მშობლები ცდილობენ ბავშვებს შეურჩიონ ისეთი სათამაშო, რომელიც მათი პატარებისთვის სახალისოც იქნება და სასარგებლოც. ყველამ ვიცით, რომ სათამაშო ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ხშირად უსარგებლო, და უფრო მეტიც, მავნეა ბავშვებისთვის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მეტი ინფორმაცია ჩვენს გარშემო არსებულ საბავშვო პროდუქციაზე.
ამჯერად გვსურს გიამბოთ კინეტიკურ ქვიშაზე, რომელიც ბოლო დროს ძალიან აქტუალური და ტრენდულია ბავშვებში და ბაზარზე მრავალი სახეობაა წარმოდგენილი. საინტერესოა, რა დატვირთვა აქვს, რამდენად საჭირო და სასარგებლოა ბავშვისთვის.
სარგებლობა
პირველ რიგში, კინეტიკური ქვიშა ძერწვის უნარებს ავითარებს, ძერწვა კი ბავშვის შემეცნებითი განვითარებისთვის არის კარგი, მოტორიკისთვის, წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარისთვის. გარდა ამისა, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ქვიშა ბავშვებისთვის დამამშვიდებელი და სასიამოვნო გასართობია.
შერჩევა
ფერადი, ლამაზი ქვიშა, რომლითაც ფორმების გამოძერწვა შეიძლება, ძალიან სახალისო პროცესია ნებისმიერი ბავშვისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, ხარისხს და პროდუქტის მწარმოებლის სანდოობას ამ შემთხვევაშიც უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა ეს პროდუქტი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, მცენარეული ზეთით, ქვიშითა და ფერებით გაჯერებული, არ შეიცავდეს ტოქსინებს და უსაფრთხო იყოს ბავშვებისთვის.