რატომ არჩევენ მშობლები შვილებს და რა მომავალი ელით "დაჩაგრულებს“ მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, მშობელმა თავის შვილებს თანაბრად გაუნაწილოს სითბო, სიყვარული და ყურადღება. აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც არ აღმოჩნდნენ მშობლების "ფავორიტთა" რიცხვში, შემდგომში უფრო ხშირად ჰქონდათ პრობლემები ალკოჰოლურ, ნარკოდამოკიდებულებასთან, ფსიქიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ამერიკელმა მეცნიერებმა მშობლებს მოუწოდეს, არ გადაამეტონ ერთი რომელიმე შვილის სიყვარულში და არ დაჩაგრონ ამ მხრივ მეორე შვილი, როგორიც არ უნდა იყოს ის.
იმ ბავშვებს, რომლებსაც დედა და მამა ნაკლები ყურადღებითა და სითბოთი ეპყრობიან, ან მუდმივად ამცირებენ და აკრიტიკებენ, "წარჩინებული" რჩეული შვილის ფონზე, მეტი შანსი აქვთ, რომ ზრდასრულ ცხოვრებაში უიღბლოებად იქცნენ და ბევრი პრობლემაც შეექმნათ. დაჩაგრული შვილები გაცილებით უფრო ხშირად ემორჩილებიან მავნე ჩვევებს და ნაკლებ მოტივირებულნი არიან წარმატებისთვის.
არადა, მანამდე მეცნიერებმა ისიც დაამტკიცეს, რომ თურმე ერთნაირად ბავშვების სიყვარული არც ისე ადვილი და ხშირად შეუძლებელიც კია. ოჯახების უმრავლესობაში მშობლებს შვილები ერთნაირად არ უყვართ, ან ყოველ შემთხვევაში, ერთნაირად არ გამოხატავენ.
ექსპერიმენტიც კი ჩატარდა და დადასტურდა, რომ დედების 65% და მამების 70% ყოველთვის გამოარჩევს ხოლმე ერთ რომელიმე შვილს (გარეგნული მონაცემების, ნიჭიერების თუ სხვა უპირატესობის გამო) და მას მეტი ყურადღებით ანებივრებს. ამას, როგორც წესი, მშობლები არ აღიარებენ, თუმცა რეალურად ასე ხდება ან ასე ჩანს. რჩეული სამაგალითოდ ჰყავთ, მეტად ანებივრებენ საჩუქრებით, კომპლიმენტებით, ყურადღებით, "დაჩაგრულს" კი იშვიათად ერგება მსგავსი წახალისება. როგორც წესი, ამას ყოვეთვის ხვდებიან პატარები და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა უკვე ზრდასრულ ასაკში "წამოუძახებიათ" კიდეც მშობლებისთვის, თავის დროზე როგორ დაჩაგრეს. ან ისეც ყოფილა (და ასეთი რამე საკმაოდ ხშირია თურმე), რომ დაჩაგრული შვილი მშობელს მეტად გამოდგომია ცხოვრებაში, ვიდრე ნებიერა.
რაც არ უნდა იყოს, მშობლებს ურჩევენ, მეტი ყურადღება მიაქციონ საკუთარ ქმედებებს, სიტყვებს და მაქსიმალურად შეძლონ სიყვარულისა და ყურადღების განაწილება.