ბლოგერ დათო გორგილაძეს თითქმის ერთი წლის წინ დედა გარდაეცვალა. ამ პერიოდის განმავლობაში ხშირად წერდა საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე, უზიარებდა მეგობრებს, თუ როგორ სწავლობდა ცხოვრებას დედის გარეშე. დღეს კი პოსტი მამას მიუძღვნა, რომელიც მარტო დარჩა და ამ მარტოობის დასაძლევად ძირითად დროს სამსახურში ატარებს.
„მამაჩემი მარტო დარჩა.
ერთი წელი არ შესრულებულა, რაც მარტოა.
29 ივლისს შეასრულებს პირველ წრეს.
ბავშვობაში, როცა ადამიანის შეუძლოდ და მითუმეტეს, სიკვდილის პირასყოფნა ისე მაშინებდა, გული თავიდან ფეხებამდე დახტოდა ხოლმე, ბევრი მინახავს მისი ხელით ამ ქვეყნად, უკან მობრუნებული.
29 ივლისი იყო ის დღე, გამთენიისას თვალებდასიებული რომ მომიახლოვდა და მითხრა: „ვერ ვუშველე, წამიერად მოხდა".
მას შემდეგ, როცა არ უნდა დაურეკო, მამაჩემი სულ მორიგეა - ალბათ მუშაობისას ივიწყებს იმას, რომ სახლში აღარავინაა.
იმ ბინაში, სადაც გავიზარდე და ადამიანი გავხდი, ვეღარ მივდივარ. ჰა-ჰა 15 წუთს გავჩერდე და გამოვრბივარ, მაგრამ 15 წუთი რათ უნდა იმის დანახვას, რომ მანანას ფოტოსთან შოკოლადებთან ერათად ჩემი წიგნი დაუდია. იცის, დიდხანს ელოდა მანჩო.
- გადასაფარებლები გიყიდეთ - დამირეკა ამასწინათ.
- მამა, მეათე გადასაფარებელს მატან უკვე, სად წავიღო ამდენი გადასაფარებელი?
- რა ვიცი, ხო აცივდება.
ჟოზე სარამაგუ ამბობს, რომ მონატრებისას ხერხემალში სიცივეს გრძნობ და ალბათ მამაჩემსაც ეგ ყინვა უელავს ზურგში. მაგიტომაცაა გადასაფარელბლებს რომ ყიდულობს ჩვენთვის.
- აჯაფსანდალი გავაკეთე, ხო შეჭამ? - მკითხა იმ რთული 15 წუთის განმავლობაში.
- არ მშია.
- ჩემი გაკეთებული რომაა, მაგიტომ არ გინდა?
- მშია ისე, ვჭამოთ.
ვისხედით ასე, ქვრივი და ობოლი და ვჭამდით აჯაფსანდალს ჩუმად, სიტყვის უთქმელად და უხალისოდ.
დღეს მამაჩემის დაბადების დღეა. არ უყვარს ეს დაბადების დღეები. არასოდეს უყვარდა, მაგრამ ეს დღე იმისაა, ვინმეს რამე გულწრფელად უსურვო.
მარტო დარჩა, მაგრამ მინდა, რომ მარტომ გააგრძელოს ყოფნა შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ჰო, საკუთარი თავისთვის და, რა თქმა უნდა, იმისთვის, ვის ფოტოსთანაც ყოველდღე ახალ-ახალ შოკოლადებს ალაგებს.
გილოცავ, მამაჩემო.“
თეკლა ჟვანია