ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს დიდი წარდგენა არ სჭირდება. სოფო კილაძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, ძალიან აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი საჯარო საქმიანობა ყველასთვის თვალსაჩინოა. თუმცა ყოველთვის საინტერესოა ახალგაზრდა, წარმატებული ქალის ცხოვრების გზა, რომელმაც განათლების მისაღებად საზღვარგარეთ ძალიან რთული გზა გაიარა და კარიერაც აიწყო. ამის მიუხედავად, ყველაფერი მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა. 24 წლის ასაკში უკვე ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის პროექტზე მუშაობდა. 28 წლის ასაკში შს სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი იყო, 30 წლის კი შს აკადემიის პრორექტორი, 2011 წლიდან კითხულობს ლექციებს, არის არაერთი საკანონმდებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი. რა პიროვნული თვისებები დაეხმარა წარმატებაში, რას უფასებს მშობლებს ყველაზე მეტად და როგორია სინამდვილეში პარლამენტარ სოფო კილაძის ცხოვრება - ამის შესახებ ის თავად გვესაუბრება.
- საკმაოდ ადრეულ ასაკში საპასუხისმგებლო თანამდებობები გეკავათ. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ბევრი რამ მოასწარით. ბავშვობიდანვე მიზანდასახული იყავით?
- დიახ, ბავშვობიდანვე ძალიან მიზანდასახული ვიყავი. ამაში ალბათ ზოდიაქოც მიწყობს ხელს, თხის რქა ვარ. ყოველთვის ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მესწავლა, მეტი წიგნი წამეკითხა. სკოლაში ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი. ტექნიკური საგნებიც ძალიან მიყვარდა. ნამდვილად მინდოდა და მომწონდა კარგად სწავლა, ცოდნის მიღება. გერმანიაში პირველ რიგში სწორედ კარგი განათლების მისაღებად წავედი, მაგრამ ასევე მინდოდა საკუთარი ძალები მომესინჯა. ჩვეულებრივი ქუთაისური ოჯახიდან გახლავართ და აქ გამიჭირდებოდა დამოუკიდებლობის მიღწევა.
- მშობლები რამდენად იყვნენ ჩართულნი თქვენს განათლებაში?
- მგონია, რომ ჩემმა მშობლებმა ყველაზე მთავარი რამ მომცეს - მიდგომა, რაზეც შემდეგ უნდა დააშენო შენი მომავალი. ჩემი მშობლები არ იყვნენ არასდროს მკაცრები, ისინი უბრალოდ მოტივაციას მაძლევდნენ და ხელს მიწყობდნენ. დანარჩენს თავად ვაკეთებდი. ჩემს ოჯახში ყოველთვის იცოდნენ წიგნისა და წესიერების ფასი. ამ ორმა რაღაცამ დიდი ბიძგი და მოტივაცია მომცა ცხოვრებაში. მგონია, რომ ჩემს მშობლებს სწორი მიდგომა ჰქონდათ და იმავეს ვცდილობ გავაკეთო ჩემს შვილთან მიმართებაშიც.
- სკოლა ახალი დამთავრებული გქონდათ, როცა გერმანიაში წახვედით. ასეთ ახალგაზრდა ასაკში არ გაგიჭირდათ უცხო ქვეყანაში მარტოობა?
- ნამდვილად არ იყო ია-ვარდით მოფენილი გზა. თავიდან ძიძად წავედი, რადგან გერმანული არ ვიცოდი. მხოლოდ ინგლისურად და რუსულად ვსაუბრობდი. ერთი წელიწადი ოჯახში ვიმუშავე. 4 წლის ბავშვს ვუვლიდი და ამ ოჯახთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. რომ ამბობენ, გერმანელები ცივი ხალხიაო, ჩემს შემთხვევაში პირიქით მოხდა. ის ადამიანები, რომლებთანაც ვმუშაობდი, გვერდით დამიდგნენ და ყველაფერში დამეხმარნენ. ერთ წელში იმდენი მოვახერხე, რომ ენაც საფუძვლიანად შევისწავლე. სხვათა შორის, თავად ვისწავლე, დამოუკიდებლად ისევე, როგორც მანამდე ინგლისური და რუსული. დღე ვმუშაობდი და ღამე ვსწავლობდი, შაბათ-კვირასაც სწავლისთვის ვიყენებდი. ერთ წელიწადში ჩავაბარე უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ამის მერე უფრო რთული პერიოდი დაიწყო. ენა ახალი ნასწავლი მქონდა, გერმანული იურიდიული ენის გაგება კი გერმანელებსაც უჭირთ, არათუ უცხოელებს. ვუყურებდი, როგორ იჭრებოდა სახელმწიფო გამოცდებზე უფროსკურსელების 30-40 პროცენტი და ამით სრულდებოდა მათი კარიერა. ემოციურად ძალიან რთული იყო ამის ყურება. სახელმწიფო გამოცდაზე ჩაჭრა იურიდიული კარიერის დასასრულია, მეორე შანსი აღარ გექნება, დიდი რისკია, რომ ან დაამთავრებ, ან ვერა და სტუდენტობის რთულ წლებს წყალში გადაყრი. თავდაუზოგავი შრომით შევძელი უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება.
- მატერიალური დახმარება არ გჭირდებოდათ?
- ჩემს ოჯახს საქართველოდან არ ჰქონდა ჩემი რჩენის შესაძლებლობა, თავად მიწევდა მუშაობა და ყველა ხარჯის დაფარვა. დღე ლექციებზე დავდიოდი, საღამოს და შაბათ-კვირას ვმუშაობდი, ხანდახან ლექციებზეც ვერ მივდიოდი სამსახურის გამო. ძიძაც ვყოფილვარ, ჭურჭლის მრეცხავიც, ოფიციანტიც, ფაბრიკაშიც ვიმუშავე არდადეგების პერიოდში. არც ერთ სამსახურს არ ვთაკილობდი და დღესაც მგონია, თითოეული ადამიანი, ვინც ღირსეულად და პატიოსნად შრომობს, დასაფასებელია. შრომა არავის აკნინებს...
- ფიზიკურ დატვირთვას სახლში მიჩვეული იყავით? თუნდაც საოჯახო საქმეების დონეზე...
- არ ვიყავი მიჩვეული სახლის საქმეს. ძირითადად, დედა და ბებია საქმიანობდნენ, მე მაინც სწავლითა და განათლებით ვიყავი დაკავებული, მაგრამ როცა დამჭირდა, ჩემში ეს ძალა ვიპოვე. დედისა და ბებიის გვერდით ცხოვრებამ, როგორც ჩანს, მაინც მასწავლა ბევრი რამ და ახლა დიასახლისობა და საჭმლის კეთებაც კარგად გამომდის. სამწუხაროა, რომ ამისი დრო ხშირად არ მრჩება. დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებ. ყველა დამლაგებელს ვიცნობ, იმიტომ, რომ ადრიანად მივდივარ იქ და ხშირად ჩემს თანაშემწეებზე გვიან ვბრუნდები. ჟურნალისტებმაც იციან, რომ ყველაზე გვიანი ჩართვისთვისაც კი ჰყავთ რესპონდენტი ჩემი სახით. იციან, რომ "სოფო მაინც დახვდებათ" (
იცინის).
- გერმანიაში არა მხოლოდ სწავლამ, მუშაობამაც მოგიწიათ. როგორი იყო დასაქმებული ადამიანის ცხოვრება იქ?
- მუშაობა დავიწყე მაქს პლანკის ინსტიტუტში. ვაკანსია გამოცხადდა და გასაუბრებაზე გავედი. დაახლოებით 50 ადამიანი იყო ამ ადგილის მსურველი და თითქმის არ მქონდა იმედი. საბედნიეროდ, ჩემს სასარგებლოდ იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ საერთაშორისო სამართალში, რასაც ეხებოდა ეს ვაკანსია, უმაღლესი ქულები მქონდა, რაც იშვიათია ხოლმე. იმოქმედა ინგლისურის კარგად ცოდნამაც. მოკლედ, იმ ვაკანსიაზე ამიყვანეს, თვალებს ვერ ვუჯერებდი, პასუხი რომ მომივიდა. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, გავეცანი, როგორ ფუნქციონირებდა გერმანული სისტემა. ვმუშაობდი SAP-ში, იურიდიულ განყოფილებაში და შემდეგ უკვე გადავედი სამუშაოდ ბერლინში, სასამართლოში.
- შემდეგ მიატოვეთ ყველაფერი და საქართველოში დაბრუნდით?
- მაშინვე არ მიმიტოვებია. შვებულებით ჩამოვედი და აღარ დავბრუნდი. ჩემი იქაური ნივთებიც მეგობრებმა გამომიგზავნეს. გერმანიამ ძალიან ბევრი რამ მომცა, მაგრამ სამშობლო ერთია, განსაკუთრებულია და ის არ არის მხოლოდ მიწის ნაგლეჯი. ეს არის კულტურა, წარსული, სულიერება, ფესვები, ამიტომ ყოველთვის ვიცოდი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი საქართველოში. თავისუფლად შემეძლო გერმანიაში მოქალაქეობა მიმეღო, მაგრამ მაშინ საქართველოს მოქალაქეობა უნდა დამეთმო, რაც არ მოვისურვე. ჩემს ოჯახთან ყოფნა მინდოდა. ასევე მგონია, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, ვისაც რა შეუძლია. იქ ნებისმიერ დროს შემიძლია დავბრუნდე, უბრალოდ აქაურობა მიყვარს და აქ მინდა ყოფნა.
- გერმანიის შემდეგ საქართველოში მუშაობამ რა სიახლეები მოგიტანათ, რა განსხვავება იგრძენით ყველაზე მეტად?
- სხვაობა, რა თქმა უნდა, იყო. ყველაზე მეტად, რაც ხელს მიშლის მუშაობაში დღესაც, ეს არაორგანიზებულობა და ქაოსია. ქართველებს გვიჭირს დისციპლინა და წესრიგი, არადა ასეთი არაორგანიზებულობით ადამიანებიც და ქვეყანაც ბევრს კარგავს. თავად სულ ვცდილობ, რომ ყველაფერი წინასწარ მქონდეს დაგეგმილი, ვცდილობ, ყოველი წუთი გამოვიყენო, მაგრამ ჩვენთან ბოლომდე ასე არ გამოდის. ჩვენ თუ შევძლებთ, გამოვასწოროთ ჩვენი არაორგანიზებულობა, ქვეყანაში ბევრი რამ ბევრად უკეთ გამოგვივა და უფრო წინ წავალთ.
- თქვენი გარკვეული ინიციატივები თუ განცხადებები საჯარო განხილვისა და ქილიკის მიზეზი არაერთხელ გახდა. ამ დროს გაქვთ საქმისადმი პასუხისმგებლიანი და პატიოსანი მიდგომა, ხართ პროფესიონალი, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია საზოგადოების ასეთი განწყობა, სად დაუშვით შეცდომა, რომ თქვენი განცხადებები ისე ვერ მიიღეს, როგორც უნდა მიეღოთ?
- თავიდან, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი, სიმართლე გითხრათ, პოლიტიკური ინტრიგების, ჩახლართული ამბების, პიარის და მსგავსი რაღაცებისგან შორს ვიყავი. მე ვიყავი ჩემი საქმის ერთგული, ვიყავი საქმის ადამიანი, იურისტი, რომელსაც ამ სფეროში უნდა ემუშავა. საერთოდ არ ვიყავი მომზადებული პოლიტიკური ჩახლართული ამბებისთვის. ამის გამო ბევრი შეცდომა დავუშვი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ნათქვამს ვიღაცები სულ სხვა დატვირთვას მიანიჭებდნენ და ასე "შეფუთულს" წარუდგენდნენ საზოგადოებას. ამისთვისაც მზად უნდა ვყოფილიყავი.
პოლიტიკაში პროფესიული უნარების გარდა კიდევ ბევრი უნარი გჭირდება, უნდა გქონდეს ფსიქოლოგიური მდგრადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუმსახურებელი ლანძღვა-გინება, ბულინგი, ძალიან დაგაზიანებს. კარგს აკეთებ, კარგს ფიქრობ, კარგი გინდა, ამ დროს კი ვიღაც ამ ყველაფერს სხვანაირად "გადათარგმნის" და სხვანაირად მიიტანს ხალხთან. თუმცა ესეც გამოწვევაა და ამასაც უნდა გაუძლო.
- ამასობაში დაქორწინდით... ბავშვი საქართველოში გააჩინეთ?
- დიახ, საქართველოში გავაჩინე. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ოჯახი მოვარიდო ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. ჩემზე დიდი წნეხი მოდის და მინდა, ჩემი მეუღლე და შვილი ამ ყველაფერს მოვარიდო. ამიტომ არასდროს გამომყავს ბავშვი სხვადასხვა ღონისძიებაზე. არც მის ფოტოებს ვასაჯაროვებთ.
- დედობის პირველი წლები რომ გაიხსენოთ... გამოცდილება ამ მიმართულებით არ გქონდათ. როგორი იყო ეს პერიოდი?
- სამსახურებრივად დატვირთული ვიყავი, ამიტომ ბავშვის აღზრდაში ძალიან დამეხმარნენ დედაჩემი და ჩემი მეუღლის დედა. მე მგონია, საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა ბავშვისთვის. ყველაზე მთავარი, ეს არის სითბო, რომელსაც იღებს ოჯახში არა მხოლოდ მშობლებისგან, არამედ ბებია-ბაბუებისგან, ნათესავებისგან. ძალიან ვწუხვარ იმაზე, რომ ბავშვს აკლია დედისგან ყურადღება იმიტომ, რომ ბევრი მუშაობა მიწევს. მაგრამ, მეორე მხრივ ის სითბო, რასაც ოჯახისგან იღებს, არის ფასდაუდებელი, ამას ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ვერ შევხვდებით. ქართული ოჯახის ფენომენი ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ჩვენი ქვეყნისთვის და ბევრი დაბრკოლების გადალახვაშიც დაგვეხმარა. ამიტომაც, ჩემი პოლიტიკური საქმიანობის ფარგლებში ძალიან ხშირად ვაკეთებ აქცენტს ოჯახების გაძლიერებაზე.
- ბავშვი საჯარო ბაღში მიიყვანეთ. ბევრი თქვენს ადგილას ეცდებოდა, რომ კერძო ბაღი ეპოვა განსაკუთრებული სერვისებით. რატომ არ ისარგებლეთ ამით?
- გუნდი, რომლის წევრიც ვარ, მუშაობს და კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს საჯარო ბაღებისა და სკოლების გაძლიერებაზე. ამიტომ აბსოლუტურად შეგნებულად მივიღე ეს გადაწყვეტილება და ბაღის შემდეგ აუცილებლად საჯარო სკოლაში შევიყვან. მეც განათლება ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში მივიღე.
- რა მიგაჩნიათ დღეს ახალი თაობის მთავარ პრობლემად? რა არის გასაძლიერებელი, რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს?
- წლების განმავლობაში ძალიან დიდი რესურსი ჩაიდება განათლების მიმართულებით და, რა თქმა უნდა, აქ ბაღებიდან ვიწყებთ. მთელი რიგი საკითხები გავითვალისწინეთ ბავშვის უფლებების კოდექსში, რომელიც ორსულობის პერიოდიდან დაიცავს ბავშვს, რადგან დედებს ხელს შევუწყობთ ღირსეულ პირობებში აღზარდონ საკუთარი შვილები. ეს მხოლოდ შეჭირვებული ოჯახების ფინანსური დახმარება არ იქნება, კოდექსში მთელი რიგი საკითხებია, რომ ოჯახი გააძლიეროს. ჯანსაღი თაობა რომ გაიზარდოს, სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს ოჯახებს. ეს არის სისტემური რეფორმა. თუ გვინდა ქვეყანა იყოს ძლიერი, უნდა დავიწყოთ ბავშვით. სამწუხაროდ, მთელი თაობები გვყავს ტრავმირებული - ზოგი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის გამო, ზოგი სოციალური გაჭირვების გამო, ზოგი სააკაშვილის რეჟიმის გამო. თაობებმა ვერ ამოისუნთქეს წლების განმავლობაში. ახლა ვდგამთ ნაბიჯებს, რომ რაღაცნაირად ჩვენი ოჯახები გავაძლიეროთ და ის სტრესი, რაც გამოვიარეთ, ჩავაცხროთ. ბავშვის უფლებათა კოდექსს მესამე მოსმენით მივიღებთ და 2020 წლის პირველი ივნისიდან უნდა შევიდეს ძალაში. სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი სისტემა, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ გაჯანსაღდება საზოგადოება. ეს შეუძლებელია სისტემური მიდგომისა და გრძელ ვადაზე გათვლილი პროექტების გარეშე. ეს ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება და არც მე მომიტანს პოლიტიკურ დივიდენდებს, მაგრამ მირჩევნია, ჯანსაღმა ფუნდამენტურმა ცვლილებებმა ხვალ და ზეგ მოუტანოს ახალ თაობას ნამდვილი შედეგი, ვიდრე დღევანდელ პიარზე გათვლილმა სვლამ მე მომიტანოს პოლიტიკური ქულები.