გიორგი ბერიძე ბორჯომში დაიბადა, თუმცა დიდი ხანია რუსეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სკოლაც და უნივერსიტეტიც იქ დაასრულა და ახლა 28 წლის იურისტი მოსკოვში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობს. ჩვენი დაინტერესება კი მისი სიყვარულის ამბავმა გამოიწვია - გიორგიმ ცოლად ჩერქეზი გოგონა, ლუიზა ახეჯაკი მოიყვანა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. გიორგის დედა, ვენერა ჩხეტიანი გვიამბობს მათ ამბავს:
- დიდი ხანია რუსეთში ვცხოვრობთ, თუმცა ძალიან გვინდა საქართველოში დაბრუნება. ჩემი ვაჟიც 28 წლისაა და რძალიც. ლუიზა კრასნოდარში ცხოვრობს. პროფესიით ეკონომისტია, თუმცა ახლა არ მუშაობს.
- როგორ გაიცნეს ერთმანეთი?
- ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს. რამდენიმე თვე ხვდებოდნენ და შემდეგ გადაწყვიტეს, შეუღლებულიყვნენ. ჩვენ ძალიან გაგვიხარდა იმიტომ, რომ საოცრად კარგი გოგონაა. კრასნოდარის ყოფილი ვიცე გუბერნატორის შვილია, თუმცა მამა უკვე 9 წელია გარდაეცვალა. მამამისი, მურად ახეჯაკი ცნობილი პოლიტიკოსი იყო და მისი სახელობის ქუჩაცაა კრასნოდარში.
- თქვენმა რძალმა შეიცვალა რელიგია, მოინათლა და მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება. როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება მისმა ოჯახის წევრებმა?
- რამდენიმე დღის წინ მოინათლა სამების საკათედრო ტაძარში. დედა ჰყავს ქრისტიანი, მამა კი მუსლიმი იყო. თუმცა, მას დაუბარებია, რომ რომელი რელიგიის წარმომადგენელსაც გაჰყვება ჩემი შვილი, ის რელიგია უნდა მიიღოსო. ჩვენ არ შეგვითავაზებია მათთვის, რომ სარწმუნოება შეეცვალა და მონათლულიყო, ეს ლუიზას გადაწყვეტილება იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდა.
- სამომავლოდ, რას ფიქრობთ, დარჩებით საქართველოში?
- არ ვიცი, სად გადაწყვეტენ ცხოვრებას. ძალიან გვინდა, რომ საქართველოში დავბრუნდეთ და აქ ვიცხოვროთ. ჩვენი რძალიც თანახმაა, ძალიან მოსწონს აქაურობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ საქართველოს მოქალაქეობა არ გვაქვს. არც ჩემს შვილს აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომშია დაბადებული. ორჯერ შევიტანეთ განაცხადი და ორჯერვე უარი გვითხრეს. მიზეზს არ გვისახელებენ. ამიტომ, ალბათ რუსეთში იცხოვრებენ, მაგრამ ჩემი შვილი გაზრდილია ქართულ ტრადიციებზე და ვიცი, რომ კარგ ქართულ ოჯახს შექმნის. ვეცდები, რომ ჩემმა შვილიშვილებმა იცოდნენ ქართული. ჩემი რძალიც არაჩვეულებრივი ადამიანია და ვიცი, ქართული სულისკვეთებით აღზრდის შვილებს.
- თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, ეს რა ემოციაა?
- ძალიან ტოლერანტული ადამიანი ვარ და ყველა ეროვნების გოგონას მივიღებდი, ვინც ჩემს შვილს შეუყვარდებოდა. ლუიზა სიყვარულით მოიყვანა გიორგიმ. ჩემთვის მთავარია პიროვნება. ადამიანი ადამიანია მიუხედავად ეროვნებისა და აღმსარებლობის. გამიმართლა, რომ ჩემი რძალი არაჩვეულებრივი გოგონაა ყველაფრით.
- რატომ გადაწყვიტეს, რომ ქორწილი საქართველოში გადაეხადათ?
- ჩემს შვილს ძალიან უყვარს საქართველო და ვინც არ უნდა მოეყვანა, ქორწილი საქართველოში უნდა გადაგვეხადა. ჩემს რძალსაც ძალიან გაუხარდა. შარშან დედასთან და ძმასთან ერთად იყო ჩამოსული და აღტაცებული დარჩა. იმოგზაურეს საქართველოში. და-ძმა ცეკვავს და სუხიშვილებზე არიან შეყვარებულები. ამიტომ, გოგონა დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა. შერეული ქორწილი იყო, ჩამოვიდა უამრავი სტუმარი და იყო როგორც ქართული ცეკვა და სიმღერები, ასევე ჩერქეზული. ქორილი აჩი ფურცელაძეს მიჰყვდა. ვალერი მელაძე კი სპეციალური სტუმარი იყო.
თამარ იაკობაშვილი