სკოლის დამთავრება ნებისმიერი ადამიანისათვის განსაკუთრებული მოვლენაა. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, უკვე ყოფილი მოსწავლეები, საზეიმო ღონისძიებითა და ბანკეტით იწყებენ. საქართველოში ბანკეტის ხარჯები წლების მიხედვით განსხვავდება. ტექნიკის განვითარებასთან ერთად, დამამთავრებელ კლასს სურვილი უჩნდება, მათთვის განსაკუთრებული დღე ხარისხიანმა ფოტოებმა და ვიდეომ გაახსენოთ, ეცვათ საოცნებო კაბები, ჰქონდეთ გამორჩეული მაკიაჟი ან ჰყავდეთ კარგი მანქანა. თუმცა, ზოგიერთ მშობელს ერთი დღის ტკბილი მოგონება საკმაოდ ძვირად უჯდება.
ნიკამ წელს დაასრულა სკოლა. დედა ამბობს, რომ ბანკეტი დაახლოებით 1000 ლარზე მეტი დაუჯდათ : "შარვალსა და პიჯაკში 300 ლარი გადავიხადეთ. ამას დაემატა ფეხსაცმლის ხარჯი, საბანკეტო დარბაზის დაქირავება და მანქანის ხარჯი, რომლით სეირნობაც ასე უყვართ ახალგაზრდებს, ბანკეტის დღეს. რა თქნა უნდა, კიდევ იყო სხვა წვრილმანისთვის ხარჯები. საბოლოოდ, 1000 ლარზე მეტი გამოვიდა, მაგრამ ღირდა, რადგან ბანკეტი და ბოლო ზარი ერთხელაა მათ ცხოვრებაში."
ნათიამ კი საბანკეტოდ 2000 ლარზე მეტი დახარჯა. მან კაბა ერთ-ერთი ქართველი დიზაინერის კოლექციიდან სპეციალურად ამ დღისთვის შეარჩია. "მე ვფიქრობ, რომ ბანკეტი ძალიან ამაღელვებელი დღეა. თითქოს ბავშვობას ვემშვიდობებით და მინდოდა განსხვავებულად ვყოფილიყავი იმისგან, ვიდრე ნათესავის ქორწილში ან დაბადების დღეზე."
“მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, არ წავიდოდი მე-12 კლასელების ბანკეტზე”...
"ისეთი თანხა დაჯდა ჩემი შვილის ბანკეტი, ვერ გავუშვი და გული დავწყვიტე... მარაზმად იქცა ეს თემა"
ხშირად საბანკეტო ხარჯები დიდ ტვირთად აწვებათ ოჯახებს და უკმაყოფილებასაც გამოხატავენ მშობლები: "ბანკეტები ახლა დაემსგავსა შეჯიბრს, სადაც ყველა ერთმანეთის კაბებსა და ფეხსაცმელს "აჯიბრებს". განიხილავენ, ვის როგორი მაკიაჟი აქვს და ვინ სად იყიდა ტანსაცმელი - ლილოს ბაზრობაზე თუ ბრენდულ მაღაზიაში. ძალიან მეტიჩრები ვართ ქართველები, მშობლებსაც არ გვინდა ჩვენს შვილებს გული დავწყვიტოთ და ხშირად ბანკის ვალებსაც კი იღებენ საყიდლებისთვის. მე ბანკის ვალი არ ამიღია, მაგრამ საკმაოდ ძვირი დამიჯდა შვილის ბანკეტი. სხვა რომ აკეთებს, მარტო ერთი ვერ გამოაკლდები. მახსოვს, სკოლა რომ დავამთავრე, 5 ლარიანი თეთრი მაიკა ვიყიდე და ის მეცვა, მაგრამ ძალიან კარგად ვერთობოდით და ვემეგობრებოდით ერთმანეთს."- ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
იმავე პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი მშობელი: "ბანკეტზე ბიჭები კარგი მანქანებით მიდიან. თითქოს აჯიბრებენ ერთმანეთს. ოჯახში კი გვყავს მანქანა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი შვილისთვის არ აღმოჩნდა "ბანკეტისთვის" შესაფერისი. მანქანა გამოვართვით ნათესავს. ჩემი შვილი მართავდა და ამ დროს კლასელმა ძალიან ახლოს გაუარა ავტომობილით და ეს ნათხოვარი მანქანა გავაფუჭეთ და იმის გაკეთებაც ჩვენ მოგვიწია."
არიან მოსწავლეები, რომლებიც მინიმალურ თანხაში ახერხებენ ბანკეტისთვის მომზადებას. ერთ-ერთი მათგანია ნატა. მან სკოლა ერთი წლის წინ დაამთავრა : "კაბა დედაჩემმა შემიკერა, მკერავია. თან ისეთი, როგორიც მინდოდა და მხოლოდ ნაჭრის ფული გადავიხადე. ფეხსაცმელიც 60 ლარად ვიყიდე ისეთი, როგორიც მომწონდა და მაკიაჟიც ძალიან სადა და ბუნებრივი მქონდა. ბანკეტი გადავიხადეთ კლასელის სახლში, რომელსაც ჰქონდა დიდი ფართი და ჩვენ მოვრთეთ და შევიქმენით განწყობა. საბოლოოდ, 300 ლარამდე დამიჯდა. მგონია, რომ ის უნდა გეცვას ადამიანს, რაც გიხდება და მოგწონს და არ აქვს მნიშვნელობა სად იყიდი ან შეიკერავ. ისეთი კარგი დრო გავატარეთ, არასდროს დამავიწყდება."
ბანკეტის მოახლოებასთან ერთად, სადღესასწაულო ტანსაცმლის ფასი იზრდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ქართველი მშობლების ფინანსურ მდგომარეობას. ზოგი მინიმალური თანხებით ახერხებს გამოწყობას და ძალიან ბედნიერია, ზოგისთვის კი მნიშვნელოვანია, ბანკეტზე განსაკუთრებული და განსხვავებული ტანსაცმელი ან მაკიაჟი ჰქონდეს. ფაქტი ერთია, ბანკეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა ნებისმიერი მოსწავლისთვისა თუ მშობლის ცხოვრებაში.