აქვს თუ არა მშობელს საქმე სანერვიულოდ, როცა მის შვილს მისი სქესისთვის შეუფერებელი თამაშები იზიდავს? იქნებ თქვენი შვილის გარემოცვაში შეგინიშნავთ კიდეც ბიჭუნა, რომელსაც თოჯინებით თამაში მოსწონს ან გოგონა, რომელიც მანქანებითა და თოფებით ერთობა?! აქვს თუ არა მშობელს საქმე სანერვიულოდ, როცა მის შვილს მისი სქესისთვის შეუფერებელი თამაშები იზიდავს?
ფსიქოლოგები გვამშვიდებენ, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. ნებისმიერი თამაში ბავშვს ახალი უნარებით "ამდიდრებს", თვალსაწიერს უფართოვებს, აცნობს რაიმე ახალსა და საინტერესოს. ამიტომ ნუ ღელავთ, როცა პატარა მისი თანატოლებისგან განსხვავებულ სათამაშოებს ირჩევს. ნუ გადარდებთ, რას იტყვიან მასზე სხვები.
განვიხილოთ თამაშებთან დაკავშირებული სტერეოტიპები და გავრცელებული მითები.
მითი: გოგოს თოფებითა და მანქანებით თამაში არ შეჰფერის
ასეთი თამაშები ძლიერი ემოციების გამოხატვასა და აგრესიასთან გამკლავებაში ეხმარება. მართალია, გოგონა, რომელიც ხელში პისტოლეტით დარბის და ბოლო ხმაზე ღრიალებს, გარშემო მყოფთაგან დიდ სიმპათიებს ვერ დაიმსახურებს, სამაგიეროდ, თუ ბავშვს ამ მოთხოვნილებას ჩაუხშობთ, მას თავისი უარყოფითი ემოციებისგან დაცლის საშუალება აღარ ექნება და ეს უარყოფითი ენერგია უკან დაუბრუნდება.
რჩევა: კარგად დააკვირდით, როგორ თამაშობს თქვენი გოგონა ომობანას. თუ გადამეტებულ აგრესიას იჩენს და სხვა ბავშვებს აშკარად "ერჩის", მაშინ აქ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე და სპეციალისტის ჩართვა ჯობს.
მითი: რად უნდა ბიჭს თოჯინა?
მოგწონთ, როცა მეუღლე მზრუნველად ექცევა ბავშვს? რა თქმა უნდა, მოგწონთ და ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავთ. აბა, რატომ უშლით ბიჭუნას იგივე მზრუნველობის გამოხატვაში "ივარჯიშოს". თოჯინით თამაშისას ბიჭი მამას განასახიერებს. სწავლობს მზრუნველობას, ემოციებისა და სითბოს გამოხატვას. ბიჭების უმეტესობას ეს თამაშები 3 წლის შემდეგ ბეზრდება, მაგრამ ზოგს საკმაოდ დიდხანს გაჰყვება ხოლმე. ოღონდ, ამასაც უნდა მსუბუქი დაკვირვება.
რჩევა: არ იფიქრო, რომ ამით ბიჭი სუსტი და "ბოთე" გაიზრდება. ამ ასაკში თოჯინებით გატაცება ჯერ არაფერს ნიშნავს. ხოლო თუ ეს მეტისმეტად ხშირად ხდება და მეტისმეტად ემსგავსება ქალურ თამაშებს, მაშინ ფსიქოლოგთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია.
მითი: "ახტაჯანა" გოგო უნდა მოთოკოთ
გოგონებშიც და ბიჭებშიც გვხვდებიან როგორც მშვიდი, ასევე ძალიან ცელქი ბავშვები, რომლებიც ყველაფერს თავდაყირა აყენებენ. ეს ყველაფერი ტემპერამენტიდან გამომდინარეობს. თუ გოგოს აქტიური თამაშები უფრო იზიდავს, ნუ დაუშლით. ეს მასში ლიდერის პოტენციალს ჩაახშობს.
რჩევა: არ შეზღუდოთ გოგონა. როცა სასეირნოდ მიდიხართ, ბურთიც გაიყოლეთ და ერთად ითამაშეთ.
მითი: ბიჭები მხოლოდ ბიჭებთან უნდა თამაშობდნენ
თუ ბავშვებს ერთად თამაში მოწონთ, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. თანაც 3 წლამდე ბავშვები ძირითადად ერთად კი არა, ერთმანეთის გვერდიგვერდ, მაგრამ ცალ-ცალკე თამაშობენ. ზოგს ჰგონია, რომ ერთსქესიან ჯგუფში ბავშვები უკეთ გრძნობენ თავს.
რჩევა: მშვიდად შეხვდით იმ ამბავს, რომ თქვენს ვაჟს ბევრი დაქალი ჰყავს. მათი დახმარებით, ბიჭუნა ურთიერთობის ბევრ სასარგებლო უნარს შეიძენს, უფრო გახსნილი იქნება და ემოციების სწორად გამოხატვასაც ისწავლის.
მითი: მგრძნობიარე ბიჭები "ჩმორები" იზრდებიან
ის მგრძნობიარე კაცი იქნება, რომელსაც თანაგრძნობა შეეძლება. ნუ ჩაკლავთ მასში ამ გრძნობას.
რჩევა: არ უთხრათ ბიჭს, რომ მამაკაცებს არც ეშინიათ და არც დარდობენ. ეს ყველაფერი ბავშვმა უნდა განიცადოს, უბრალოდ ამ ემოციების მართვა და სწორად გამოხატვა უნდა შეეძლოს. ასეთი კაცები კონფლიქტური სიტუაციებიდან მოლაპარაკებით გამოდიან და არა მუშტებით.
ამ სტატიით ვეცადეთ გაგვემარტა, რომ განსხვავებული სათამაშოებით დაინტერესება ჯერ კიდევ არ არის სქესობრივი იდენტიფიკაციის პრობლემის ნიშანი და მშობელს შიშის საფუძველი არ აქვს. თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ ზოგჯერ ასეც ხდება. ანუ ბავშვობისას გამოხატული სქესისთვის შეუფერებელი ინტერესები მომავალში სქესობრივი ორიენტაციის დარღვევით სრულდება ხოლმე. როდის არის ბავშვის ქცევა სქესობრივი იდენტობის პრობლემის მანიშნებელი და როდის უნდა ჩაერიოს მშობელი - ამ თემაზე სტატიას ახლო მომავალში შემოგთავაზებთ.