50-60-იანი წლების ვარსკვლავი და იმდროინდელი სექსსიმბოლო, ჯინა ლოლობრიჯიდა, 2023 წლის იანვარში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მასზე მილიონობით მამაკაცი ოცნებობდა, ნამდვილი კინოვარსკვლავი იყო, თუმცა ბედნიერი ცხოვრებით ვერ დაიკვეხნიდა...
ლუიჯია (ჯინა) 1927 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ სუბიაკოში, ავეჯის ხელოსნების ოჯახში. ლუიჯინას გარდა ოჯახში სამი გოგონა იზრდებოდა - ჯულიანა, მარია და ფერნანდა. 1945 წელს ოჯახი რომთან ახლოს გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჯინა თავის პირველ საარსებო ფულს შოულობდა, როგორც ქუჩის მხატვარი - კარიკატურებსა და შარჟებს ხატავდა. გარდა ამისა, საოპერო ვოკალის გაკვეთილებს ღებულობდა და თეატრალურ სასწავლებელშიც სწავლობდა.
ბავშვობიდან ოცნებობდა, მოქანდაკე ან ოპერის მომღერალი გამხდარიყო. არადა, ხშირად იწვევდნენ კინოში. თავიდან უარს ამბობდა, მერე კი დედამ დაარწმუნა, რომ ეცადა და სცადა კიდეც.
წარმატება მალე მოვიდა, მით უმეტეს, რომ 1947 წელს "მის იტალიის" კონკურსზე მესამე ადგილიც აიღო და თავდაჯერებაც შეემატა. ყველაზე ცნობილი ფილმები კი მისი მონაწილეობით არის "ფან ფან ტიტა", "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" და სხვები.
პოპულარობა მალე ეწვია და განსაკუთრებული გარეგნობის გამო უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. იმ დროის ულამაზეს ქალებს შორის ასახელებდნენ...
1949 წელს გათხოვდა იუგოსლავიელ ექიმ მილკო სკოფიჩზე. 1957 წელს ეყოლათ მათ ერთადერთი ვაჟი - მილკო-უმცროსი, რომელსაც მამის პატივსაცემად დაარქვეს სახელი.
1971 წელს წყვილი ერთმანეთს გაშორდა, 1979 წელს კი ჯინას ყოფილი ქმარი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. დღეს მილკო-უმცროსი ეკონომისტია, ცოლი და შვილი ჰყავს.
1968 წელს ჯინას მცირეხნიანი რომანი ჰქონდა სამხრეთ აფრიკელ ექიმთან კრისტიან ბერნარდთან.
2006 წელს კი, 79 წლისამ გამოაცხადა, რომ 45 წლის ესპანელ ბიზნესმენ ხავიერ რიგო-ი-რაფოლსზე იყო დანიშნული.
წყვილი ერთად ჩნდებოდა ღონისძიებებზე, თუმცა ჯინას შვილი ეწინააღმდეგებოდა ამ კავშირს და ხავიერს თაღლითობაში ადანაშაულებდა. ჯინამ მასზე მაინც იქორწინა, თუმცა 2013 წელს თავადვე უჩივლა ხავიერს, ფულის გამოძალვის ბრალდებით. 2019 წელს რომის პაპის ჩარევით, მისი და ხავიერის ქორწინება ბათილად ცნეს.
სიცოცხლის ბოლო წლებში ჯინა აქტიურად იყო დაკავებული ფოტოგრაფიით, ატარებდა ფოტოფესტივალებს, ხატავდა, ძერწავდა და ხშირად აწყობდა გამოფენებს.
თუმცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მაინც აღმოჩნდა თაღლითის მსხვერპლი. მისი გარდაცვალების შემდეგ გაასამართლეს 36 წლის ანდრეა პიაცოლა, რომელსაც ჯინასთან 21 წლისას დაუწყია მუშაობა და მილიონობით დოლარი მოუპარავს ჯინასთვის, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა. პიაცოლა ჯინას პირადი თანაშემწე იყო, თუმცა მასთან ნდობაში შესულმა მოახერხა, რომ მისთვის მილიონები დაეცინცლა. ის ისე აკონტროლებდა ჯინას და ისეთ გავლენას ახდენდა მასზე, რომ ბოლო ხუთი წელი შვილსაც არ ჰქონდა მისი ნახვის უფლება. მისი გარდაცვალების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მისი ქონებიდან 10 მლნ ევრო უბრალოდ გაქრა. პიაცოლა გაასამართლეს და სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.