საქართველოს პირველი არხის მასშტაბური პროექტი "წიგნების თარო" 12 სექტემბრიდან პირველი არხის ეთერში მეშვიდე სასკოლო და მესამე სტუდენტური სეზონებით ბრუნდება. ორიგინალური ქართული შოუ საეთერო ბადეში 2016 წელს ჩაეშვა. პროექტმა მალევე მოიპოვა უამრავი ადამიანის ნდობა, უამრავ ახალგაზრდას შეაყვარა კითხვა და მალევე დაიმკვიდრა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტის სახელი. მასში ჩართულია 600-ზე მეტი ახალგაზრდა მთელი საქართველოდან, 10 რეგიონის 120 სკოლა და 10 უმაღლესი სასწავლებელი. რაც ყველაზე მთავარია, "წიგნების თარომ" მკითხველი ახალგაზრდა და ლიტერატურა კვლავ ტრენდად აქცია.
დღეისათვის კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში 23 მონაწილე გაემგზავრა, მომდევნო ზაფხულში კი მათი რიცხვი 38-მდე გაიზრდება. როგორც პროექტის იდეის ავტორი და პროდიუსერი, ნინო კელაურიძე ამბობს, ეს პრიზი შემთხვევითი სულაც არ ყოფილა, რადგან ქალაქ კემბრიჯში ინგლისურენოვან სამყაროში სიძველით რიგით მეორე და ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტს შევხვდებით. ამ ქალაქმა გამოზარდა რეკორდული რაოდენობის, 117 ნობელის ლაურეატი. განათლება ამ ქალაქში ისეთმა მეცნიერებმა მიიღეს, როგორებიც არიან: ისააკ ნიუტონი, ფრენსის ბეკონი, ალან ტიურინგი, სტივენ ჰოკინგი, ჩარლზ დარვინი და სხვები.
„წიგნების თაროს“ მთავარი პრიზი - კემბრიჯის საზაფხულო სკოლა!
სწორედ ამ მიწაზე გაატარა დაუვიწყარი ორი კვირა გასული სეზონების ათმა გამარჯვებულმა. პროექტის მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად ეუფლებოდნენ ინგლისურ ენას და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობდნენ.
სანამ "წიგნების თარო" ეთერში ყოველ ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს დაგვიბრუნდება, მანამდე გთავაზობთ გასული სეზონების გამარჯვებულების შთაბეჭდილებებს კემბრიჯთან და კემბრიჯის საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით: