27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გადაცემა “ბასტი ბუბუ” პირველად გამოჩნდა იმ დროისთვის ერთადერთი ტელეარხის - პირველი არხის ეთერში.
მას მერე ბასტი ბუბუს შემოქმედებითმა ჯგუფმა არაერთი წარმატებული პროექტით დაამახსოვრა მაყურებელს თავი: ძილისპირული, დილის აერობიკა, კარუსელი, ბაბილინა, თავდაყირა და სხვა. ასევე წარმატებული პროექტი გახდა ბასტი ბუბუს სტუდია, რომელმაც არაერთი სახელოვანი ადამიანი აღზარდა და ახლა უკვე ამ სტუდიაში პირველი თაობის ბავშვებს თავიანთი შვილები მოჰყავთ.
უკვე 7 წელია ბასტი ბუბუს თავისი საკუთარი ტელეარხი აქვს. საბავშვო ტელევიზია BBB სთავაზობს ფერად, მუსიკალურ მხიარულ შემეცნებით გადაცემებს სხვადასხვა ასაკის ბავშვებს.
ამბობენ, ახალი სასწავლო წლიდან ბასტი ბუბუს შემოქმედებითი ჯგუფი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტით გაგვახარებსო.
ახალი სეზონიდან BBB არხთან მუშაობას იწყებს, საბავშვო სატელევიზიო სტუდია - BBB აკადემია.
როგორია BBB აკადემია? რა ასაკიდან იღებენ ბავშვებს? რა საგნები ისწავლება? და რა კრიტერიუმით არჩევენ ბავშვებს? და რა განსხვავებაა ბასტი ბუბუს სტუდიასა და BBB აკადემიას შორის.
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ვესტუმრეთ BBBაკადემიის გენერალურ პრიდიუსერს ქალბატონ თამარ სხვიტარიძეს.
თამარ სხვიტარიძე:
ბასტი ბუბუს სტუდია თავისი რეპერტუარის გათვალისწინებით სკოლამდელ ასაკს მოერგო. ჩვენ დავინახეთ ახალი ნოვაციური სტუდიის შექმნის აუცილებლობა, რომელიც სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გავაკეთეთ ტელესერიალი სათაურით “BBBაკადემია”. მისი შინაარსი ასეთი იყო, ცეკვა - სიმღერის სტუდიის ქასთინგზე ორგინალური შეთავაზებით მოდის რამდენიმე ბავშვი, მათ სურთ გააკეთონ საიტი, რომელიც ასახავს BBB აკადემიის ცხოვრებას. სერიალი საინტერესოდ განვითარდა. მაყურებელს შეუყვარდა მისი გმირები, ბავშვები პოპულარულები გახდნენ. BBB აკადემია არა მარტო სატელევიზიო სერიალი, არამედ სტუდიაც გახდა, სადაც ემზადებიან სატალევიზიო გადაღებებისთვის. BBB აკადემიაში უკვე 100-მდე ბავშვია, მსურველთა რაოდენობა კი მატულობს. შემდეგი წლიდან კიდევ 50 ახალი მოსწავლის მიღებას შევძლებთ.
- თუ მსურველები მეტი იქნება?
- ამ ეტაპზე BBB აკადემია ბასტი ბუბუს სტუდიის შენობაშია და ალბათ, მეტი ბავშვის მიღებას ვერ შევძლებთ, თუმცა, დრო გვიჩვენებს, შეიძლება BBB აკადემიას თავისი საკუთარი შენობაც გაუჩნდეს.
- რა განსხვავებაა ბასტი ბუბუს სტუდიას და BBB აკადემიას შორის?
- ასაკობრივი და შინაარსობრივიც. ბასტი ბუბუ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის არის. ის ძირითადად, ცეკვისა და სიმღერის სტუდიაა. BBB აკადემია კი უკვე სკოლის ასაკიდან იწყება. არის მოსამზადებელი კურსები, არის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, თეატრალური ფაკულტეტი. არის საკონცერტო დასი.
- რა პროექტებს ამზადებს ამჯერად BBB აკადემია?
- ამჯერად მზადების პროცესშია სამი სატელევიზიო პროექტი: სუპერკლასი, ფერიების სკოლა და კარგი ამბები.
- თუ შეიძლება მოგვიყევით ამ პროექტების შესახებ
- დავიწყებ საგანმანათლებლო სატელევიზიო პროექტით "სუპერ კლასი".
ეს არის თამაში, სადაც ინტელექტუალი ბავშვები და საუკეთესი მასწავლებელი ატარებენ სუპერ გაკვეთილს. გადაცემას თამაშის ფორმა აქვს და გაფორმებულია მუსიკალური ნომრებით. მაისიდან ვიწყებთ ამ სატელევიზიო პროექტზე მონაწილეთა აყვანას.
მოთამაშე ბავშვებს ავიყვანთ წინასწარი ჩაწერით.
ამ პროექტის ფარგლებში ყველა გონიერ და ნიჭიერ ბავშვს საშუალება ექნება BBB აკადემიის ინტერნეტ გვერდზე, bbbacademia.ge ჩაეწერონ ინტელექტუალ მოთამაშეთა ჯგუფში.
მოთამაშე პედაგოგს კი მაყურებელი ბავშვები შეარჩევენ.
ყველა ბავშვს ექნება საშუალება გადაიღოს სელფი ვიდეო, სადაც დაასახელებს თავის საყვარელ პედაგოგს და დაასაბუთებს, რატომ არის ეს პედაგოგი საუკეთესო. ასეთი ვიდეოები აიტვირტება ჩვენს ინტერნეტ გვერდზე bbbacademia.ge
მთელი ქალაქის მასშტაბით შევარჩევთ ყველაზე საყვარელ სხვადასხვა საგნის პედაგოგებს.
იმ მასწავლებელს, რომელსაც სამზე მეტი რეკომენდაცია ექნება ბავშვებისგან, მოხვდება სუპერ კლასის პროექტში.
ასევე შედგება მოცეკვავეთა დასი, რომლებიც შეასრულებენ სხვადასხვა ქვეყნის ცეკვებს. დარწმუნებული ვარ მათ მიერ შესრულებული კოსტუმირებული ცეკვები გაახალეისებს საინტერესო პროექტს
ორ სიტყვას ვიტყვი ვოკალისტთა ჯგუფებზე. ჩვენს სტუდიაში ბევრი ნიჭიერი ვოკალისტია, რომლებიც ჩაწერენ მუსიკალურ კითხვას.
მოკლედ, ეს ბასტიბუბუს შემოქმედებითი ჯგუფის ახალი სატელევიზიო ფორმატი იქნება. იმედია, მოეწონებათ მშობლებსაც და ბავშვებსაც.
მეორე პროექტი გახლავთ ფერიების სკოლა
,,ბასტი-ბუბუს' ფერიების სკოლა
ძირითადი დასში 16 მოსწავლეა. ვგეგმავთ 50 ბავშვის მიღებას მოსამზადებელ კურსზე. მოსწავლეებთან იმუშავებენ ცნობილი მსახიობები და რეჟისორები. ფერიების სკოლა სექტემბრიდან ორ პროექტს დაიწყებს - ერთი იქნება სატელევიზიო სპექტაკლი ელისი, ამ პროექტს უკვე ელოდებიან დიდი ტელევიზიები, და მუსიკალური სპექტაკლი თოვლის დედოფალი, რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზში წარდგება საახალწლოდ.
მესამე პროექტი გახლავთ BBB აკადემიის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. აქ მზადდება თოქშოუ სათაურით "კარგი ამბები".
"ბასტი-ბუბუს" თოქ-შოუ - კარგი ამბები
ცნობილი ადამიანები მოდიან ბავშვებთან შესახვედრად, ჰყვებიან მათი საქმიანობის შესახებ. ბავშვები სწავლობენ კითხვის დასმას, მსჯელობას და სხვა მათთვის აუცილებელი თვისებებს.
სამივე ფაკულტეტზე ჯგუფები დაკომპლექტება მაისიდან დაიწყო. სწავლა დაიწყება სექტემბრიდან.
mshoblebi.ge წარმატებას უსურვებს ბასტი-ბუბუს, რომელიც ბავშვებისთვის ძალიან საჭირო საქმეს აკეთებს. მათ მოახერხეს და მოიპოვეს მშობლების ნდობა და ბავშვების სიყვარული. აქტუალური გახადა ბევრი საჭირო თემა. არხი ჩართულია ყველა ოჯახში, სადაც ბავშვია. გვჯერა, რომ BBB აკადემია კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართველ მოზარდებს.