რამდენადაც ცურვა სასარგებლოა, იმდენად დიდ ზიანს მოუტანს ის ბავშვს, თუ არასწორად შეარჩევთ აუზს ბევრმა დედამ იცის, რომ ცურვა სასარგებლოა ბავშვისთვის, კარგი საცურაო აუზის ამორჩევა კი არც ისე ადვილია და ამასაც ცოდნა უნდა. რამდენადაც ცურვა სასარგებლოა, იმდენად დიდ ზიანს მოუტანს ის ბავშვს, თუ არასწორად შეარჩევთ აუზს.
არსებობს წესები, რომლებსაც ნორმალური აუზი უნდა აკმაყოფილებდეს.
* წყლის ოპტიმალური ტემპერატურა პატარისთვის უნდა იყოს 30-31 გრადუსი. ამაზე მეტი უკვე აღარ არის გამოწრთობა და უბრალო აბაზანაა. ამაზე დაბალ ტემპერატურაზე კი ბავშვს თავისუფლად შეიძლება შესცივდეს.
* კარგია, თუ აუზს აქვს თავისი საუნა, სადაც ბავშვს გაუშრობთ თავს და ყურებს. აუცილებელია კომფორტი გასახდელებში. თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი თარო, სადაც ნივთებს დაალაგებს. საშხაპეც მოხერხებული და კომფორტული უნდა იყოს. თუ მშობელიც შეჰყვება შიგნით ბავშვს, მას ბახილები უნდა ეცვას, რომ მიკრობები არ შეიტანოს.
* გაითვალისწინეთ ისიც, რომ ჯობს ბავშვი ახლო მანძილზე დადიოდეს ცურვაზე, ან მანქანით გადაადგილდებოდეს - ასე გაციების საფრთხეც ნაკლებია და არც დაიღლება მეცადინეობის დაწყებამდე.
საცურაო აუზი შეიძლება იყოს ღია და დახურული. სპეციალისტების აზრით, ცუდ ამინდში ბავშვის ღია აუზზე მიყვანა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან წყლის ქვეშ იქმნება ორთქლის ბალიში, რომლის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. ეს ბალიში არ ატარებს ცივ ჰაერს წყალში. მაგრამ მაინც ძნელი გადასაწყვეტია მშობლისთვის ბავშვის ღია აუზზე მიყვანა. ამიტომ მშობელთა უმრავლესობა არჩევანს დახურულ აუზზე აჩერებს. დახურული აუზები კი წყლის დეზინფექციის მეთოდით გამოურჩევა. აბსოლუტურად არაქლორირებული საცურაო აუზები ბევრ ქვეყანაში არ არის. მაგრამ თუ აუზს აქვს დეზინფექციის სხვა საშუალებები, წყალში ამცირებენ ქლორის რაოდენობას.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ თუ ქლორის შემცველობა ერთ ლიტრ წყალში 0,4-0,6 მილიგრამი იქნება, ის პრაქტიკულად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის. მაგრამ ქლორზე ალერგიია გამორიცხული ამ შემთხვევაშიც არ არის.
თუ აუზს ქლორის სუნი ასდის, ფრთხილად იყავით. ეს იმის მაჩვენებელია, რომ გასუფთავების სისტემა არ მუშაობს და წყლის ცირკულაცია შენელებულია.
სუფთა, ქლორირებულ აუზს სუნი არ ასდის, მაგრამ თუ ის ჭუჭყიანია, აუცილებლად იგრძნობთ ცუდ სუნს.
ბავშვისთვის უმჯობესია, გასუფთავების თანამედროვე სისტემის მქონე საცურაო აუზი შეარჩიოთ.
ამ თემასთან დაკავშირებით პედიატრს, მანანა ნანობაშვილს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:
- რა ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ცურვაზე მიყვანა?
- ბავშვის მიყვანა საცურაო აუზზე , "საჭყუმპალაოში", რეკომენდებულია 3-5 წლის ასაკიდან, მას შემდეგ, რაც ბავშვის სიმაღლე 110 სმ-ს მიაღწევს. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს დიდი დატვირთვა. სპორტული, ე.წ. პროფესიონალური დატვირთვა რეკომენდებულია 8 წლის ასაკიდან.
- როგორ უნდა დავიცვათ ბავშვი ინფექციური დაავადებებისგან?
- საჭიროა თითოეული ბავშვის შემოწმება პედიატრის მიერ. ფორმა 100, კანის, გულის, ხერხემლის გამოკვლევა. აუზზე მომუშავე პერსონალმა არ უნდა დაუშვას ინფექციის გავრცელება. საჭიროა სისუფთავე.
- რამდენად საშიშია ქლორით ინტოქსიკაცია?
- ქლორით ინტოქსიკაცია, უფრო სწორად კი ალერგიული რეაქციის განვითარება ქლორზე, მნიშვნელოვანი თემაა. ზოგადად რეკომენდებულია ღია ტიპის აუზები, რომლებიც ჩვენთან აღარ არსებობს. ასეთი ტიპის აუზებში ბავშვი მეტად დაცულია ქლორის მავნე ზემოქმედებისგან. მშობელს ევალება, რომ იყოს ყურადღებით. ნებისმიერი ალერგიული ნიშნის გაჩენისთანავე (თვალების, კანის ქავილი, ცემინება, ხველა) უნდა მიმართოს ექიმს.
აუცილებელია, რომ ბავშვი იყოს მწვრთნელის (ინსტრუქტორის) მეთვალყურეობის ქვეშ.
სანამ ბავშვს ცურვაზე შეიყვანთ, აუცილებლად დაინტერესდით, დეზინფექციის როგორ მეთოდს იყენებენ საცურაო აუზში, როგორია წყლის ტემპერატურა, რა მდგომარეობაა საშხაპეებში, დაცულია თუ არა ჰიგიენის ნორმები. მიაკითხეთ თქვენს პედიატრს და ამ პროცედურების გავლის შემდეგ შეიყვანეთ ბავშვი ცურვაზე.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ