თავის ტვინის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შესაბამისი კვება. ეს საკითხი განსაკუთრებით საყურდღებოა მცირე ასაკში. რა პროდუქტები უნდა მიიღონ ბავშვებმა იმისათვის, რომ მათი ტვინი უფრო "მოქნილი" გახდეს და რაზე უნდა თქვან უარი, ამის შესახებ ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია ბავშვთა ნევროლოგთან, თამარ ედიბერიძესთან, ერთდ გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს:
- აღმოჩნდა, რომ ტვინის განვითარება, როგორც მოცულობით, ასევე ფუნქციურად, კვებაზეა დამოკიდებული. კვებას შეუძლია ძალიან დიდი როლი შეასრულოს კონკრეტული გენების დაჩაგვრაშიც და განვითარებაშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი კარგი გენი შეიძლება დაითრგუნოს არასაკმარისი კვების გამო ან პირიქით - გააქტიურდეს. ტვინის მოცულობის ზრდის პროცესში, განსაკუთრებით, პირველი 5 წელი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშის ორგანიზმი ადეკვატურად იყოს უზრუნველყოფილი ენერგიითა და საკვები ნივთიერებებით. რა გვაძლევს ენერგიას?- ენერგიას გვაძლევს ცილა, ცხიმი და ნახშირწყალი. ამიტომ, საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ ბავშვს მარტო ცილა უნდა მივცეთ, ან მხოლოდ ნახშირწყლოვანი პროდუქტები, მაგალითად, მაკარონი, კარტოფილი და პური და "მხოლოდ ეს უყვარს და სხვას არაფერს ჭამს" - მცდარია. რეალურად, ძალიან ხშირად, თავად ვაყვარებთ ამ პროდუქტებს და მერე გვიკვირს, რატომ უყვართ. რატომ სვამს ბავშვი კოკა-კოლას? თქვენ თუ არ გაასინჯებთ ბავშვს კოკა-კოლას, ის 1-2 წლის ასაკში თავად არ წავა მაღაზიაში და არ იყიდის. თუ სამი წლის ბავშვს შეუყვარდა კოკა-კოლა, ეს იმას ნიშნავს, რომ უფროსებმა გაასინჯეს. მათ მიუძღვით ძალიან დიდი ბრალი ამაში.
კვლევებით დადგენილია ის პროდუქტები, რომლითაც თავის ტვინი უფრო "მოქნილი გახდება". პირველ რიგში, ეს არის წყალი.
თუ ჩვენ არ გვაქვს წყლის მოხმარების სწორი ჩვევა, ტვინში ყველა მიმდინარე პროცესი დაზარალდება. ამიტომ, წყლის მიღება აუცილებელია.
დადასტურდა, რომ ნაწლავი ჩვენი მეორე ტვინია, ამიტომ როდესაც ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს კარგი აზროვნება, განწყობა და ინტელექტი, უნდა მოვიწესრიგოთ ნაწლავი და ამისთვის მაწონი კარგი საშუალებაა.
ომეგა 3-ის გამოყენება, ასაკის შესაბამისად, ტვინის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. ომეგა 3-ის წყარო შეიძლება იყოს თევზი ან ნიგოზი.
ამავე კლასიფიკაციაშია შეტანილი სხვადასხვა სახის კენკრა, განსაკუთრებით, მოცვი, მოცხარი. ასევე, თავის ტვინის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია შოკოლადი, თუმცა მხოლოდ ისეთი ტიპის შოკოლადი, რომელიც ვიცით, რომ კაკაოსგანაა დამზადებული. თუ პროდუქტში არ არის კაკაოს ცხიმი, ის შოკოლადად არ ითვლება. ყავა დამახსოვრებასა და სიფხიზლეს ხელს უწყობს ისევე, როგორც ბროკოლში არსებული ზოგიერთი ნივთიერება. სასარგებლოა ასევე სხვადასხვა სახის თესლი, მაგალითად, გოგრის, მზესუმზირის და ასე შემდეგ. კვლევებმა აჩვენა, რომ კვერცხიც ამ ჯგუფში შედის, რადგან მასში ქოლინის დიდი რაოდენობა და B ჯგუფის ვიტამინებია. აგრეთვე სოიოც.
თამარ ედიბერიძე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საკვები იმიტომ, რომ სწრაფად მზარდი ტვინისთვის აუცილებელია "საშენი მასალა". "მასალა" კი კომპლექსურია. ეს არ რის მხოლოდ ცილოვანი, მხოლოდ ცხიმოვანი ან მხოლოდ ნახშირწყლოვანი პროდუქტები. ერთი მხრივ, ტვინს ნახშირწყლების გარეშე არ შეუძლია, იმიტომ, რომ მისი მთავარი ენერგეტიკული საზრდო გლუკოზაა, მეორე მხრივ, ნეირონების სტრუქტურა, ნეირონთა შორის კავშირები, ცვეთადი დეტალების ჩანაცვლება, სწორედ ცილოვანი და ცხიმოვანი პროდუქტებითაა დატვირთული. შესაბამისად, თუ ბავშვის ორგანიზმი არ არის ბალანსირებული, ტვინს ისევე უჭირს საჭირო ინგრედიენტების შეთვისება, როგორც მათი დეფიციტის შემთხვევაში. ამიტომ, საკვების ჰარმონია არის ისევე მნიშვნელოვანი, როგორც უშუალოდ მათი შემცველობა.
მარი მალაზონია: საზიანოა ყველა რაფინირებული პროდუქტი, ყველა ცრუ კალორიის შემცველი და საკვები ნივთიერებებით ღარიბი პროდუქტი, განსაკუთრებით ტექნოლოგიურად დამუშავებული ცხიმი, ფუჭი ნახშირწყლები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არანაირ კვებით ღირებულებას არ წარმოადგენს. ამაში გზიანი სასმელიც იგულისხმება. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ იმ ოჯახებს, რომლებშიც პატარებს დიდების რიტუალებს აზიარებენ. არ არის საჭირო, თუნდაც მინიმალური რაოდენობით, მცირე ასაკის ბავშვებისათვის ალკოჰოლის დაგემოვნება. დადგენილია, რომ ადრეულ ასაკში, ალკოჰოლის, თუნდაც მინიმალური რაოდენობით მიღება, ტვინის უჯრედების გარკვეულ ნაწილს ანადგურებს, თანაც შეუქცევადად. ეს დაზიანება სხვა აქტივობით არ გადაიფარება ისევე, როგორც ენერგეტიკული სასმელებით და იმ პროდუქტებით დატვირთვა, რომელიც არ სჭირდება ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმს. ეს არის ტვირთი, რომელსაც უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ტვინისთვის, ვიდრე სიკეთე.