ეს ნამდვილი დედობრივი ეპიდემიაა, რომელიც მაშინვე გეუფლება, როგორც კი დედა ხდები ნაწილი III. დასასრული.
ჩემი სიხარული გუშინ ვაზიარეთ. გუშინწინ ჩემი სანატრელი ორი თვის გახდა. ჰო, შენზე ვლაპარაკობ, ჩემო ერთადერთო.
უკვე დაკვირვებული იყურები, ხან სერიოზული, ხანაც ონავრული სახით. ბევრს იცინი და უამრავ და სხვადასხვანაირ "აღუს" ამბობ. ბავშვების საერთაშორისო ენა "აღუ" ყველამ იცის, მაგრამ 2 თვის ბავშვი დღის განმავლობაში ამდენჯერ, ასე ემოციურად და ამდენგვარად ამბობდეს? უკვე გეტყობა, როგორი ტიტინა იქნები. ჯერ კი ღუღუნა ხარ, ჩემი ღუღუნა, "აღუუ, ააღუ, აღუღუ..." რამდენნაირად აღარ ამბობ, ხან იცინი და მერე აყოლებ აღუს, თითქოს გინდა ილაპარაკო, ხელებს იქნევ სიხარულით, თვითონაც გიხარია, ღუღუნი რომ შეგიძლია; სარკეში რომ გახედებთ, ალბათ სხვა ბავშვი გგონია და სიხარულით ეღუღუნები. საყვარელი და გონიერი ბავშვი ხარ. მართალია, ყველა დედას თავისი შვილი გენიოსი ჰგონია და პატარა სიახლეც - სენსაცია, მაგრამ ვხვდები, რომ რაღაც გამორჩეული ხარ და მიხარია...
ადრე მიკვირდა ხოლმე, დედები ერთმანეთთან ან თუნდაც "არადედებთან" საუბრისას სულ თავიანთ შვილებზე რომ ლაპარაკობდნენ, მათ პრობლემებსა თუ სიახლეებზე. მიკვირდა, ნუთუ ამის გარდა სხვა თემა არ აინტერესებთ-მეთქი... ახლა მივხვდი, რომ ეს ნამდვილი დედობრივი ეპიდემიაა, რომელიც მაშინვე გეუფლება, როგორც კი დედა ხდები. ეს არის ამოსავალი წერტილი, ყველაფრის თავი და თავი და ამიერიდან მის ირგვლივ იწყებ ტრიალს, როგორც დედამიწა ღერძის ირგვლივ. მეც ასე ვარ, ჩემი მთავარი ინტერესი გახდი და მთელი დღე არ მბეზრდება შენზე ლაპარაკი, შენზე ფიქრი, შენი ყურება და მაგ საყვარელი სახის მოფერება და კოცნა. როგორ ფისოსავით ინაბები ხოლმე, როცა გეამბორები, სანატრელო.
უფრო და უფრო მეტ სიხარულს მანიჭებს შენთან ურთიერთობა, შენი მოფერება. შენც ავლენ სითბოს, მეკრობი, სხვანაირად მარჩევ სხვათაგან, მგრძნობ, ჩემს ხმას სცნობ და ჩემს მოფერებაზეც ყუჩდები... შემოგევლე, ჩემო ერთადერთო (ჯერჯერობით:).
შენს ვარდისფერ ლოყებს, ოქროსფერ თმას და წარბებს, აპრეხილ წამწამებს, ულამაზეს მომწვანო თვალებს, საყვარელ ცხვირუკას, ლამაზ პაწია ტუჩებს, ხანდახან რომ პრუწავ ხოლმე, მრგვალ ნიკაპს, ღაბაბს, პუტკუნა ხელუკებს და ფეხუკებს, ღიპუკას ვეფერები.
ძალიან მიყვარხარ, დედუკა.
20.08.2007წ.
ჩემო ოცნებავ, ჩემო ფისუნიავ, ბაჭიავ და ჩიტუნიავ, ყოველდღე ახალ-ახალ რამეს სწავლობ, ხასიათის ახალ საინტერესო ნიუანსებს ავლენ და ჩვენ, გარშემო მყოფებს, გადარეულებივით რომ მოგშტერებივართ და შენ ირგვლივ ვტრიალებთ, შენით ვცოცხლობთ, კიდევ და კიდევ გვაოცებ.
მრავალმხრივ აღუს სხვადასხვაგვარი სიცილი მოჰყვა, უკვე ხარხარის მაგვარიც გაბედე. როცა ძუძუზე მეკვრი, მაშინაც კი იტოვებ დროს, საყვარლად ამომხედო კუსავით და გამიცინო. მცნობ და სითბოზე სითბოთი მპასუხობ. ძილი? მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ემოციური ხარ, სიმყუდროვე ახლავე გიყვარს. ძილის დროს ცდილობ ხელი თავზე დაიფარო ან თვალებზე დაიდო, ან კიდევ მაგრად მეხუტები, მკერდში ღრმად მიძვრები, ისე, რომ ძლივსღა სუნთქავ და რაც შეიძლება მყუდრო ადგილს ეძებ დასაძინებლად, პატარა ლეკვივით. ისე, ამითაც მამას ჰგავხარ, როგორც ბევრი სხვა რამით. იმასაც ასე უყვარს ძილი, თავზე წაიფარებს საბანს და სულ მეშინია, როგორ სუნთქავს, არ გაიგუდოს-მეთქი. მე ხომ ასე არ შემიძლია. მე თუ ჰაერს და სივრცეს არ ვგრძნობ, ისე ვერ ვისვენებ...
ამ ბოლო დროს ჩემს მოფერებაზე რეაგირებ. როცა სახეს სახესთან გიახლოვებ, შენც ინაბები და უფრო რბილ, ხმადაბალ აღუებს ამბობ, თითქოს კრუტუნებ. ხანდახან თათუნიებსაც იშვერ მოსაფერებლად. ძილის წინაც გიყვარს მოფერება, რამდენჯერ თავზე მოფერების დროს განაბულხარ და დაგიძინია...
ჰო, ტელევიზორიც შეიცანი სარკის შემდეგ. რეკლამების დროს ხშირად ცვალებად კადრებს მონუსხული შეჰყურებ და ჩვენც გვიხარია, თითქოს რამე კარგი იყოს ამაში და თითქოს მთელი შემდეგი ცხოვრება ჩვენსავით ამ საზიზღარი "მანქანის" მორიგ ტყვედ არ იქცევი. ისევე როგორც კომპიუტერის, რომელიც შენს ცხოვრებაში ასევე დედის მუცლიდანვე შემოიჭრა და ალბათ მერეც არ დაგანებებს თავს...
31.08.2007წ.
...რამდენიმე დღეც და სახლში გადავბარგდებით, დაიწყება შენი ცხოვრება შენს სახლში, შენი დედიკოსა და მამიკოს ოთახში, მათ გვერდით. სულ ცოტაც და სამი თვის გახდები, უკვე დიდი ბიჭი იქნები.
ახლა ეტლში გძინავს, საწოვარას ხმაურიანად წოვ და შიგადაშიგ საყვარლად იცინი. სიცილი შენი თანმდევია, ძილშიც და სიფხიზლეშიც, როგორც დედაშენის, ერთ დროს... ამ ბოლო წლებში ცოტა ნაკლებს ვიცინი, შენი დაბადების მერე კი მეტისმეტად დავსერიოზულდი, ძალიან განვიცდიდი ყველაფერს, ახლა თანდათან მეც მოვალ აზრზე, ჩემი ნერვული სისტემაც ჩადგება მწყობრში და შენი დედიკო ისევ მხიარული გახდება, შენც გაგამხიარულებს. მამიკოც ალბათ სამსახურს იშოვის და ისიც დაიბრუნებს ძველებურ სიხალისეს...
მოკლედ, მგონი ყველაზე რთული ეტაპი დავძლიეთ ერთად და თანდათან კიდევ და კიდევ მეტი სიხარული გველის, ჩემო სანატრელო...
4.09.2007წ.
ჩემო ერთადერთო, რამდენი ხანია არ მილაპარაკია შენთან ასე, წერილობით. ამასობაში 4 თვის გახდი, ორჯერ გაციებაც მოასწარი, შენი მამაკაცური ღირსების მომავალში დასამტკიცებლად მცირე ოპერაციაც გადაიტანე, წარბები და თმა გაგიმუქდა, გამომეტყველება დაგისერიოზულდა, დამრგვალდი, გასაყვარლდი და შენს დედიკოს სრულად შეაგრძნობინე დედობა. უკვე ნამდვილად ვგრძნობ, რომ დედა ვარ, გულით, გონებით, სხეულითაც კი (განსაკუთრებით მაშინ, შენს ხელის მოცაცუნებაზე ან ხმის გაგონებაზე მკერდი რომ მიხურს და რძე მაწვება). უკვე ვერ წარმომიდგენია დრო, როცა დედა არ ვიყავი, თითქოს სულ ასე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვერასდროს ვათენებდი ღამეებს, მივეჩვიე ახალ რეჟიმს - დღე-ღამეში მაქსიმუმ 4 საათი მძინავს, მინიმუმ - 0. განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა სიცხე გქონდა და ცხვირში გიჭერდა, ძილზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. იმაზე ვლოცულობდი, მალე გამოჯანმრთელებულიყავი. შენ ხომ ასეთი პატარა და უსუსური ხარ. პატარა და საყვარელი...
საოცრად გიყვარს ხალხი, ურთიერთობები - დედ-მამასავით. გიყვარს ყურადღება, მოფერება. დედიკოს უზომოდ ენატრები ხოლმე იმ ერთ დღესაც, როცა სამსახურში გარბის და რძეს გიტოვებს, ან იქიდან გიგზავნის, მამიკოს ატანს, რომელმაც თავის თავს რძის გადატანის სერვისის მუშაკი უწოდა... ვცდილობთ არ მოგაკლოთ ყურადღება და სიყვარული, სწორედ ამიტომ დავრბივართ გიჟებივით.
გარეთ კი ისევ არეულობაა. ისევ მიტინგები, "გადადექი, წადი!!!" დავიღალე... მთელი ცხოვრება ამას ვუყურებ, რით ვერ გვეშველა? ჩვენთან მოსვლა იციან, წასვლა - აღარ. სავარძელში ჩამსხდართ ყველაფერი "ავიწყდებათ". ესენიც, ახლანდელი მომიტინგეები, ათას რამეს ჰპირდებიან ხალხს, მაგრამ როგორც კი სკამებს გაითბობენ, მაშინვე ყველაფერი დაავიწყდებათ და ამათსავით ცინიკური გაუხდებათ სახეები.
მე კი ვნერვიულობ. მინდა ძალიან ბედნიერი იყოთ შენ და შენი თანატოლები, თქვენს თაობას მაინც ეღირსოს მართლა ნათელი მომავალი და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება... ღმერთო, მისმინე, ჩემს შვილს და მის თანატოლებს ბედნიერი საქართველო არგუნე და ჩვენზე მეტად დაიფარე...
4.11.2007წ
კიდევ ერთი ეტაპი დაგვრჩა უკან - 6 თვის ხარ. საოცრად აზრიანი, მხიარული, მოუსვენარი. გამუდმებით გამოხატავ ემოციებს, ითხოვ, რომ სულ ყურადღების ცენტრში იყო. ღუღუნებ, ყვირი, ზუზუნებ, ხანდახან "დედის" მაგვარ სიტყვასაც ამბობს, რაც გიჟივით მახარებს. როცა რამე გიკვირს, პირი ღია გრჩება გაოცებისგან. როცა გიხარია, კივილით ან ყვირილით გამოხატავ. დედიკოს და მამიკოს ყველასგან არჩევ და გატირებაც დაიწყე. მამა რომ შემოდის ოთახში, თვალები გიბრწყინავს ონავრულად, იცინი და ფეხები გითამაშებს. მე რომ შემოვდივარ, სენტიმენტალურ სახეს იღებ, თვალებში სითბო გეღვრება და მთელი ტანით მთხოვ, რომ აგიყვანო და ჩაგიხუტო. ხანდახან ძუძუს წოვის დროსაც იცი მასე - ძუძუს თავს მიანებებ და წამით, თვალებში მიყურებ, თთქოს გიხარია, რომ გვერდით ვარ, მიღიმი, "აა-აა" - ამბობ და ისევ უბრუნდები წოვას, მერე ისევ ამომხედავ, თითქოს მამოწმებ, ვარ თუ არა შენთან.
უცხოებთან სერიოზულდები, აკვირდები, ათვალიერებ და მხოლოდ მერე იღებ გადაწყვეტილებას, გაუცინო თუ არა. ხანდახან შუაღამისას მოგინდება თამაში და გართობა, კი გავბრაზდები ხოლმე, მაგრამ შენს გასხივოსნებულ სახეს რომ დავინახავ, ყველაფერი მავიწყდება... ჩემო სიცოცხლე, მთავარია, კარგად იყო, არაფერი გაწუხებდეს და ღამეებსაც გავათენებ და საერთოდაც არ დავიძინებ.
დედა შემოგევლოს, გაბერილო და მარცვალა, როგორც დღეს მამიკომ გიწოდა.
მიყვარხარ.
24.12.2007წ
დღეს შენი პირველი კიჭი შევიგრძენი, პირველი კბილი ამოგივიდა, ანუ კიდევ ერთი ეტაპით დიდი გახდი. დედი, ეს კიჭი მალე გაგიმრავლდეს, ჯანმრთელი და მაგარი გქონდეს და საერთოდ, სულ ჯანმრთელი იყავი. თირემ შენ რომ რამე გაწუხებს, ასე მგონია, ქვეყანა ინგრევა, საშინლად ცუდად ვხდები და ამქვეყნად არაფერი მინდა იმის გარდა, რომ გამოკეთდე.
დედა შემოგევლოს, როგორ მინდა ხოლმე, რომ მთელი დღე გეფერო და გეალერსო, მაგრამ ცხოვრებამ ისე მოიტანა, იმ დროის ნაწილი, რომელიც შენ უნდა დაგითმო, კომპიუტერთან ჯდომისთვის უნდა გავანაწილო - ისევ შენთვის, რომ არაფერი მოგაკლდეს და უზრუნველყოფილი მყავდე, ჩემო ერთადერთო. შენთან ყოფნას არაფერი ჯობია, შენი მოცინარი თვალების ყურებას, მე კი იძულებული ვარ, დღის გარკვეული ნაწილი კომპიუტერის ციმციმს ვუყურო და კლავიშებს ვუკაკუნო, თან ისე, ფრთხილად, რომ მძინარეს არ გაგეღვიძოს...
დედი, ძალიან მიყვარხარ და მინდა ბედნიერი მყავდე...
23.01.2008
დღეს ფილოსოფიურ განწყობაზე ვარ, სანამ გძინავს, აზრები დამიტრიალდა თავში.
სახლი - სიმყუდროვის, სიახლოვის, სტაბილურობის, სითბოს, სიმშვიდის, ოჯახის, კერის სიმბოლოა... იცი, ჩემს ცხოვრებაში ასე არ ყოფილა. გარემოებათა გამო ხშირად გვიწევდა საცხოვრებლის გამოცვლა - 2-3 წელზე მეტ ხანს არსად არ გვიცხოვრია, შესაბამისად, ვერც კი ვასწრებდი, რომ ჩემთვის სახლი ახლობლად და შინაურად ქცეულიყო. სწორედ ამიტომაც, სიმყუდროვისა და სიმშვიდის ძიებაში, ერთგვარი კომპენსირება მოვახდინე, ქვეცნობიერად. ჩემთვის ეს ყოველივე, სხვა გრძნობებთან ერთად, რასაკვირველია, დედაში და დედის სიყვარულის განცდაში გაერთიანდა. დედა იქცა ჩემთვის სტაბილურობის, სიმყუდროვის, სიახლოვის, თავშესაფრისა და ოჯახის სიმბოლოდ. ჩემი შეგნებული ცხოვრება - 10 წლის მერე, დედას არ უმუშავია და შვილებთან ატარებდა მთელ დროს, მამა იშვიათად იყო სახლში, ვიყავით ჩვენ და დედა. არც მეზობლებში სიარული და ჭორაობა უყვარდა, არც - "შოპინგებზე", თუ მიდიოდა სადმე, ისევ ჩვენთან ერთად და ისევ და ისევ ჩვენთვის. არც ჩვენ გვიჩერდებოდა შინ მის გარეშე გული, უიმისოდ თითქოს ცარიელი იყო სახლი... დღესაც კი, ამხელა გოგო, მშობლების სახლში თუ მივდივარ და ისე ხდება, რომ დედა შინ არ არის, სადმეა გასული, საშინელი განცდა მეუფლება _ მიუსაფრობის... ჩემი სახლი, ჩემი თავშესაფარი, ჩემი კერა და ჩემი სიმყუდროვეც - დ ე დ ა ა!
...ნეტავ, მე რის სიმბოლო ვიქნები ჩემი შვილისთვის? შენთვის, ჩემო სანატრელო, საყვარელო, უძვირფასესო განძო... მშვიდად იძინე, დედის ნუგეშო და სიხარულო...
15.10.2008წ
ლელა ზურებიანი