"გუშინ 86 წლის გურგენა პაპამ თქვა, რომ მისთვის დაუვიწყარი დღე იყო...” - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც ემოციური კადრები გადაიღო - მშობლები

"გუშინ 86 წლის გურგენა პაპამ თქვა, რომ მისთვის დაუვიწყარი დღე იყო...” - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც ემოციური კადრები გადაიღო

2019-08-06 09:22:12+04:00

86 წლის გურგენა პაპას ისტორიამ ძალიან ბევრი ადამიანი დააფიქრა და გაახსენა საკუთარი ბებია და ბაბუა. პაპას ზღვის ნახვა უნდოდა და ამიტომ შვილიშვილმა, დავით ზურაბაშვილმა, წაიყვანა და ოცნება აუხდინა. ეს კადრები კი ფოტოგრაფმა, ზაქარია ჭელიძემ, დააფიქსირა.

altგურგენა პაპას შვილიშვილმა ოცნება აუსრულა და ზღვა ანახა - საოცარი ფოტოები

ისტორია სევდიანი და ნოსტალგიურია, ამიტომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ზაქარია ჭელიძე უკვე 4 წელია, პროფესიონალურად იღებს ფოტოებს. ის ამ ისტორიასა და საკუთარ ემოციებს იხსენებს:

- ჩემმა მეგობარმა მომიყვა ისტორია, რომ პაპას, რომელიც კახეთში ცხოვრობს, ზღვის ნახვა უნდოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, მისთვის ეს ოცნება აესრულებინა. მეც დასავლეთში ვიყავი, მითხრა, რომ მოდიოდა და წავყევი. რეალურად, არაფერი წინასწარ არ გამითვლია, უბრალოდ გადავიღე ეს ფოტოები. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო თავად ისტორია. საქართველო პატარაა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უნახავთ მთა, ზღვა და ასე შემდეგ. მით უფრო, როცა ისტორია ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ეხება, ამბავი უფრო ემოციურია. ისე გარბის დრო და ისე ვიზრდებით, რომ ძალიან ბევრი რაღაც უყურადღებოდ გვრჩება. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ძალიან მნიშვნელოვან წამებს ვუშვებთ ჩვენი ცხოვრებიდან. ამიტომ, ვაჩუქოთ უფრო მეტი სიყვარული, გადავუხადოთ ის ამაგი, რაც ჩვენზე აქვთ, უფრო ხშირად გაგვახსენდეს და ვიფიქროთ მათზე. იმიტომ, რომ შეიძლება ეს წამი აღარასდროს დაბრუნდეს. ვფიქრობ, დასაფასებელია, რაც ჩემმა მეგობარმა გააკეთა. თუ უფრო მეტ დროს დავუთმობთ და უფრო ხშირად ვნახავთ, მოვეფერებით, ძალიან კარგი იქნება იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მათ ეს სჭირდებათ. გუშინ, გურგენა პაპამ თქვა, რომ მისთვის დაუვიწყარი დღე იყო. ეს სიტყვები მან 86 წლის ასაკში თქვა და მგონია, ამით ყველაფერია ნათქვამი.

mshoblebi
ზაქარია ჭელიძე

- ადამიანურ ისტორიებს ხშირად იღებთ?

- მე ქუჩის ფოტოგრაფად ვითვლები. დოკუმენტალისტი ვარ და ძირითადად, რისი გადაღებაც ძალიან მიყვარს, ეს არის ადამიანური, გულწრფელი ემოციები. სოციალურმა ქსელმა თითქოს ჩაანაცვლა და გააცივა ურთიერთობები, თითქოს ადამიანები გაცივდნენ, მაგრამ, ასე არ არის. თუ გავალთ ქუჩაში, თუნდაც ორი საათი, ვიჯდებით და დავაკვირდებით ადამიანებს, ვნახავთ, რომ ისევ ის სიყვარული, ემოცია და მეგობრობა არსებობს, უბრალოდ სოციალურ ქსელში ეს კიდევ უფრო სხვანაირად აღიქმება. აქედან გამომდინარე, ალბათ ამანაც განაპირობა ამ ისტორიის პოპულარულობა. თითქოს არაფერია განსაკუთრებული, შვილიშვილი წავიდა პაპასთან ერთად, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ დაინახა თავისი თავი და მოენატრა საკუთარი ბებია და ბაბუა.

mshoblebi

- რა იქნება თქვენი მთავარი მიმართვა ადამიანებისადმი, რომლებმაც, თუნდაც ამ ისტორიის შემდეგ, ნოსტალგიურად გაიხსენეს საკუთარი ბებია და პაპა?

- დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და ვიცი, რას ნიშნავს, როცა ეს ყველაფერი გენატრება და ისიც ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ეს ადამიანები შენს გვერდით აღარ არიან. თუ გვაქვს ამის შესაძლებლობა, მეტი სითბო და სიყვარული ვაჩუქოთ, დავუთმოთ თვეში რამდენიმე დღე იმიტომ, რომ ეს მათთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის დღეებია, რომლებსაც უკან ვერ დავაბრუნებთ.

mshoblebi

თამარ იაკობაშვილი