მშობლების ყველაზე აქტუალური შეკითხვების პასუხები გამოცდილი სტომატოლოგისგან კბილები და მასთან დაკავშირებული პრობლემები ბევრ დიდსა თუ პატარას აწუხებს. ამ თემაზე სტომატოლოგს, ნათია სამსონაშვილს ვესაუბრეთ.
- რა ასაკში ეწყებათ პატარებს კბილების ამოსვლა?
- სარძევე კბილების ამოჭრა პატარებს ეწყებათ 6-8 თვის ასაკში, ხოლო მუდმივის - 5-6 წლისას. პირველად 6-8 წლის ასაკში იცვლიან ცენტრალურ საჭრელებს, გვერდით საჭრელებს - 7-9 წლის ასაკში, ეშვების, ანუ რიგით მესამე კბილებს - 10-11 წლისანი, ხოლო პრემოლარებს, ანუ მეოთხე კბილებს - 9-12 წლის ასაკში. თუმცა, ხდება კბილების როგორც ნაადრევი, ასევე დაგვიანებითი ამოჭრა.
- ზოგ ბავშვს კბილები გვიან ამოსდის, ზოგს - ადრე. საშიშია თუ არა ეს და რაზეა დამოკიდებული?
- კბილების ნაადრევი ან ნაგვიანები ამოჭრა შეიძლება დაკავშირებული იყოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევებთან, გადატანილ ინფექციურ დაავადებებთან, ვიტამინების, კალცის ნაკლებობასთან. თუმცა, მშობლებს სანერვიულო არ აქვთ, თუ კბილის ამოჭრის ვადები 1-3 თვით სცილდება მოცემულ სტატისტიკურ ვადებს.
- პატარებს კბილები რომ უშავდებათ, ეს რისი ბრალია? მართლა ტკბილეულია "დამნაშავე"? რა აფუჭებს პატარა ასაკში კბილებს?
- ბავშვების კბილების ჩამოყალიბება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე და იგი სათავეს იღებს ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდიდან. ორსულმა ქალმა ჩანასახის პირველივე თვიდან უნდა დაიწყოს ზრუნვა მომავალი შვილის ჯანმრთელ კბილებზე. ამისთვის აუცილებელია ისეთი პროდუქტების მიღება, რომელიც მდიდარია კალცით, ფოსფორით, D ვიტამინით და სხვა. ესენია რძისა და ზღვის პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული. სარძევე კბილების ჩამოყალიბებაზე უარყოფითათ აისახება ორსულობისას გადატანილი ვირუსული დაავადებები, ხშირი ანტიბიოტიკების მიღება, ტოქსიკოზი. ეს ხელს უწყობს ნაადრევ ასაკში კბილის კარიესის განვითარებას. რაც შეეხება ტკბილეულის ბრალეულობას კარიესის განვითარებაში, იგი ნამდვილად დამნაშავეა. არა მარტო მისი ჭარბად მიღება, არამედ მისი ნარჩენების დიდხანს დაყოვნება პატარის კიჭუებზე.
- რაზე მიგვანიშნებს ბავშვებში ემალის გაყვითლება, რაც ასევე ხშირია?
- კარიესის გარდა არსებობს კბილის მაგარი ქსოვილების სხვადასხვა პათოლოგია, რომელიც ვითარდება როგორც კბილების ჩამოყალიბების პერიოდში, ასევე მისი ამოჭრის შემდგომ. თქვენი კითხვის პასუხი არის სწორედ ერთ-ერთი მათთაგანი სახელწოდებით ჰიპოპლაზია, რომელიც გამოიხატება კბილის ქსოვილების ჩამოუყალიბლებობაში. ეს არის კბილის ემალის ნაწილობრივი ან სრული არარსებობა. ჰიპოპლაზიის განვითარება დაკავშირებულია ბავშვის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან, მძიმე ინფექციურ დაავადებებთან და სხვა.
- როდიდან არის რეკომენდებული პატარების კბილებისთვის ტკბილეული და საერთოდ, როგორი კვებაა საჭირო, ჯანსაღი კბილები რომ ჰქონდეს ბავშვს?
- ნამდვილად არ არის რეკომენდირებული პატარა ასაკში ტკბილეულის მიღება. მშობლისთვის დიდი მიღწევა იქნება, თუკი ტკბილეულს ჩაანაცვლებს ხილით. ჯანსაღი კბილებისთვის აუცილებელია რძის ნაწარმი, რომელიც დიდად არ უყვართ ჩვენს პატარებს, მაგრამ ყველანაირად უნდა შევეცადოთ თითო-თითო ულუფად, თამათ-თამაშით, როგორმე შევუვსოთ დღის რაციონი.
- ხშირად მშობლები ბავშვებს კბილს თავად უღებენ. მაგალითად ძაფის კბილზე მობმის მეთოდი ძალიან გავრცელებულია. რამდენად მისაღებია ეს?
- ერთი შეხედვით მორყეული და ძალიან მარტივად ამოსაღები კბილი შეიძლება შემდგომი გართულებების მიზეზი გახდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სახლში არ გვაქვს ის ანტისეპტიკური გარემო, რომელიც აქვთ შესაბამისს კლინიკებს. გამოგიტყდებით და მე ვეკუთვნი იმ თაობას, როცა ასე, ვითომ სახალისოდ ხუმრობა-ხუმრობაში იღებდნენ კარის მოჯახუნებით კბილებს. მერწმუნეთ, ეს ბევრად მტკივნეულია თქვენი პატარებისთვის, ვიდრე სტომატოლოგთან ვიზიტი, თანაც, მშობელმა ზუსტად არ იცის, რა დროს არის კბილი ამოღების სტადიაში და ასევე არსებობს საფრთხე, კბილის რაიმე ნატეხი დარჩეს ღრძილში.
- ხშირად ხდება, რომ ბავშვებს ერღვევათ თანკბილვა, მოცვლილი კბილები არასწორად ამოდის. რა იწვევს ამ პრობლემას და არის თუ არა საჭირო ჩარევა ამოსვლის პროცესში?
- ძალიან ხშირია ბავშვებში თანკბილვის დარღვევა. განსაკუთრებით მინდა ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზზე გავამახვილო ყურადღება. მშობლებში არსებობს გავრცელებული მცდარი შეხედულება სარძევე კბილებზე, რომ სარძევე კბილები მოსაცვლელია და არ საჭიროებს მკურნალობას. ტკივილის შემთხვევაში ნაადრევად უღებენ კბილებს. ამის გამო მუდმივ კბილს ეძლევა დიდი თავისუფალი სივრცე და ისიც შესაბამისად ამოდის უკონტროლოდ, რკალს გარეთ. შეიძლება მშობელმა ყველაფერი აკონტროლოს,მაგრამ გენეტიკური ფაქტორი საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდეს. ასევე, უამრავი მიზეზიდან მნიშვნელოვანია მავნე ჩვევები, როგორიცაა თითისა და მატყუარას ხანგრძლივად წოვა, არასწორი სუნთქვა, ყლაპვა და ა.შ.რაც შეეხება კბილების ამოსვლის პროცესში ჩარევას, დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, რათა განისაზღვროს მისთვის ოპტიმალური მკურნალობა - ეს იქნება მოსახსნელი ფირფიტა თუ ბრეკეტები.
- რომელ ასაკამდეა შესაძლებელი თანკბილვის დარღვევის გასწორება და რამდენად ეფექტურია ბრეკეტები?
- ორთოდონტისთვის პაციენტის ასაკს მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა მოზრდილებში მკურნალობის პროცესი უფრო რთული და ხანგრძლივია. ბრეკეტებით მკურნალობა ნამდვილად ეფექტურია. მისი წყალობით რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს პაციენტის ერთ დროს უხერხული ღიმილი.
- როდის უნდა მიმართოს მშობელმა სტომატოლოგს?
- სტომატოლოგტან ვიზიტი პატარებისთვის არც თუ ისე სასიამოვნოა. ჩემი რჩევა იქნება, პატარა ასაკიდანვე შეაჩვიოთ ბავშვი სტომატოლოგთან ურთიერთობას. ოღონდ ეს ვიზიტები უნდა იყოს ძალიან სახალისო, გასართობი, რათა ბავშვი დაიტვირთოს დადებითი შთაბეჭდილებებით. თქვენი პატარა სტომატოლოგს კბილის ატკივებამდე უნდა იცნობდეს, შემდგომი კომუნიკაციისთვის.
- რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა კბილების გახეხვა და რამდენჯერ უნდა გაიხეხოს დღეში, ასაკის მიხედვით?
- მცირე ასაკის ბავშვებს არ აქვთ საკმარისი უნარ-ჩვევები, რათა დამოუკიდებლად იხეხონ კბილები, ამიტომ მშობლების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. წლი-ნახევარიდან, ორი წლიდან უნდა მიაჩვიოთ ბავშვები კბილების გახეხვას. შეეცადეთ ეს პროცესი გადაუქციოთ ბავშვს დილის თამაშად. ეცადეთ მასთან ერთად შეიძინოთ მისი ასაკისთვის განკუთვნილი კბილის ჯაგრისი და პასტა. მიაღებინეთ მონაწილეობა მის არჩევაში, მოვლაში და შენახვაში. ნელ-ნელა აუცილებელი გახადეთ დილის თამაშების გაგრძელება ძილის წინ.
- კიდევ რას ურჩევთ მშობლებს?
- როგორც სტომატოლოგი და მშობელი გირჩევთ, მეტი გაგებით მოეკიდოთ თქვენი შვილების კბილების ჯანმრთელობას, პატარაობიდანვე შთაუნერგეთ კბილების გაფრთხილება და მოვლა. შეეცადეთ აქედანვე მოუხსნათ ის შიში და კომპლექსი, რაც შემდგომში სტომატოლთან ვიზიტს მოყვება ხოლმე. გისურვებთ წარმატებებს, ღიმილიანი და ბედნიერი შვილების დედობას.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე