდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია უპრობლემოდ მოხდებოდა, თუმცა ემილიას აფაზია დაეწყო - მეტყველების უნარის დაკარგვა.
- ჩემი სრული სახელი ემილია იზაბელ ეფემია როუზ კლარკია. მაგრამ ვერ ვიხსენებდი. არასდროს მიგრძნია ასეთი შიში - მოახლოებული სიკვდილის განცდა. ჩემს ცხოვრებას ვხედავდი მომავალში და მეჩვენებოდა, რომ სიცოცხლე არ ღირდა. მე მსახიობი ვარ, როლი უნდა ვისწავლო, ახლა კი საკუთარ სახელს ვერ ვიხსენებ.
ემილიამ სიცოცხლის აზრი დაკარგა და ექიმებს იმასაც კი სთხოვდა, რომ სიკვდილის ნება მიეცათ. თუმცა ერთ კვირაში ნელ-ნელა მომჯობინდა, ერთ თვეში კი მეორე სეზონის გადაღებებიც დაიწყო. იმ პერიოდს ემილია თავისი ცხოვრების ყველაზე ცუდ პერიოდად იხსენებს. გამუდმებული თავის ტკივილების გამო მორფს იღებდა, რეგულარულმა გამოკვლევებმა კი უჩვენეს, რომ კლარკს თავში პატარა ანევრიზმა დარჩა.
მისი ავადმყოფობის შესახებ იცოდნენ მხოლოდ კინოკომპანიის ხელმძღვანელებმა და ოჯახის ახლობლებმა, ემილიას არ სურდა ამ ამბის გასაჯარაოება - არადა, ყოველ წუთს სიკვდილს ელოდა.
"სამეფო კარის თამაშების" მესამე სეზონის შემდეგ ექიმებმა ამცნეს, რომ ანევრიზმა გაიზარდა და სასწრაფო ოპერაცია მოითხოვეს. თუმცა ისევ გეგმის გარეშე წავიდა ყველაფერი - ანევრიზმა გასკდა და მსახიობი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში.
ექიმებმა ორი ოპერაცია გაიკეთეს, თავის ქალა ახადეს და კიდევ ერთი თვე დასჭირდა რეაბილიტაციისთვის.
ახლა მსახიობი 32 წლისაა, თავს კარგად გრძნობს და ამიტომ გადაწყვიტა ამაზე საუბარი. დააარსა ფონდი, რომელიც ინსულტიან და ტვინის სხვა სახის ტრავმის მქონე ადამიანებს ეხმარება.