ამ "განსაცდელმა" არ შეგაშინოთ, უბრალოდ ეცადეთ, რომ ყველაფერზე სწორი რექცია გქონდეთ ჯიუტი, მავნე, მოუსვენარი, უჭმელი, ცელქი და ჭირვეული - ადრე თუ გვიან თქვენი პატარა ყველა ამ "ამპლუას" მოსინჯავს და ახალ "ვერსიებსაც" დაამატებს. ამ "განსაცდელმა" არ შეგაშინოთ, უბრალოდ ეცადეთ, რომ ყველაფერზე სწორი რექცია გქონდეთ.
ბავშვი წინასწარ არ გეგმავს, ახლა ვიტირებო, ყველაფერი სპონტანურად ხდება. მაგრამ სამაგიეროდ, კარგად ხვდება კავშირს თავის საქციელსა და დედის რეაქციას შორის. სწორედ დედის რეაქციაზეა დამოკიდებული, ბავშვი თავზე დაგაჯდებათ თუ პატარა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი კონფლიქტების გარეშე ჩაივლის.
...არ ესმის
ოტოლარინგოლოგებს ხშირად მიმართავენ ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მშობლები. როგორც წესი, ავადმყოფობა ცრუ განგაში აღმოჩნდება ხოლმე. უბრალოდ, ბავშვი ზედმეტ მითითებებსა და ბრძანებებს აღარ აღიქვამს. იქნებ ცოტა შეამციროთ განკარგულებები? რა აზრი აქვს დილიდან საღამომდე ერთსა და იმავეს ძახილს, როცა ბავშვი მაინც არ გიჯერებთ. ამიტომ ყველა წვრილმანზე ვაივიშს ნუ ატეხთ. თუ მის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ეხება საქმე, რა თქმა უნდა, შეუვალი იყავით. ერთხელ ნათქვამი არ გაიგონა? არ არის საჭირო ხმის აწევა და იგივეს უფრო დაჟინებით გამეორება. მიდით პატარასთან, მხარზე ხელი დაადეთ, თვალებში ჩახედეთ და თხოვნა გაუმეორეთ. შედეგი აუცილებად გექნებათ. შეიძლება პირველ ცდაზევე არა, მაგრამ თუ ყოველთვის თანმიმევრული იქნებით და მითითებებს ზომიერად გასცემთ, პატარას სიჯიუტეც თანდათან შერბილდება.
...ჩხუბობს
გამწარებული ჩხუბისა და მუშტების ქნევის დროს ბავშვი ძლიერ და ზოგჯერ მტანჯველ გრძნობას განიცდის: დაძაბულია ან ნაწყენი, ან რაღაცის დამტკიცებას ცდილობს. ასე გამოხატავს თავის უფლებას, რომ მოიპოვოს სათამაშო, ყურადღება ან პატივისცემა.
აუცილებლად დაუკვირდით და დაადგინეთ ჩხუბის მიზეზი. თუ საჭიროა, სპეციალისტიც დაიხმარეთ. გაარკვიეთ, რატომ სჭირდება ჩხუბი, ამით პრობლემის გადასებსაც მიაგნებთ. შეგიძლიათ დასაჯოთ კიდეც ჩხუბის გამო, ოღონდ უნდა გააგებინოთ, ისჯება არა იმიტომ, რომ ცუდი ბავშვია, არამედ ცუდი საქციელის გამო.
...დანაშაულის სხვაზე გადაბრალება
"მე არ გამიფუჭებია, შენ გატეხე" - გეუბნებათ პატარა და თან უტიფრად ტყუის. მიზეზი? სასჯელის ეშინია, თუმცა თავის ბრალეულობას ვერ ხედავს, უბრალოდ იცის, რომ დედა ძალიან გაბრაზებულია და შეიძლება დასაჯონ. ამ დროს ნუ გაუბრაზდებით, თუმცა აგრძნობინეთ, რომ უკმაყოფილო ხართ და მეორედ ასე არ უნდა მოიქცეს. დამტვრეულ ნივთს კი ძალიანაც ნუ "გადაყვებით". ნივთია ბოლო-ბოლო.