დღეს ის ყველაზე ცნობილი და მრავალი ადამიანისთვის საყვარელი, მსოფლიოს საუკეთესი ფეხბურთელია, არც სახელი და დიდება აკლია და არც ფული. არადა, იყო დრო, ღარიბი მშობლების შვილს ბევრი რამ ენატრებოდა, საკმაოდ მძიმე დიაგნოზიც დაუსვეს ექიმებმა და მისი მომავალი, პრაქტიკულად, სასწორზე იდო. მაგრამ ოჯახის წევრების მხარდაჭერით, თავისი ნიჭიერებისა და მომავლის რწმენის წყალობით, კეთილი ადამიანების გვერდში დგომით საუკეთესო გახდა...
ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი არგენტინელი ფეხბურთელია, რომელიც „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. გარდა არგენტინისა, მას აქვს ესპანეთის მოქალაქეობაც, რომელიც ევროპის მოთამაშედ ხდის. მესი მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად. მიღებული აქვს ფიფა-ს ოქროს ბურთის სარეკორდო რაოდენობა — ოთხი, რომელთაგან პირველი ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში მოიგო. მის საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევს. მომავალი ფეხბურთელი 1987 წლის 24 ივნისს დაიბადა, არგენტინის ქალაქ როსარიოში, მრავალშვილიან ოჯახში. მამამისი, ხორხე ჰორასიო მესი ქარხანაში მუშაობდა, დედამისი − დამლაგებლად. მისი გვარი იტალიის ქალაქ ანკონადან არის წარმოშობით, საიდანაც მისი წინაპარი, ანჯელო მესი არგენტინაში 1883 წელს გადასახლდა. მესის ჰყავს ორი უფროსი ძმა - როდრიგო და მატიასი და ერთი და - მარია სოლი.

5 წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში, გუნდ „გრანდოლიში“, რომლის მწვრთნელიც მამამისი იყო. 1995 წელს მესი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში გახლდათ. წინ კარგად მიიწევდა, მაგრამ 11 წლის ასაკში მოულოდნელად ჯამრთელობის პრობლემები დაეწყო. ექიმებმა ზრდის ჰორმონის უკამარისობა დაუდგინეს - ამ პრობლემასთან გამკლავებას სოლიდური თანხები სჭირდებოდა.
არგენტინული პრიმერა დივიზიონის კლუბ „რივერ პლეიტმა“ მოინდომა ნიჭიერი ბიჭუნას აყვანა, მაგრამ ვერ შეძლო მისი მკურნალობისთვის თვეში 900 დოლარის გადახდა. მესის ოჯახს კატალონიაში ნათესავები ჰყავდა, რომლებმაც „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორს, კარლეს რექსაჩს შესთავაზეს მესი და მამამისთან ერთად შესამოწმებლად გაუშვეს. „ბარსელონამ“ მესის თამაშის ნახვის შემდეგ ოჯახს კონტრაქტი შესთავაზა — მის დაავადებას უმკურნალებდნენ, თუკი კატალონიაში გადაბარგდებოდნენ. ოჯახი დათანხმდა. მესის მომავალი ნათელი გახდა - ევროპაში ჩასვლის შემდეგ მესი „ბარსელონას“ ახალგაზრდულ კლუბში აიყვანეს. მას მერე, მესის არ უღალატია გუნდისთვის, რომელმაც პრაქტიკულად გადაარჩინა...
დღეს მილიონერია, წარმატებულია, ქველმოქმედია და ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელია, ათასობით პატარა ბიჭუნასთვის მისაბაძი და სამაგალითო.
მესის ცოლი და სამი შვილი ჰყავს. 2012 წელს გაუჩინა ანტონელა როკუცომ პირველი ვაჟი - ტაგო, 2015 წელს - მატეო და 2018 წელს - ჩირო. მესის ძალიან უყვარს თავისი ოჯახი და ბევრ დროს ატარებს შვილებთან.

