თათია დოლიძისთვის ეს ზაფხული საკმაოდ დატვირთული და ახალი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ათი თვის თაიას დედაა და პატარას მთელი ზაფხული ქალაქში ვერ გააჩერებდა, შესაბამისი ადგილის ძებნა უკვე დაიწყო.
თათია დოლიძე: ფაქტობრივად, მთელი ზაფხული მუშაობა მიწევს და დიდი ხნით დასასვენებლად წასვლას ვერ ვახერხებ, მაგრამ რადგან პატარა მყავს, გამოსავალი უნდა მეპოვა. ამიტომ გადავწყვიტე, აგარაკი სადმე ახლოს ვიქირავო – წყნეთში ან წავკისში, სადაც ბავშვს ჰაერს გამოვუცვლი და თან, ყოველდღიურად სამსახურში სიარულს შევძლებ. სრულგანაკვეთიანი სამსახური ამ ეტაპზე არ მინდოდა და მხოლოდ მოქნილ გრაფიკიან პროექტებზე ვმუშაობდი, მაგრამ ახლა უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამის ხელმძღვანელად დამნიშნეს, რაც საპასუხისმგებლო, მაგრამ ძალიან კარგი ამბავია. თუმცა ეს ორი თვე ძალიან დატვირთული მექნება, რასაც ბევრ პლუსთან ერთად, თავისი მინუსები აქვს. ბავშვს ვერაფრით დავჩაგრავ და ამიტომაც ვეძებ აგარაკს სადმე ახლოს, აგვისტოში კი მთაშიც აუცილებლად წავიყვან.
– რამდენად რთული აღმოჩნდა მარტოხელა დედობა?
– მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და ისინი ძალიან მეხმარებიან, მყავს ძიძაც. ბავშვს მამა ჰყავს, მათ ურთიერთობა აქვთ და შეძლებისდაგვარად, ჯანსაღად გვაქვს ეს ურთიერთობა დალაგებული. მგონია, რომ ჩემს შვილს ამის გამო არც მომავალში ექნება დისკომფორტი. რაც შემეხება მე, ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, ჯობს, ოჯახი სრული იყოს, თუ ეს შესაძლებელია. კარგია, როცა მშობლები ყველაფერს ერთად აკეთებენ, მაგრამ თუ ამის საშუალება არაა, არც ესაა ტრაგედია. ვთვლი, რომ მარტოხელა დედები გმირები არიან. თუმცა, ჩემს თავს ნაკლებად ვგულისხმობ, რადგან მე ხელის შემწყობი გარემო მაქვს, მაგრამ ხომ არიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით "მარტოხელა დედები" – ეს ნამდვილი გმირობაა. რა თქმა უნდა, არაა კარგი ფენომენი, მაგრამ მთავარი ისაა, ბავშვი ჯანსაღ გარემოში იზრდებოდეს. თორემ ოჯახს იმიტომ არავინ ქმნის, რომ დაანგრიოს, ეს მარტივი და სასურველი მდგომარეობა არაა, მაგრამ მე ამას ტრაგიკულად არ აღვიქვამ, რადგან მყავს თაია, რომელიც საოცნებო გოგოა.
– მარტივი არაა ამ პრობლემებთან გამკლავება, საკმარისი ძალის პოვნა საკუთარ თავში.
– საკმაოდ რთულია, ძალიან ბევრია დამოკიდებული ინდივიდზე, გააჩნია, როგორ მიიღებ ახალ რეალობას. ნებისმიერი ცხოვრებისეული კრიზისი საჭიროებს საკუთარ თავთან ბევრ მუშაობას. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ბევრი ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, ორი წლის წინ დედა ისე ცუდად მყავდა, სიკვდილ-სიცოცხლეზე იყო საუბარი. ერთი თვე რეანიმაციაში გავატარეთ და გადავრჩით. ყველას აქვს ცხოვრებაში მძიმე მომენტები, რის შემდეგაც ერთნი სასოწარკვეთას მიეცემიან, მეორენი კი ხვდებიან, რომ ესაა ცხოვრება. ამ დროს მნიშვნელოვანია, ყველაფერ ცუდში, რაც თავს დაგატყდა, საკუთარი თავი არ დაადანაშაულო. არ უნდა იფიქრო, ეს იმიტომ დამემართა, რომ მე ვარ ცუდიო. მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალი. ვის მოვატყუო, რომ მარტივია? რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. თავს უნდა მოერიო, მით უმეტეს, როცა შვილი გყავს, ახალგაზრდა ხარ და ამდენი შესაძლებლობა გაქვს. უბრალოდ, საწყენი ისაა, რომ რაღაც ისე არ ვითარდება, რა მოლოდინიც გქონდა. თან, ეს უბრალო რაღაც არაა, ოჯახის დანგრევა მარტივი ვერაფრით იქნება, რადგან ემოციებთან და გრძნობებთანაა დაკავშირებული. მაგრამ არჩევანს ჩვენვე ვაკეთებთ და რადგან ეს მოხდა, ესე იგი, სხვანაირად არ გამოდიოდა, თორემ მსგავსი გადაწვეტილების მიღება არავის უხარია. დღეს, შვილიდან გამომდინარე, ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. არ ვიცი, რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, ყოფილ მეუღლესთან ვმეგობრობო. ალბათ, ეს ურთიერთობა მეგობრობის ჩარჩოშიც გადის, თუმცა მეგობრობა კიდევ სხვა რამეს მოიაზრებს. ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომლებიც ერთ დროს წყვილს წარმოადგენდა, მეგობრობა კი მე ცოტა სხვანაირად წარმომიდგენია. თუ ის იგულისხმება, რომ მისთვის ცუდი არ მინდა და შვილის სახით უდიდესი საერთო ინტერესი გვაქვს, მაშინ – კი.
წაიკითხეთ სრულად
ვინ არის თათია დოლიძე, რომლის გაეროში გამოსვლამ ყველა აღაფრთოვანა? - მოდელობიდან დიპლომატობამდე
როგორ გამოიყურება 8 თვის ორსული თათია დოლიძე (ფოტოები)